იყვნენ თუ არა ამერიკელები მთვარეზე... - კვირის პალიტრა

იყვნენ თუ არა ამერიკელები მთვარეზე...

ნახევარი საუკუნის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი დედამიწის თანამგზავრზე

1969 წლის 20 ივლისს კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გრანდიოზული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - ადამიანები სხვა ციურ სხეულზე, დედამიწის თანამგზავრზე - მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ...

16 ივლისს აშშ-ის ფლორიდის შტატიდან სტარტი აიღო რაკეტა-მატარებელმა "სატურნ-5"-მა , რომელმაც დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა ერთმანეთთან შეპირაპირებული 28-ტონიანი სამეთაურო და 15-ტონიანი მთვარის მოდულები, რომლებმაც შემდგომ გეზი მთვარისკენ აიღეს. სტარტიდან მეოთხე დღეს მთვარის მოდული დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე რბილად დაეშვა, მეორე დღეს, 21 ივლისს კი მთვარეზე პირველი ნაბიჯი დადგა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა,რომელსაც 15 წთ-ის შემდეგ მეორე ასტრონავტი ბას ოლდრინიც შეუერთდა. მესამე ასტრონავტი მაიკლ კოლინზი კი კოლეგებს სამეთაურო მოდულში ელოდა, რომელიც მთვარის ორბიტაზე მოძრაობდა.

"აპოლონ-11" რაკეტა-მატარებლის სტარტი მთვარისკენ

ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე ორ საათზე მეტი "ისეირნეს" და 21 კგ-მდე მთვარის გრუნტი შეაგროვეს. მთვარიდან სტარტაღებული მოდული ორბიტაზე სამეთაურო მოდულს შეუპირაპირდა და 24 ივლისს წყნარ ოკეანეში მშვიდობინად დაეშვა. მთვარის პირველმა ექსპედიციამ რვა დღე გასტანა...

აი, ძალიან მოკლედ, თუ როგორ შესძლო ადამიანმა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ოცნების ასრულება და მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმა. "აპოლონის" მთელი ისტორიის დასაწერად კი ერთი წიგნიც არ იკმარებს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთვარისკენ "აპოლონ-11"-ის გაფრენის მთელი პროგრამა ფართოდ შუქდებოდა, ხოლო მთვარეზე არმსტრონგის ფეხის დაბიჯების პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი გადაიცემოდა მთელ მსოფლიოში, არსებობს მილიონობით ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ამერიკელები მთვარეზე არ ყოფილან, ვიდეო-ფოტოკადრები ჰოლივუდისა და ამერიკული სპეცსამსახურების მონტაჟია და საქმე გვაქს მსოფლიო დონის შეთქმულებასთან...

 შეპირაპირებული სამეთაურო და მთვარის მოდულები ღია კოსმოსში

"მთვარის შეთქმულების" თეორიის მომხრეების არგუმენტები შემდეგშია - ნასა-ს ტექნიკური შესაძლებლობები იმ დროისთვის არ იძლეოდნენ საშუალებას ადამიანი მთვარეზე გაეშვათ და უკან დაებრუნებინათ; მთვარის ზედაპირზე აღმართულ აშშ-ის დროშას არ შეეძლო ეფრიალა (მთვარეზე ხომ ქარი არ არის), როგორც ეს კინოკადრებში მოჩანს; მთვარეზე გადაღებულ ფოტოებში არ მოჩანს ვარსკვლავები, სამაგიეროდ ბევრი ანომალიაა; მთვარის მოდულის სამუხრუჭო სარაკეტო ძრავებს მთვარის ზედაპირზე დაშვებისას მცირე კრატერები მაინც უნდა წარმოექმნა,რაც ვიდო-ფოტო კადრებში არ მოჩანს...

ეს და სხვა არგუმენტები მართლაც იწვევს მილიონობით ადამინში დაეჭვების საფუძველს. მით უმეტეს,  რომ აშშ-ის ხელისუფლება გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდანვე ძალზე ჩქარობდა,რამეში მაინც დაესწრო საბჭოთა კავშირისთვის,რომელმაც კოსმოსში პირველმა გაუშვა, ჯერ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, შემდეგ პირველი ადამიანი და ორბიტალური სადგურიდან ღია კოსმოსში პირველად გასულ კოსმონავტის სკაფანდრსაც საბჭოთა დროშა ეხატა...

შეიძლება თუ არა აშშ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა ამხელა, მართლაც რომ კოსმოსური მასშტაბის თაღლითობაზე წასულიყო მსოფლიო იმიჯის გამოსასწორებლად?

 წამიც და ასტრონავტი არმსტრონგი ფეხს დაადგამს მთვარის ზედაპირს...

პოლიტიკოსებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან არაერთხელ გადაუდგამთ ასეთი ნაბიჯები (შორს რომ არ წავიდეთ ჩვენი საქართველოს უახლეს ისტორიაშიც ბევრ ასეთ ფაქტს მოვძებნით), მაგრამ "მთვარის შეთქმულების" თეორიის ფანატთა გულის გასატეხად ვიტყვით - ამერიკელებმა მართლაც გაისეირნეს მთვარის ზედაპირზე და არაერთხელ (სულ მთვარეზე ექვსი "აპოლონი" დაჯდა და მის ზედაპირზე საერთო ჯამში 12-მა ამერიკელმა ასტრონავტმა დადგა ფეხი), რასაც უამრავი, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი ამაგრებს, მათ შორის მთვარიდან ჩამოტანილი გრუნტის ნიმუშებიც...

ამ ბლოგის ავტორმა არაერთი საათი დახარჯა ინტერნეტში "მთვარის შეთქმულების" თეორიის მომხრეებისა და მოწინაღმდეგეების არგუმენტების ასაწონ-დასაწონად და გასაანალიზებლად და მივიდა იმ დასკვნამდე,რომ მთვარეზე დაჯდომის ყველა დეტალის მაღალ დონეზე ფალსიფიცირება აშშ-ის მაშინდელ მთავრობას მთვარეზე რეალურად გაფრენის ძალზე ძვირადღირებულ პროგრამაზე არანაკლებ თანხად დაუჯდებოდა, რაც აზრს აკარგვინებს "გრანდიოზული ტყუილის" სპეცოპერაციის განხორციელებას.

ჩემი აზრით აქ ადგლი აქვს, უფრო სპეცსამსახურების, კერძოდმ კი მაშინდელი საბჭოთა კავშირის კე-გე-ბეს წარმატებულ მუშაობას - საბჭოთა კავშირის მთვარის პროგრამა სამარცხვინოდ ჩაიფუშა 1960-ინი წლების ბოლოს, როდესაც ყველაზე დიდი რაკეტა-მატარებლის სამი სტარტი ზედიზედ აფეთქებით დასრულდა, რის ფონზეც კრემლმა, სავარაუდოდ, გასცა საიდუმლო ბრძანება, რათა კე-გე-ბე-ს გავლენის აგენტებს მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ ხმები, დაეწერათ წიგნები, სტატიები, გადაეღოთ ფილმები იმის შესახებ, რომ თურმე ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ქვიშაში კი არა, ჰულივუდის პავილიონებში დაყრილ ლოს-ანჯელესის სანაპიროს ქვიშაში დააბიჯებდნენ...

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა,"მთვარის შეთქმულების" თეორიის მომხრეთა რიცხვი წლების განმავლობაში კი არ იკლებს, არამედ იმატებს და მათ შორის საქართველოშიც...

ისე, ინფორმაციისთვის-მთვარისკენ გაფრენილი ამერიკული "აპოლონების" დედამიწის ორბიტაზე გასვლას, საბჭოთა სამხედრო დაზვერვა მაშინდელი საქართველოს, სართიჭალის "სამეცნიერო-საზომი პუნქტი-11"-დანაც უთვალთვალებდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს