როგორ დაიცვას თავი ჟურნალისტმა მიტინგის დაშლისას?
22-06-2019
როგორ დაიცვას თავი ჟურნალისტმა მიტინგის დაშლისას?
ექსტრემალურ სიტუაციაში ჟურნალისტის პირადი უსაფრთხობის დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ექსკლუზიური მასალის მოპოვება...

20-21 ივნისის ღამეს თბილისის ცენტრში მიტინგის დაშლისას სამასამდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, მომიტინგეებისა და პოლიციელების გარდა ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ, რაც სრულიად ლოგიკური გახლდათ, რადგან სწორედ ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები მთელი, დაძაბული პერიპეტიების დროს, ფაქტობრივად ორ "ცეცხლ" შუა იმყოფებოდნენ და ისინი ხდებოდნენ, როგორც სპეცრაზმელების რეზინის ტყვიების, ისე მომიტინგეების ნასროლი სხვადასხვა საგნების, მათ შორის ქვების სამიზნეც...

33 დაშავებული ჟურნალისტი, ეს უკვე მეტისმეტია,
რაც პირველ რიგში მეტყველებს, როგორც ზოგიერთი ჟურნალისტისგან ელემენტარული პირადი უსაფრთხობეის წესების უგულებელყოფას, ისე ტელევიზიებისა და რედაქციების ხელმძღვანელობის ბრალს იმაში, რომ მათ ექსტრემალური სიტუაციის გასაშუქებლად ჟურნალისტები ფაქტობრივად დაუცველები გააგზავნეს.

ამ ბლოგის ავტორი მეექვსე წელია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მესამე და მეოთხე კურსის ჟურნალისტებს "ექსტრემალური ჟურნალისტიკის" კურსს
უკითხავს, რომელიც ომისა და სხვა ექსტრემალური სიტუაციების დროს ჟურნალისტის პროფესიონალური მოქმედების ნიუანსებს შეიცავს.
ამ სასწავლო კურსში ცალკეა გამოყოფილი ჟურნალისტის პირადი უსაფრთხოების დაცვა საბრძოლო მოქმედებების რაიონში, ასევე საგანგებო სიტუაციებში, იქნება ეს ბუნებრივი კატაკლიზმები თუ ტექნოგენური კატასტროფების შედეგების გაშუქება.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი მიტინგების დაშლისას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის წესების შესწავლას ვუთმობთ, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, ცრემლსადენიანი აირით "გათეთრებული" რუსთაველის პროსპექტის "აჩრდილი" მუდამ თან გვდევს...

ის, რომ 20-21 ივნისის ღამეს ამდენი ჟურნალისტი დაშავდა, ახლო მანძილიდან დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიების ბრალიცაა, მაგრამ ჟურნალისტებს სპეციალური აღჭურვილობა რომ ჰქონოდათ, თავს მეტად დაცულად იგრძნობდნენ.
თუკი ომის ჟურნალისტს აუცილებლად სჭირდება ჯავშანჟილეტი და ჯავშანჩაფხუტი (ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კამუფლირებული ან ხაკისფერი და უნდა ეწეროს "ტვ" ან "პრესა"), მაშინ მიტინგის დაშლის გამშუქებელი ჟურანალისტი "შიშველი" რატომ უნდა იყოს?

იმიტომ, რომ მიტინგზე ნამდვილ ტყვიებს არ ისვრიან? მაგრამ ახლო მანძილიდან, თანაც თავში დამიზნებული რეზინის და მით უმეტეს პლასტიკის ტყვია, ხომ არალეტარულიდან თითქმის სასიკვდილო ხდება, თანაც ღმერთმა არ ქნას თვალში მოხვდეს ვინმეს...
ან ვინ დაიცავს შუაში მდგარი ვიდეოპერატორის თავს რომელიმე აგრესიული მომიტინგის მიერ პოლიციელისთვის ნასროლი ქვისგან?
ლოგიკურია, რომ მიტინგზე, რომლის ძალისმიერი დაშლის დიდი ალბათობა არსებობს, წამსვლელი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იყვნენ აღჭურვილნი, რომელთა შეძენაზე პირველ რიგში რედაქციებისა და ტელევიზიების მეპატრონებმა უნდა იფიქრონ და ეს საშუალებები ინახებოდეს მორიგე საინფორმაციო ჯგუფების აღსაჭურვად.

თავის დასაცავად გამოდგება მსუბუქი პლასტმასის ჩაფხუტები, რომლებსაც მშენებლობებზე იყენებენ, თუმცა სახეში და განსაკუთრებით კი თვალებში რეზინის ტყვიების მოხვედრისგან დასაცავად უპრიანი იქნებოდა ამ ჩაფხუტებს ჩამოსაშვები მინის საფარი ჰქონდეს.
თუმცა ცრემლსადენი გაზისგან ვერც ეს დაგიცავს და აუცილებელია მსუბუქი აირწინაღის ქონაც. სამედიცინო პირბადე მხოლოდ სუნთქვის ორგანოებს თუ იცავს, ისიც ნაკლებად, თვალებზე კი ცრემლსადენი აირი მაინც იმოქმედებს.

სხეულზე რეზინის და მით უმეტეს პლასტიკური ტყვიის მოხვედრა ძალზე მტკივნეულია (ამ ბლოგის ავტორის კისერს ერგო "ბედნიერება" 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედის" ტელევიზიასთან გამოეცადა რეზინის ტყვიის "ამბორი", რისი "სიამოვნებაც" საბედნიეროდ, ჯინსის ქურთუკის აწეულმა საყელომ შეარბილა). ამიტომაც უპრიანი იქნებოდა მსუბუქი სპეციალური ჟილეტის ჩაცმა, რომელიც რეზინის ტყვიების დარტყმის ძალას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ამასთან მრავალჯიბიანი ჟილეტი ნებისმიერი ჟურნალისტისთვის მისწრებაა, ჯიბეებში ხომ ათასი რამის ჩაწყობა შეიძლება...

2007 წლის 7 ნოემბრიდან დაწყებული, ყველა ხელისუფლება მიტინგების დაშლისას იყენებს აკუსტიკურ იარაღს, რომელიც მრგვალი ანტენის სახით მანქანაზეა განთავსებული და მის მიერ გამოცემული დაბალსიხშირიანი ინფრაბგერები ადამიანის სმენის ორგანოებზე და ფსიქიკაზეც მტკივნეულად მოქმედებს. ასეთ დროს კარგი ყურსასმენი ერთგვარ დამცავ საშუალებად იქცეოდა.

კიდევ ბევრი ნიუანსის ჩამოთვლა შეიძლებოდა, რომელთა გათვალისწინება ჟურნალისტებს (და არა მარტო მათ) მიტინგის ძალისმიერი გზით დაშლისას ფიზიკურად დაიცავდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა და ამისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო და არა მიტინგზე რედაქციიდან გასვლის წინ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დაჯდეს სახლში
25 ივლისი 2019 17:00
შემდეგ სხვა ტელევიზიებიდან გააკეთოს რეპორტაჟი
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
22 ივლისი 2019 09:38
ძალიან უბრალოდ და მარტივად. არ გაეკაროს მიტინგებს. ეხლა ატეხთ ერთ აურ-ზაურს, რომ არა ვარ მართალი.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?