ოლეგ ტაზიევი: "ცხინვალიდან ქართველები ოსებმა გავყარეთ, რუსი სამხედრობის დახმარების გარეშე" - კვირის პალიტრა

ოლეგ ტაზიევი: "ცხინვალიდან ქართველები ოსებმა გავყარეთ, რუსი სამხედრობის დახმარების გარეშე"

ოსი სეპარატისტები ივიწყებენ რუსეთის არმიის როლს აგვისტოს ომში...

"ცხინვალის ქუჩებში ადგილობრივი ოსები ებრძოდნენ ქართულ დანაყოფებს და არ მისცეს ქალაქში გამაგრების საშუალება, რუსეთის არმია კი მხოლოდ მოგვინებით მოადგა ცხინვალს, როდესაც გამარჯვება თითქმის უკვე მოპოვებული გვქონდა", - ასეთი განცხადება აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე გააკეთა ოლეგ ტაზიევმა, ოსი სეპარატისტების ყოფილმა "თავდაცვის მინისტრმა" და ასევე ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა".

რა არის ეს - სიმართლე თუ ოსების უმადურობა, მათი მთავარი მფარველის, რუსეთის მიმართ?

რაღაც ამის მაგვარი გასულ წლებში უკვე შეინიშნებოდა კიდევ ერთი "ჩვენებური" სეპარატისტების, აფხაზების განცხადებებში, თითქოს 1992-93 წლების ომში სწორედ მხოლოდ მათ გაიმარჯვეს და რუსეთის მხარდაჭერა თითქოს მიზერული გახლდათ.

არადა, ათასობით უტყუარი დოკუმენტი, რაც ნელ-ნელა გამოდის საიდუმლო გრიფის ქვეშიდან, საპირისპიროზე მეტყველებს - რომ არა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების უდიდესი ფარული დახმარება აფხაზეთის ომში, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ღია სამხედრო აგრესია, დღეს ოსების და აფხაზების სეპარატისტ ლიდერები ფიზიკურად არ იარსებებდნენ...

საქართველოსთვის, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია შერჩა ხელში, შეიძლება უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას აღარ წარმოადგენდეს, თუ რა ანკესზე წამოგვაგო კრემლმა ჯერ აფხაზეთის და შემდეგ აგვისტოს ომებში, მაგრამ ფაქტია, რომ "ჩვენებური" სეპარატისტები უბრალო სტატისტებად გამოიყენეს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში, რა თქმა უნდა, ქართველებთან ერთად.

ქართველებზე "გამარჯვებას" ოსი თუ აფხაზი სეპარატისტები მხოლოდ თავის თავზე რომ იბრალებენ, რუსების გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, როგორც ოფიციალურ დონეზე, ისე რუსული საზოგადობის ნაწილში და მათ უმადურებს ეძახიან. ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტების დიდი ნაწილი, რომლებმაც ადგილობრივების "სტუმართმოყვარობა" საკუთარ თავზე განიცადეს, იქამდეც მიდის, რომ სოციალურ ქსელებში თავისი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, მოსკოვმა სასწრაფოდ შეუწყვიტოს მრავალმილიონიანი დაფინანსებები ამ "რესპუბლიკებს" და ისინი ისევ თბილისს "გადაულოცოს", რათა ამიერიდან ქართველებმა იტეხონ თავი მათ რჩენაზე...

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქლაქეთა ამ კატეგორიის აზრს კრემლი არ გაითვალისწინებს, რადგან ოსი და აფხაზი სეპარატისტების გამოყენებით, რუსეთმა რამდენიმე გლობალური საკითხი გადაჭრა, მათ შორის საქართველოს დასავლეთთან დაახლოების და პირველ რიგში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების უვადოდ გადადება და თბილისზე სამხედრო-პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტების შეინარჩუნება.

კრემლს ყოველთვის რჩება იმის რესურსი კვლავ "მოგვიქსიოს" "ჩვენებური" სეპარატისტები ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, რათა საქართველომ არა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებაზე იფიქროს, არამედ მორიგი კრიზისული სიტუაციების მოგვარებაზე...

ოსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც (სხვათა შორის ისევე, როგორც აზერბაიჯანელები და სომხები) გამოყენებული არიან იმ მართულ სტატისტებად, ვისით მანიპულირებითაც სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია არ დალაგდება და მორიგი ცხელი წერტილები მაშინ "აგიზგიზდება", როდესაც ამას კრემლში მოინდომებენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს