რუსული სამხედრო სწავლებები აგვისტოს ომის შესახსენებლად - კვირის პალიტრა

რუსული სამხედრო სწავლებები აგვისტოს ომის შესახსენებლად

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე რუსეთის არმიამ საქართველოს საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები წამოიწყო...

საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გაყოლებით გასულ კვირას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო დანაყოფები და ავიაცია აქტიურად მოქმედებდნენ-300-მდე გამანადგურებელი, მოიერიშე, ბომბდამშენი თვითმფრინავი და შვეულმფრენი აიწია ცაში სასწავლო-საბრძოლო სწავლების მიზნით.

დიდი ალბათობით, შემთხვევით არ მომხდარა ამ ფართომასშტაბინი რუსული სამხედრო სწავლების დამთხვევა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეთერთმეტე წელთან - ამით მოსკოვი თბილისს ერთგვარ მორიგ გამაფრთხილებელ მესიჯს უგზავნის...

ეს გაფრთხილება ასევე ემთხვევა საქართველოში ტრადიციული, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების "მტკიცე სული-2019"-ის ჩატარებასაც, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების, მათ შორის პირველ რიგში კი ამერიკელების, ხშირი გამოჩენა ქართულ პოლიგონებზე, კრემლის მესვეურთა განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს.

ასეთ ფაქტორად იქცა თბილისის აეროპორტში წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ამერიკული თანამედროვე თვითმფრინავის "პოსეიდონის" პირველად დაშვებაც. "პოსეიდონებს" პენტაგონი ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს შავი ზღვის წყალზედა და წყალქვეშა მონიტორინგისთვის.

 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავი 'პოსეიდონი', რომლის დაშვებამ თბილისის აეროპორტში მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია...

რუს გენერლებსა და ადმირალებს ყველაზე მეტად ის გარემოება აშინებთ, რომ ამერიკულმა "პოსეიდონებმა" შავი ზღვის სიღრმეში მცურავი რუსული წყალქვეშა ნავები დიდი ალბათობით შეიძლება აღმოაჩინონ მათ ბორტზე დაყენებული თანამედროვე სადაზვერვო ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, არადა, ბოლო დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სასწრაფოდ გადაიარაღდა ექვსი ახალი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავით, რომელთა საშუალებითაც კრემლს შავი ზღვის სრული გაკონტროლება სურს, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინისა თუ საქართველოს საზღვაო პორტებისკენ მიმავალი სანაოსნო გზების მალულად "ჩაკეტვის" ჩათვლით.

რუსული სამხედრო სწავლებები საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზეც გაიმართა.

უსაქმოდ არც სომხეთში დისლოცირებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა დარჩა-არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თერთმეტი წლის წინ, აგვისტოს ომის დღეებში, სწორედ ამ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ტანკები და ჯავშანტექნიკა იყო მომდგარი სომხეთ-საქართველოს საზღვართან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს