უკრაინელების შურისძიება რუსულ ტანკერზე
29-07-2019
უკრაინელების შურისძიება რუსულ ტანკერზე
ფოტო:უკრაინელების ბრალდების ფოტოდადასტურება: რუსული ტანკერი "ნეიმა" ყირიმის ხიდის ქვეშ გასასვლელს უკრაინულ კატარღებს უბლოკავს...
ოდესასთან, იზმაილის პორტში შესული რუსული ტანკერი "ნიკა სპირიტი" და მისი ეკიპაჟი უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა, რაც, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

უკრაინა ირანი არ არის და არც ოდესაა ორმუზის ყურე, სადაც ირანელმა სამხედროებმა ამას წინათ ბრიტანული ტანკერი დააკავეს, მაგრამ "ტანკერების მცირე ომი" უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ახალი სიტყვაა.

უკრაინის პორტებში არაერთი რუსული გემი თუ ტანკერი იცლება და იტვირთება, მაგრამ კონკრეტულად ტანკერ "ნიკა სპირიტის" დასაკავებლად უკრაინის სპეცსამსახურები დიდი ხანია ნადირობდნენ.

2018 წლის 25 ნოემბერს ყირიმის ხიდთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა ალყაში მოაქციეს და ქვემეხების ცეცხლის გახსნის შემდეგ (რასაც რამდენიმე უკრაინელი მეზღვაურის დაჭრა მოჰყვა) აბორდაჟზე აიყვანეს ორი უკრაინული საარტილერიო კატარღა "ნიკოპოლი" და "ბერდიანსკი", ასევე ბუქსირი "იან კაპუ", რომელთა ეკიპაჟებს ეს მცურავი საშუალებები შავიდან აზოვის ზღვაში გადაჰყავდათ.

რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინული კატარღები
მას შემდეგ 24 უკრაინელი მეზღვაური მოსკოვის ციხეში ზის და რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად აჯანჯლებს მათ სამშობლოში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მრავალჯერ დაგმეს რუსეთის ეს დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო დასავლელმა ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს პირად საუბრებში ბევრჯერ სთხოვეს უკრაინელი მეზღვაურების გაშვება.

და, აი უკრაინელები საპასუხო სვლას აკეთებენ და აკავებენ იმ რუსულ ტანკერს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უკრაინული კატარღების დატყვევებაში, კერძოდ მისმა ეკიპაჟმა ეს ტანკერი ყირიმის ხიდის ქვეშ პარალელურად დააყენა და უკრაინულ კატარღებს გზა ჩაუკეტა...

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გასული წლის ნოემბერში ყირიმის ხიდის ქვეშ გასასვლელის ჩამკეტავი რუსული ტანკერის სახელი სულ სხვა, "ნეიმა" იყო და იმ ინციდენტის შემდეგ, მისმა მფლობელებმა ტანკერს სპეციალურად გადაარქვეს სახელი "ნიკა სპირიტად", რათა შიშობდნენ უკრაინელებს სადმე არ გამოეჭირათ.

როგორც ხედავთ, მათი შიში გამართლდა და უკრაინელების შურისძიებამ უწიათ-კიევი მოსკოვს სავარაუდოდ, დაკავებულ რუსულ ტანკერს უკრაინულ კატარღებში გაცვლასა და უკრაინელი მეზღვაურების სასწრაფო გათავისუფლებას შესთავაზებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თენგიზ
10 აგვისტო 2019 23:59
გაუმარჯოს უკრაინას.
DDD
05 აგვისტო 2019 15:42
ავტოტო, ნუ კეკლუცობ და ნახევარ სიმართლეს ნუ წერ.
გასაგებია, რომ ჩვენ ასე გვინდა რომ იყოს, მაგრამ სიმართლე სხვანაირია.
სტატიაში პირდაპირ არ წერია, მაგრამ არაფერია ნათქვამი უკრაინელების მიერ დაკავებულ ეკიპაჟზე.
ჰოდა, მინდა იმედი გაგიცრუოთ - რუსული ტანკერის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით გათავისუფლებულია. მცურავი საშუალება ჯერ კიდევ უკრანიაშია, მაგრამ არც იმას ელის დიდხანს ლოდინი. ჯერ ერთი, რუსული გემი კაპიტალურად სარემონტოა და დააბრუნებენ თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მეორე, არც დიდხანს დაკავების მიზეზი არ არის, რამდენადაც ეკიპაჟი გათავისუფლებულია მოტივით, რომ "არ დაურღვევიათ საერთაშორისო კანონმდებლობა" და ამის შემდეგ გემის დაკავება იურიდიულად არასამართლებრივია.
ამიტომ, ნუ ქმნით მცდარ მოლოდინებს, თორე ნახეთ როგორი კომენტარებია. გამოდის რომ თქვენ მკითხველი შეცდომაში შეგყავთ რამდენადაც არ აწვდით სრულ და მართალ ინფორმაციას.
და არა მარტო თქვენ, თითქმის მთელი ქართული პრესა "გაპრავებაზე" მუშაობს.
ეჭვი მეპარება, რომ ეს გამოაქვეყნოთ, მაგრამ თქვენ თვითონ ხომ წაიკითხავთ მაინც?!
007
30 ივლისი 2019 12:50
გენაცვალეთ უკრაინელებო. მარტლაც მაგრები ხართ ყველაფერში, ქალები ხო გყავტ და გყავტ . თქვენ შემოგევლეთ.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები