ჰაუბიცების რამდენიმე ზალპი და მთის წვერზე მძვინვარე ხანძრის კერა ჩამქრალია - ტყის ხანძრების ჩაქრობა საჰაერო დაბომბვითაც?! - კვირის პალიტრა

ჰაუბიცების რამდენიმე ზალპი და მთის წვერზე მძვინვარე ხანძრის კერა ჩამქრალია - ტყის ხანძრების ჩაქრობა საჰაერო დაბომბვითაც?!

ამინდმა ზაფხულის ბოლომდე თითქმის დაგვინდო და დიდ სიცხეებს ყოველკვირეული წვიმა ენაცვლებოდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს დაჭერილმა დიდმა გვალვამ მაინც თავისი ქნა, ჯერ გორის, შემდეგ კი ყვარლის რაიონებში ერთდროულად ორი ტყის ხანძარი გაჩნდა.

თანაც, ტყის ხანძრები, ჩვენთან ხომ, როგორც წესი, მიუვალ მთებში ხდება, სადაც მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანებსაც, რომლებიც გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წინდახედულად შეიძინა, უჭირთ ასვლა.

საქმეს ბევრად ვერც თავდაცვის ძალებისგან მობილიზირებული ყველგანმავალი სახანძროები, რომლებიც მუხლუხებიანი МТ-ЛБ-ს ბაზაზეა გადაკეთებული, უშველის, რადგან ზოგი ტყის აღმართი მათთვისაც დაუძლეველია. სახანძრო კალათით აღჭურვილ შვეულმფრენს ოპერატიულად შეუძლია ხანძრის კერაზე ზემოქმედება

ერთადერთ გამოსავლად ისევ შევეულმფრენები რჩება, რომლებსაც ყველაზე მიუვალი მთაგორიან რელიეფის მქონე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერებზე ზემოქმედება ჰაერიდან შეუძლიათ.  ყველაზე თანამედროვე სახანძრო მანქანასაც არ შეუძლია გაუვალ ტყეში ასვლა

საბედნიეროდ, შსს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის დაწყებისთვის მოასწრო ოთხი Ми-8МТ ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენის კაპიტალური გარემონტება ბელორუსში, თორემ ტყის ხანძრების ჩასაქრობად ისევ სხვა ქვეყნების ხანძარსაწინააღმდეგო ავიაციის იმედზე უნდა ვყოფილიყავით, როგორც ეს ორი წლის წინ ბორჯომთან მოხდა.

სახანძრო კალათებით აღჭურვილი შვეულმფრენები ყველა ხანძრის ჩაქრობის პანაცეა, რა თქმა უნდა, არ არის, ჯერ ერთი ამ კალათებში 1,5-2 ტონამდე წყალი თუ ეტევა და ისიც ეკიპაჟმა ხანძრის თავზე, რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე უნდა ჩამოცალოს,  ეს კი დიდი რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი საშუალება არ მოგვეპოვება. თავდაცვის ძალების მუხლუხებიანი სახანძრო, ბორბლებიან მანქანაზე უკეთესად 'აბობღდება' მთაზე, მაგრამ მას არასაკმარისი წყლის მარაგი მიაქვს

მაგრამ რჩება ისეთი რთული მონაკვეთები, სადაც ტყის ხანძრის ჩასაქრობად ვერც მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა "აბობღდება" და ავიაკატასტროფის შიშით ვერც შვეულმფრენი შეფრინდება (გავიხსენოთ ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას ავარიაგანცდილი მესაზღვრეების შვეულმფრენი). არსებობს კი სხვა გამოსავალი ძნელად მისავალ მთებზე ტყის ხანძრის ჩასაქრობად?

ჩინელები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალდებინ ტყის ხანძრებით, ასეთ სიტუაციებში, არც მეტი, არც ნაკლები, არტილერიის გამოყენებას აპირებენ. ჰაუბიცების რამდენიმე ზალპი და მთის წვერზე, ტყეში მძვინვარე ხანძრის კერა ჩამქრალია!

ჩინეთის პროვინცია შანსში ტყის ხანძრის ლოკალიზაციისთვის პირველად გამოიყენეს ახალი საარტილერიო სისტემა, რომელიც საბრძოლო, 122 მმ კალიბრის ჰაუბიცების ბაზაზე შეიქმნა. ეს ჰაუბიცა მაქსიმალურ, რვა კმ-ის სიშორეზე ისვრის საარტილერიო ჭურვს, რომელშიც ტროტილის მაგივრად მშრალი ფხვნილია ჩაპრესილი. ჭურვის მიზანში მოხვედრის შემდეგ ის იფანტება და ცეცხლის კერას აქრობს. ჭურვის კორპუსი არ წარმოქმნის დამაზიანებელ ეფექტს და ტყეს დიდ ზიანს არ მიაყენებს, მით უმეტეს, თუ ტყის ის მონაკვეთი ხანძრით ისედაც განადგურებულია.

სპეციალური ჩინური ხანძარსაწინააღმდეგო საარტილერიო ჭურვები

ერთი შეხედვით ძალზე მომგებიანი ჩანს მეთოდი - "კარგად დაუმიზნე და დისტანციურად "გაანადგურე" ცეცხლის კერა", ამისთვის არც მეხანძრეების გაგზავნა დაგჭირდება ხანძართან სახიფათოდ ახლოს და არც - შვეულმფრენების "ჩამოკიდება" აალებული ტყის თავზე.

მაგრამ არსებობს დამაფიქრებელი გარემოება - ერთ 122 მმ-იან ჭურვს ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 20 კვადრატულ მეტრზე შეუძლია, ანუ ერთ ჰექტარზე ხანძრის ჩაქრობისთვის 500 ხანძარსაწინააღმდეგო ჭურვის გასროლა იქნება საჭირო!

ეს ძალზე ძვირად ღირებული გამოსავალია, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა მთავარია შედეგი ნებისმიერ ფასად, რადგან საეჭვოა, მოიგოს ტურისტულმა ბიზნესმა ან საქართველოს იმიჯმა, თუკი მიუვალ მთაზე ხანძარი რამდენიმე დღე ან სულაც ერთი-ორი კვირა იბობოქრებს და ხელისუფლება უძლური იქნება, ჩააქროს მსოფლიოს ახალი ამბების ყველა გამოშვებაში "მოგიზგიზე" ესა თუ ის ქართული მთა.

 ჩინელი სამხედროების ნოუ-ჰაუ - საარტილერიო ჭურვებით მიუდგომელ ადგილას ხანძრის ჩაქრობა...

ამიტომაც უპრიანი იქნებოდა ჩინური ნოუ-ჰაუს საცდელი პარტიის - რამდენიმე ათეული ხანძარსაწინააღმდეგო ჭურვის შეძენა, რომელთა სასროლი 122 მმ-იანი ჰაუბიცები Д-30 –ები ისედაც არის ქართული არმიის შეიარაღებაში. ვინ იცის, იქნებ გაამართლოს ტყის გადასარჩენად მისმა "დაბომბვამ".

არსებობს ხანძრის ჩაქრობის კიდევ ერთი ტექნიკური საშუალება, კერძოდ კი ხანძარსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი АСП-500, რომელშიც ჩატუმბულია წყალი და ამ ბომბის დაცემის შემდეგ ხანძრის კერაზე წყლის გარდა,აფეთქებისას წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ძალაც მოქმედებს. ეს ხანძარზე უფრო ეფექტიანად მოქმედებს, ვიდრე რამდენიმე ათეული მეტრიდან შვეულმფრენის მიერ კალათიდან ჩამოღვრილი წყალი, რომლის დიდი ნაწილი ცდება ხანძრის კერას ან მაღალი ტემპერატურის გამო მიწამდე ვერც აღწევს წყლის წვეთების სახით.

АСП-500-ი 525 კგ-ს იწონის, მართალია მათი წაღება მესაზღვრეების Ми-8МТ-ებსაც შეუძლიათ პილონებზე ჩამოკიდებით, მაგრამ ქართულ მოიერიშეს Su-25KM "მიმინოს" რვა ასეთი ბომბის წერტილოვნად "ჩასმა" ძალუძს ტყის ხანძრის ეპიცენტრში და თუ ერთი ასეთი საავიაციო ბომბი ხანძარს 100 კვ.მ-ზე აქრობს, "მიმინოდან" ერთდროულად ჩამოყრილი რვა ბომბი ნახევარ ჰექტარზე ხომ მაინც "დაფარავს" ხანძრის კერას?

მაგრამ ამისთვის ჯერ ამგვარი ხანძარსაწინააღმდეგო ბომბებია მოსაძებნი და შემდეგ ჩვენი "მიმინოები" კაპიტალურად შესაკეთებელი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს