რა მოიგო პუტინის გინებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და რა წააგო მთლიანად ქვეყანამ...
08-07-2019
რა მოიგო პუტინის გინებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და რა წააგო მთლიანად ქვეყანამ...
სახიფათო "თამაშები სიტყვებით", რომლის უკან ქვეყნის უსაფრთხოება დგას...

კოლეგების გაკრიტიკება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ტელევიზიას, რომელსაც 15 წელია აღარ ვუყურებ, კოლეგებად ეტყობა ნაკლებად მივიჩნევ.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გაბუნიას მიერ საქართველოს მეზობელი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პირდაპირ ეთერში ბოლო სიტყვებით გინება მიუღებელი იმიტომ კი არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ნაწილის ოკუპაცია არ განახორციელა და ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდეგე არ არის, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ქმედება სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და
საქართველოს შეიძლება კიდევ ახალი საფრთხეებით დაემუქროს.

არა იმიტომ, რომ რომელიღაც ქართველი ჟურნალისტის მიერ დედის გინების გამო გაბრაზებული რუსეთის პრეზიდენტი თბილისკენ დაძრავს 2008 წლის აგვისტოში იგოეთთან შეჩერებულ ტანკებს, არამედ იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი წვეთი იქნება რუსეთში ანტიქართული განწყობილებების გასაძლიერებლად, რაც საერთო ჯამში ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებს
ადრე თუ გვიან.


ის, რაც ეხლა ხდება "რუსთავი 2"-ის ეთერში, ძალიან წააგავს 2001-02 წლების პერიოდს, როდესაც მაშინდელი "რუსთავი 2"-იც შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა და ორ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პირდაპირი ეთერით გააკეთა ის, რის მერეც რუსეთის არმიის შემოჭრას ბეწვზე გადავურჩით.

პირველი - პანკისის ხეობაში დროებით თავშეფარებული გელაევის რაზმი ქართული შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელობის დახმარებით პანკისის ხეობიდან სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში აღმოჩნდა - იგეგმებოდა გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ. "რუსთავი 2"-ის პირდაპირი რეპორტაჟებით, რომლებშიც სოფელ ლიასთან დაბანაკებულ ჩეჩნებს აჩვენებდა, ყველამ და პირველ რიგში რუსეთში შეიტყვეს ამ ოპერაციის შესახებ და სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა სოხუმის მისადგომებთან...

მეორე - ქართულმა სპეცსამსახურებმა, ამერიკელი კოლეგების თანამონაწილეობით, მოახერხეს გელაევის რაზმის პანკისის ხეობიდან გაყვანა და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, რამაც მაშინ გადაგვარჩინა რუსეთის მიერ პანკისის ხეობაში "საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყებიდან. მაგრამ, გელაევის რაზმის გაყვანის მომენტში, "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფები კუდში მიყვებოდნენ ამ რაზმს და პირდაპირ ჩართვებს ახორციელებდნენ - შედეგმაც არ დააგვინა, რუსეთის საბრძოლო ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა ეს საცალფეხო მარშრუტი, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქის დაღუპვაც მოჰყვა...

სააკაშვილის ხელისუფლების დროს "რუსთავი 2"-ის მუშაობის სტილი 180 გრადუსით შებრუნდა და ის ღიად გახდა მაშინდელი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი.

2008 წლის აგვისტოს ომის წინ ზუგდიდთან სამოქალაქოფორმიანმა პოლიციელებმა და სამხედროებმა რუსეთის "სამშვიდობო ძალების" სატვირთო ავტომობილი დააკავეს, რომლითაც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები გადაჰქონდათ და "რუსთავი 2"-მა, რომელსაც იმ ხელისუფლების დროს ყველაფრის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა, მსხვილი პლანით აჩვენა ქართველი სამოქალაქოფორმიანი პოლიციელი, თუ როგორ უგრეხავს ხელებს, ასფალტაზე აგდებს და ზედ ფეხს ადგამს რუს ოფიცერს. შეიძლება ამის ჩვენებით მაშინდელი ხელისუფლება დიდ სიამოვნებას ნახულობდა, მაგრამ იგივე კადრები რუსულმა ტელევიზიებმა "აიტაცეს" (გასაგებია, ვისი დავალებით) და რუსეთის მოსახლეობას გამუდმებით აჩვენებდნენ საქართველოს მიმართ დიდი სიძულვილის გასაჩენად...

2008 წლის 8 აგვისტოს შუადღე. სოფელ მეღვრეკისის შესასვლელთან აბრასთან, პირდაპირ ჩართვას ახორციელებს "რუსთავი 2", რომლის კადრებში ხვდება ცხინვალისკენ მიმავალი ქართული ტანკები... შედეგი-რუსულმა მოიერიშეებმა ცოტა ხანში ქართული არმიის სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ავტოკოლონა სოფელ ერგნეთის ცენტრში დაგვიბომბეს...

ეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია იმ ქმედებებიდან, რომლებშიც "რუსთავი 2"-ის პოზიცია დიდ დაფიქრებას იწვევს, უფრო უარესი სახელი რომ არ დავარქვათ...

1990 წლების ბოლოსკენ, ახლადშექმნილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ქართულ ტელესივრცეში მართლაც შემოიტანა ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი, რამაც უდავოდ მაღლა ასწია ტელეჟურნალისტიკის თასმა, მაგრამ გარკვეულ პოლიტიკურ ძალასთან "ჩახუტებამ"(რომლის ნიშნებიც ძალზე ღიად გამოჩნდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" პირველი დღეებიდანვე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პირდაპირ კარნახობდნენ ამ ტელევიზიის ჟურნალისტებს რა უნდა ეკეთებინათ, (მაგალითისთვის, 2004 წლის 6 მაისის შემთხვევაც კმარა, როდესაც აფეთქებულ ჩოლოქის ხიდთან "ნაციონალები" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს "მოძღვრავენ" და არ იციან, რომ პირდაპირი სატელევიზიო ეთერი დაიწყო...) "რუსთავი 2"-ს დათვური სამსახური გაუწია, მისი დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებად აღქმასთან დაკავშირებით.

არადა, წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო გახდებოდა "რუსთავი 2"-ის ყურება, ის, რომ სრულიად განთავისუფლებულიყო ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის დიქტანტისგან...

აბსოლუტურად გასაგებია, რომ რუსი დეპუტატის გავრილოვის პარლამენტში შეშვება (და საერთოდ საქართველოში შემოშვება) და "რუსთვი 2"-ის ჟურნალისტის მიერ პუტინის დედის "ტრიალი" ერთი ოპერის ნაწილია, იმ ოპერისა, რომელიც საქართველოში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ითვალისწინებს, ისევე, როგორც ამასწინდელი პარლამენტის შენობის იერიშის რამდენიმე მცდელობა, პანკისური "მოვლენები" ან ლგბტ თემის წარმომადგენლების რუსთაველზე "ჩასეირნების" სურვილი...

ყველა ამ ქმედებების განმახორციელებლები წინასწარ ხვდებოდნენ, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ყოველივე ამას, მაგრამ მაინც გააკეთეს, ბევრმა შეგნებულად, ბევრმაც შეიძლება შეუგნებლად...

ყველაფერი კეთდება საქართველოს გარე და შიდა მტრების მონაწილეობით, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, რასაც ირიბად ხელს უწყობს "ქართული ოცნების" უნიათო მმართველობა, თავისი არაპროფესიონალური საკადრო პოლიტიკითა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დაგვიანებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

###
15 ივლისი 2019 19:17
მე ვფიქრობ ასე: ზუსტად ახლა საქართველომ უნდა მოიმოქმედოს ის რომ გაერთიანდეს პუტინის და საქართველოს ინტერესები, სანამ კიდევ უფრო გაძლიერდება და გაერთიანდება რუსული რეაქციული ძალები და ასევე რუსეთისა და ჩვენი სხვა მეზობლების(აზერბაიჯან-სოხეთ-თურქეთ) მტრული ინტერესები. მე მგონი პუტინსაც აქვს ინტერესი თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზედაპირულად მაინც, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები
12 ივლისი 2019 05:41
ბოდიში და რეგვენ ხალხთან ომი არც არის საჭირო. გურულების არ იყოს "ამათ რაღა დაბომბვა უნდათ, ისედაც დობომბილები არიანო"... ფილტვი, ფილტვი... ტიტუუ! რა კრიზისია ტვინის უკმარისობის!
ირაკლი ალადაშვილი
11 ივლისი 2019 17:01
პასუხი “ქართველებო“-ს


თქვენი უზრდელური კომენტარის მიუხედავად, მაინც აგიხსნით იმას,რაშიც როგორც გამოჩნდა საერთოდ ვერ ერკვევით,მაგრამ მაინც აძლევთ თავს უფლებას ასეთი რამ დაწეროთ-პირველი,რუსეთის არმიამ ეფექტიანად მოქმედი დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატები, არათუ შევარდნაძის დროს,აგვისტოს ომის დროსაც ვერ გამოიყენა,თუ არ ჩავთვლით დაპყრობილი სენაკის სამხედრო ბაზიდან ეპიზოდურად გაშვებულ „პჩიოლებს“,რომელთა გადაღებულ კადრებზე,თავად რუსი ოფიცრების აღიარებით,თითქმის არაფერი მოჩანდა.
მეღვრეკისთან იმ მომენტს კი თავად შევესწარი,როდესაც სწორედ „რუსთავი-2“-მა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით გააკეთა ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვისთვის სანუკვარი ქმედება-დროში და ადგილმდებარეობას მიბმული ქმედების(ანუ ქართული სატანკო კოლონის ცხინვალისკენ გადაადგილების) ოპერატიულად გადაცემა,რომელსაც ცხინვალშიც რა თქმა უნდა უყურებდნენ...

რედაქტორის რჩევით