როგორ ვყიდულობდი რუსულ "შავ ზვიგენს" ქართული არმიისთვის - ის, რაც 20 წლის წინ არ დავწერე
როგორ ვყიდულობდი რუსულ "შავ ზვიგენს" ქართული არმიისთვის - ის, რაც 20 წლის წინ არ დავწერე
რუსეთში, მოსკოვთან ახლოს, ჟუკოვსკში ტრადიციული ავიაკოსმოსური გამოფენა МАКС-2019 გაიხსნა. მართალია ის თავისი პოპულარობით ფრანგულ ლე ბურჟესა და ბრიტანულ ფარნბოროს ვერ უტოლდება, მაგრამ მსოფლიოს ავიაკოსმოსური ინდუსტრიის წარმომადგენლების მაინც დიდ ყურადღებას იპყრობს, სხვადასხვა ქვეყნების სამხედროების მხრიდან ინტერესი დიდია, რადგან რუსეთი ამ გამოფენაზე საავიაციო შეიარაღების ახალ ნიმუშებსაც გამოჰფენს ხოლმე.
ასე იყო 20 წლის წინ, როდესაც ჟუკოვსკში ამ გამოფენაზე მომიწია ჩასვლა "თბილავიამშენის" ხელმძღვანელობასთან ერთად.

ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლდათ ამ გამოფენაზე, პირველად ორი წლით
ადრე, 1997 წელს ვიყავი, როდესაც გამოფენაზე წარმოდგენილი გვქონდა Як-58 ტიპის მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის რამდენიმე საცდელი ეგზემპლარი თბილისის საავიაციო ქარხანამ ააწყო.

1999 წლის გამოფენაზე ბევრი რამ იყო საინტერსო, რომელთა შესახებ მაშინ "კვირის პალიტრისთვის" რამდენიმე ექსკლუზიური სტატია გამოვაგზავნე, თუმცა იქ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტიც, რის დაწერაზეც
მაშინ, 20 წლის წინ თავი შევიკავე...

ის ეხებოდა ახალ რუსულ საბრძოლო შვეულმფრენს Ка-50 "შავ ზვიგენს", რომელიც მანამდე გასაიდუმლოებული გახლდათ და მისი პირველი სახალხო დემონსტრცია სწორედ ამ ავიაკოსმოსურ გამოფენაზე მოხდა.

"შავ ზვიგენთან" მანამდეც პატარა ისტორია მაკავშირებდა - 1988 წელს, შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტის რანგით საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებში ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს, ერთმა პილოტმა - კურსანტმა "შავი ზვიგენის" მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ნახატი მაჩუქა. მაშინ "შავ ზვიგენს" ედო გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" და ამ ნახატისთვის ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ალბათ დიდ თანხასაც არ დაიშურებდა. ნახატს დიდი სიფრთხილით მანამდე ვინახავდი, ვიდრე "შავი ზვიგენი" საავიაციო სალონებში არ გამოაჩინეს.

"შავი ზვიგენის" "ახლოს გაცნობა" კი 1999 წელს რუსეთში, ჟუკოვსკის საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე შევძელი. შვეულმფრენის წინ, მაგიდასთან, შუახნის მამაკაცი იჯდა, რომელმაც შეამჩნია შვეულმფრენით ჩემი დაინტერესება და მაგიდასთან მიმიწვია. მასპინძელი, არც მეტი, არც ნაკლები, "შავი ზვიგენის" შემქმნელი და საშვეულმფრენო-საკონსტრუქტორო ბიუროს, "კამოვის", გენერალური კონსტრუქტორი სერგეი მიხეევი აღმოჩნდა. ვისაუბრეთ მის "შავ ზვიგენზე", საქართველოს ბუნებაზე, ქართულ ღვინოებზე. ბოლოს შევბედე, - რამე რომ იყოს, "შავ ზვიგენებს" საქართველოს არ მიჰყიდით-მეთქი? კონსტრუქტორმა უყოყმანოდ მიპასუხა: "რატომაც არა! თითოს 12 მლნ დოლარად!"

თბილისში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში, საკმაოდ მაღალ დონეზე ნიადაგი მოვსინჯე, მაგრამ კინაღამ სასაცილოდ ამიგდეს - რა "შავი ზვიგენი", ბიუჯეტი ჯარისკაცების ჩასაცმელად და გამოსაკვებად არ გვყოფნისო...

ერთადგილიანი Ка -50 "შავი ზვიგენი" მისმა გენერალურმა კონსტრუქტორმა მიხეევმა სერიაში ვერ ჩააშვებინა, თუმცა დღეს რუსეთის საარმიო ავიაციის არსენალში მისი ორადგილიანი ვარინტები Ка-52 "ალიგატორებია", რომელთა ნაწილი ჩრდილო კავკასიის აეროდრომებზეცაა განთავსებული და მათ საბორტე კომპიუტერებში შეყვანილ სამიზნეებში ქართული დასახელებებიც მრავლად მოიძებნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები