უკრაინელების შურისძიება რუსულ ტანკერზე - კვირის პალიტრა

უკრაინელების შურისძიება რუსულ ტანკერზე

ოდესასთან, იზმაილის პორტში შესული რუსული ტანკერი "ნიკა სპირიტი" და მისი ეკიპაჟი უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა, რაც, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

უკრაინა ირანი არ არის და არც ოდესაა ორმუზის ყურე, სადაც ირანელმა სამხედროებმა ამას წინათ ბრიტანული ტანკერი დააკავეს, მაგრამ "ტანკერების მცირე ომი" უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ახალი სიტყვაა.

უკრაინის პორტებში არაერთი რუსული გემი თუ ტანკერი იცლება და იტვირთება, მაგრამ კონკრეტულად ტანკერ "ნიკა სპირიტის" დასაკავებლად უკრაინის სპეცსამსახურები დიდი ხანია ნადირობდნენ.

2018 წლის 25 ნოემბერს ყირიმის ხიდთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა ალყაში მოაქციეს და ქვემეხების ცეცხლის გახსნის შემდეგ (რასაც რამდენიმე უკრაინელი მეზღვაურის დაჭრა მოჰყვა) აბორდაჟზე აიყვანეს ორი უკრაინული საარტილერიო კატარღა "ნიკოპოლი" და "ბერდიანსკი", ასევე ბუქსირი "იან კაპუ", რომელთა ეკიპაჟებს ეს მცურავი საშუალებები შავიდან აზოვის ზღვაში გადაჰყავდათ.

რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინული კატარღები

მას შემდეგ 24 უკრაინელი მეზღვაური მოსკოვის ციხეში ზის და რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად აჯანჯლებს მათ სამშობლოში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მრავალჯერ დაგმეს რუსეთის ეს დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო დასავლელმა ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს პირად საუბრებში ბევრჯერ სთხოვეს უკრაინელი მეზღვაურების გაშვება.

და, აი უკრაინელები საპასუხო სვლას აკეთებენ და აკავებენ იმ რუსულ ტანკერს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უკრაინული კატარღების დატყვევებაში, კერძოდ მისმა ეკიპაჟმა ეს ტანკერი ყირიმის ხიდის ქვეშ პარალელურად დააყენა და უკრაინულ კატარღებს გზა ჩაუკეტა...

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გასული წლის ნოემბერში ყირიმის ხიდის ქვეშ გასასვლელის ჩამკეტავი რუსული ტანკერის სახელი სულ სხვა, "ნეიმა" იყო და იმ ინციდენტის შემდეგ, მისმა მფლობელებმა ტანკერს სპეციალურად გადაარქვეს სახელი "ნიკა სპირიტად", რათა შიშობდნენ უკრაინელებს სადმე არ გამოეჭირათ.

როგორც ხედავთ, მათი შიში გამართლდა და უკრაინელების შურისძიებამ უწიათ-კიევი მოსკოვს სავარაუდოდ, დაკავებულ რუსულ ტანკერს უკრაინულ კატარღებში გაცვლასა და უკრაინელი მეზღვაურების სასწრაფო გათავისუფლებას შესთავაზებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს