თავდაცვის მინისტრის ტელევიზია და დამოუკიდებელი?!
22-07-2019
თავდაცვის მინისტრის ტელევიზია და დამოუკიდებელი?!
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სახალხოდ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდი "რუსთავი-2"-ის ტელევიზია რეალურად მას ეკუთვნოდა.
ამ პიროვნებას, მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური განცხადება გაუკეთებია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად მჯერა, რომ ორიოდე წელი სწორედ ის იყო "რუსთავი-2"-ის ფარული "შეფი", რადგან ამ ბლოგის ავტორმა თავის თავზე იწვნია მაშინდელი თავდაცვის მინისტრისა და "რუსთავი-2" გაერთიანებული შემოტევა პირდაპირ ეთერში.

2005 წლის ივლისში "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნე სტატია იმის შესახებ, რომ
თავდაცვის სამინისტროს შენობაში ამერიკელი კონსულტანტების ოთახი გატეხეს, რასაც იმავე დღეს პირადად ჩემზე უდიდესი ინფორმაციული დარტყმა მოჰყვა - პირდაპირ ეთერში "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი გოგონა ისეთ წინასწარ გამიზნულ კითხვებს უსვამდა თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს ჩემს წინააღმდეგ, რომ თავად უწყების პრესსამსახურის თანამშრომელიც კი ვერ შეძლებდა - "სატოპკედ" აწეულ კითხვებს თავდაცვის
მაშინდელი მინისტრიც დიდი სიამოვნებით პასუხობდა...

დღის ბოლოს კი "რუსთავი-2"-ის "ესტაფეტამ" ჩემს წინააღმდეგ უკვე პრეზიდენტ სააკაშვილთან გადაინაცვლა...

თავდაცვის მაშინდელ მინისტრის სატელევიზიო "თავდასხმაზე" უფრო მეტად, "რუსთავი-2"-ის მიკერძოებულმა კითხვებმა განმაცვიფრა - ჩემი ჟურნალისტური კარიერა ამ ტელევიზიის შექმნამდე დავიწყე და ჟურნალისტური კოლეგიალობის პრინციპს ყოველთვის ვიცავდი (მათ შორის, იმავე "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით), ამიტომაც ამ ტელევიზიის ასეთმა მიკერძობამ სახელმწიფო მოხელეების ინტერესების გასატარებლად, ჩემში აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ კულუარების "დიდოსტატებმა" მალევე დამაწყნარეს - რა გიკვირს, არ იცი, რომ "რუსთავი-2"-ი ოქრუაშვილისაა და რასაც უნდა იმას ათქმევინებსო...

2006 წლის ნოემბრამდე, სანამ ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ასეთი თავდასხმები არაერთხელ განმეორებული ("კვირის პალიტრაში" ჩემი სტატიის, რომელიც ტანკების შესყიდვის თემას ეხებოდა, გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავდაცვის მინისტრის სიტყვიერი ბრძანებით ძმა მომიხსნეს სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი შეხება არ ჰქონდა ტანკების შესყიდვის ამ თემასთან), მათ შორის, "რუსთავი-2"-ის აკომპონირებითაც...

რა მექნა, არ გამიმართლა, რუსთავი-2"-ის ფარული მფლობელი თავდაცვის კი არა კულტურის მინისტრი, რომ ყოფილიყო, ეტყობა ჩვენი გზები არ გადაიკვეთებოდნენ და მაშინდელი სახელმწიფო ჩინოვნიკისგან შეიძლება ნაკლები ზეწოლა ყოფილიყო.

ისე, ერთი რამ დღემდე მიკვირს - თავდაცვის მინისტრის კუთვნილი ტელევიზია, როგორ უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებლად, როდესაც ხდება ინტერესების დაჯახება - მინისტრის საქმიანობის ყველა ოპონენტს, ის ხომ ბუნებრივია თავისი "ჯიბის" ტელევიზიით უპასუხებს?!
ისე "რუსთავი-2"-ს ნამდვილად არ გაუმართლა (ან პირიქით, გაუმართლა, გააჩნია თავად როგორ თვლიან), როდესაც ერთი თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილისგან,მეორე თავდაცვის მინისტრს - კეზერაშვილს "გადაულოცეს" - წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრების "ქვეშ" ყოფნა ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობდა ამ მასობრივი საინფორმაციო საშუალების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ამაღლებას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
PREDATOR
23 ივლისი 2019 14:08
გაიხარე ირაკლი..... შენ ამ სტატიით საკმაოდ ბევრი რამ თქვი ისეთი რაც ამ პარტიულ ტელევიზიას უეჭველად ამხელს და თავის რეალურ სახეს ნიღბის გარეშე წარმოაჩენს. ასე გააგრძელე და მოწოდების სიმაღლეზე დარჩი.
ირაკლი ალადაშვილი
22 ივლისი 2019 22:25
სოხუმელს

მადლობა სოხუმელო! პირველად სახალხოდ თქვი ის, რაც ბოლო 14 წელი მაწუხებდა...
სოხუმელი
22 ივლისი 2019 15:07
100%!

რედაქტორის რჩევით