აგვისტოს ომში რუსეთს რამდენი ტანკი ავუფეთქეთ...
10-08-2019
აგვისტოს ომში რუსეთს რამდენი ტანკი ავუფეთქეთ...
ფოტო:"ფაგოტები" აგვისტოს ომის დროს ქართულ არმიას საკმაოდ ჰქონდა, თუმცა...
9 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის თავზე, ორფოლოს პოლიგონზე გამართულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების "მტკიცე სული-2019" სწავლების საჩვენებელ ეტაპზე ქართველმა სამხედროებმა მასობრივად გამოიყენეს ისეთი ეფექტიანი საბრძოლო საშუალება, როგორსაც გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები "ფაგოტები" და "ჯაველინები" წარმოადგენენ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.

აგვისტოს ომის დროს ქართულ არმიას ამერიკული "ჯაველინები" შეიარაღებაში რა თქმა უნდა არ ჰქონია, თუმცა "ფაგოტების" ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა...

აგვისტოს ომის დროს ქართულმა არმიამ 60-მდე T-72 ტიპის ტანკი დაკარგა,
თუმცა მათგან ბრძოლებში მხოლოდ ორი ათეული თუ ააფეთქეს, დანარჩენი რუსმა სამხედროებმა გორიდან ნაალაფარის სახით გაიტანეს.

რაც შეეხება რუსული მხარის ტანკების დანაკარგს, ის სამ ერთეულს არ აღემატება, რაც მართლაც ძალიან დაბალი საბრძოლო ეფექტიანობის მაჩვენებელია იმ ქართული სამხედრო დანაყოფებისათვის, რომლებსაც აგვისტოს ომის დღეებში ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება საკმარისად ჰქონდათ.
'ვერხნი გოროდოკში' აფეთქებული რუსული T-72
სამი აფეთქებული რუსული ტანკიდან ერთი მოძველებული T-62M ტიპისაა, ორი კი - T-72. ერთი T-72 ზემო ნიქოზთან რუსი
ცისფერჩაფხუტიანების "ვერხნი გოროდოკის" ეზოში ააფეთქეს ქართველმა მებრძოლებმა, მეორე კი სოფელ ზემო ხვითის შარაგზაზე სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ჩვეულებრივი ყუმბარმტყორცნიდან გასროლით დაწვეს.

რუსული მხარის სახმელეთო ტექნიკის დანაკარგი, გარდა სამი ტანკისა, ასევე არის არანაკლებ ცხრა БМП-1, სამი БМП-2, ორი БТР-80, ერთი БМД-2, სამი БРДМ-2, ერთი МТЛБ და სამ ათეულამდე სატვირთო ავტომობილი.

თუმცა ტანკებთან შედარებით ნაკლებად შეჯავშნული ტექნიკის განადგურება უფრო ქართული ტანკების, არტილერიისა და საბრძოლო შვეულმფრენების (ქართულმა Ми-24-ებმა სოფელ ძევერასთან რუსი მედესანტეების ორი "ურალი" დაწვეს, რომლებიც 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმებით იყო დატვირთული) დამსახურებაა, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა.
 სოფელ ზემო ხვითში ეს რუსული T-72 ქართველმა მებრძოლმა ჩვეულებრივი ყუმბარსატყორცნიდან ააფეთქა
არადა აგვისტოს ომის წინ ქართული არმიის შეიარაღებაში საკმაოდ იყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, კერძოდ - "ფაგოტები" და "კომბატები".

2008 წლისთვის, ომის წინ, საქართველოს უნდა ჰქონოდა უკრაინისგან შესყიდული 400-მდე Комбат-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა (გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის თანახმად). ამ რაკეტას 125 მმ კალიბრის ქვემეხიდან Т-72 ტიპის ტანკი ისვრის. ორი კუმულაციური ქობინის მქონე "კომბატის" რაკეტას მაქსიმუმ 5 კმ-ის სიშორეზე მოწინააღმდეგის იმ ტანკების აფეთქებაც შეუძლია, რომელთა ჯავშნის სისქე დინამიკური დაცვის ელემენტების ქვეშ 750 მმ-ს აღწევს.

ფაქტობრივად, "კომბატით" ქართველ ტანკისტებს ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი ნებისმიერი რუსული Т-72-ისა და მით უმეტეს - Т-62М-ის აფეთქება შეეძლოთ, თუმცა ამ ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი.

არ არის გამორიცხული, უკრაინული "კომბატები" ქართველ ტანკისტებს იმ უბრალო მიზეზით ვერ გამოეყენებინათ, რომ სათანადო მომზადება არ ჰქონდათ გავლილი.

გენერალ ხრულოვის განადგურებული ჯავშანკოლონა ცხინვალში
რაც შეეხება გადასატან ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს - "ფაგოტებს", ისინი ქართული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში გამოჩნდა და ბუნებრივია, აგვისტოს ომის დროსაც იყო არსენალში.
"ფაგოტის" საბრძოლო გამოყენება ორ მებრძოლსაც შეუძლია და ის ორი კმ-ის სიშორემდე 400-460 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს. ჩემი ინფორმაციით, "ფაგოტები" ცხინვალის რეგიონში, საბრძოლო მოქმედების ზონაში, შეტანილი ჰქონდათ (მათ შორის - საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის არტილერისტებს და ქვეითი ბრიგადების ტანკსაწინააღმდეგო გათვლებს), მაგრამ მათი მასობრივი საბრძოლო გამოყენების შესახებ არაფერია ცნობილი.

ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული არმიის სარდლობამ ვერ შეძლო, რუსული ჯავშანტექნიკის სწრაფი წინსვლის დროებით შესაჩერებლად მაინც გამოეყენებინა ის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აგვისტოს ომის დაწყების წინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საიარაღო საწყობებში. სენაკის დაპყრობილი სამხედრო ბაზიდან რუსმა სამხედროებმა ნაალაფარის სახით ასობით "ფაგოტი" გაიტანეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რეზო
14 აგვისტო 2019 22:36
ზასტაველი და ნიანია ერთ მამის შვილები ხართ?
ნიანია ბაკურიანი
12 აგვისტო 2019 10:43
არავითარი უცხო ტექნიკა არ შეუსყიდია მიშას,ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარა,ამდენი უცხო ტექნიკა წაიღესო,რომ გაემართლებინა იმ ხარჯების ჩამოწერა,ვითომ შეძენილი ტექნიკის დაკარგვის გამო,ფული გაათეთრა.
zaza
12 აგვისტო 2019 10:21
თითო ტ 72 მემგონი 5 მილიონამდე ღირს. ასე რომ 300 მილიონი აუცლიათ რუსებს მოგებულ ომში :/

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები