რატომ აფეთქებენ ტანკერებს?! - კვირის პალიტრა

რატომ აფეთქებენ ტანკერებს?!

13 ივნისს ომანის ყურეში ერთმანეთის მიყოლებით, ორი ტანკერი აფეთქდა. იაპონურ ტანკერს მეთანოლი გადაჰქონდა, ტაივანის მიერ დაქირავებულს კი ლიგროინი. სწორედ ამ უკანასკნელზე იმყოფებოდა ქართველი მეზღვაურიც. საბედნიეროდ, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ორივე ტანკერი ერთი ხელწერითაა აფეთქებული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი ტორპედირებული იქნა, რაც წყალქვეშა ნავის ან წყალზედა სამხედრო ხომალდის მიერ ტორპედოების გაშვებაზე მიუთითებდა, რაც თავის მხრივ სერიოზულ სამხედრო ინციდენტს ნიშნავდა - ტერორისტებს ტორპედოიანი წყალქვეშა ნავები არ ჰყავთ და ტანკერებზე თავდასხმა, მაშასადამე რომელიმე ქვეყნის საზღვაო ძალებმა განახორციელეს.

მოგვიანებით გავრცელებული, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ორივე ტანკერი სპეციალური ნაღმებითაა აფეთქებული, რომლებიც დივერსანტებმა ტანკერების კორპუსზე მალულად მიამაგრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტანკერების დანაღმვა ტერორისტულ ორგანიზაციებსაც ძალუძთ, თეთრმა სახლმა ამ დივერსიების განხორციელება პირდაპირ დააბრალა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას.

მაის მიზეზად დასახელდა ამერიკული უპილოტო მზვერავის მიერ გადაღებული ღამის ვიდეოკადრები, რომელშიც მოჩანს, რომ სავარაუდოდ, ირანული კატერი უახლოვდება აფეთქებული იაპონური ტანკერის მარჯვენა ბორტს და მეზღვაურები ხსნიან ტანკერის კორპუსზე მიმაგრებულ კიდევ ერთ ნაღმს, რომელიც არ აფეთქდა, შეიძლება ამით კვალი მოსპეს, რომ ნივთმტკიცება არ დარჩენილიყო.

ომანის ყურეში ტანკერების აფეთქების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ზუსტად ერთი თვით ადრე, 13 მაისს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კუთვნილ პორტ ფუჯეირაში ასევე დივერსიის შედეგად ორი ტანკერი ააფეთქეს. იმავე დღეს, იგივე ხელწერით საუდის არაბეთს ასევე ორი ტანკერი აუფეთქეს.

ექვსი ტანკერის აფეთქებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე მომენტალურად გააძვირა. აფეთქებული ტანკერების კორპუსებში სამ მეტრამდე დიამეტრის ნახვრეტები გაჩნდა...

ყველას მაშინვე გაახსენდა ირანის გენშტაბის უფროსის მიერ ჯერ კიდევ აპრილის თვეში გაჟღერებული დანაქადნი-თუკი ამერიკული სანქციები დაბლოკავენ ირანული ნავთობის გაყიდვას, მაშინ სხვა ქვეყნების ნავთობიც ვერ გავა ომანის ყურედანო...

ტანკერების დივერსიული აფეთქებების სერია ომანის ყურეში ძალიან შემაშფოთებელია, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭო სასწრაფოდ იკრიბება და თუკი ირანს დაუმტკიცდა ტანკერების აფეთქებაში ბრალი, მაშინ არ არის გამორიცხული სპარსეთისა და ომანის ყურეების ქვეყნებს შორის საქმე ომამდეც კი მივიდეს და ირანს საუდის არაბეთთან ერთად აშშ-ებიც იარაღით დაუპირისპირდნენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს