სკრიპალი - "ნოვიჩოკით", ხანგოშვილი - "გლოკით"... - ვისი ხელი ურევია ზელიმხან ხანგოშვილზე წლების წინ გამოცხადებულ ნადირობაში? - კვირის პალიტრა

სკრიპალი - "ნოვიჩოკით", ხანგოშვილი - "გლოკით"... - ვისი ხელი ურევია ზელიმხან ხანგოშვილზე წლების წინ გამოცხადებულ ნადირობაში?

ბერლინში, რაიხსტაგის სიახლოვეს მაყუჩიანი "გლოკით" მოკლეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც კრემლი და კადიროვი დიდი ხანია ნადირობდნენ...

23 აგვისტოს, ბერლინში, რაიხსტაგის სიახლოვეს პარკში თავისთვის მიმავალ ადამიანს უკნიდან ველოსიპედისტი დაეწია და მაყუჩინი პისტოლეტიდან ჯერ ზურგში, შემდეგ კი საკონტროლოდ თავში ესროლა...

გაოგნებული გამვლელები უყურებდნენ, როგორ მოიხსნა ველოსიპედისტ-კილერმა პარიკი და ის ველოსიპედთან და მაყუჩიან პისტოლეტთან ერთად იქვე გამდინარე შპრეეში გაყარა.

კილერი წინასწარ გამზადებულ მოპედზე გადაჯდა თავის საშველად, მაგრამ ორმა გამვლელმა პარკში მორიგე საპოლიციო დანაყოფს დროულად აუწყა მის შესახებ და კილერი მალევე დააკავეს.

ის რუსეთის მოქალაქე, 49 წლის ციმბირელი ვადიმ სერგეევიჩი აღმოჩნდა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა აღებული თვითმფრინავის ბილეთი და რამდენიმე საათში მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. მის დროებით საცხობრებელში დიდი რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს, ხოლო მდინარედან ამოღებული მკვლელობის იარაღი კი მაყუჩიანი 9 მმ-იანი "გლოკ-26" აღმოჩნდა. კილერმა ამგვარი მაყუჩიანი "გლოკ-26" გამოიყენა

გერმანელ გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კილერის პასპორტი ყალბია, რადგან ეს მკვლელობა ძალიან წააგავს შეკვეთილს, მით უმეტეს, რომ მსხვერპლი გერმანიის სპეცსამსახურებისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რადგან საქართველოს ამ მოქალაქის პიროვნებამ რამდენჯერმე მიიპყრო სხვადასხვა ქვეყნის მასმედიისა და რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების ყურადღებაც.

რაიხსტაგის სიახლოვეს მოკლულის ქართულ პასპორტში თორნიკე ქავთარაშვილი ეწერა, თუმცა მისი ნამდვილი სახელი და გვარი ზელიმხან ხანგოშვილი იყო.

საქართველოს, პანკისის ხეობის მკვიდრ 41 წლის ზელიმხან ხანგოშვილზე რუსეთის ფედერაციამ ძებნა ჯერ კიდევ 2002 წელს გამოაცხადა, იმის გამო, რომ ის ჩეჩნეთის მეორე ომში 50-60 კაციანი რაზმით რუს ფედერალებს ებრძოდა და ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან დაახლოებული პირი გახლდათ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ზოგიერთი მონაცემის თანახმად ზელიმხან ხანგოშვილმა პანკისის ხეობაში ორასამდე მებრძოლი შეკრიბა ქართული არმიის დასახმარებლად, თუმცა საბრძოლო მოქმედებების მალევე დამთავრების გამო, ეს დახმარება არ შესდგა.

პანკისელი საბრძოლო მეთაურის ხანგოშვილის პიროვნებამ მასმედიის ყურადღება 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიიპყრო, როდესაც ის ქართულ სპეცსამსახურებსა და ხეობაში მყოფ ჩეჩნური რაზმს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და თითქოს თანამდებობაც კი ეკავა ანტიტერორისტულ ცენტრში. ხანგოშვილის მანქანა, რომელიც თბილისში დაცხრილეს

2015 წელს თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის შავი ფერის მსუბუქი ავტომობილი რვა ტყვიით დაცხრილეს,აქედან ხანგოშვილს ხელში და მხარში ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა, რის შემდეგაც ოჯახიანად ჯერ უკრაინაში წავიდა, შემდეგ კი თავშესაფარი გერმანიაში ჰპოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მას იქაც მისწვდა ხელი...

მაგრამ ვისი ხელი ურევია ზელიმხან ხანგოშვილზე გამოცხადებულ ნადირობაში, ჯერ თბილისის ცენტრში დაჭრასა და ბოლოს ბერლინის რაიხსტაგთან მკვლელობაში?

2009 წლის 13 ინვარს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, თავში ორი გასროლით მოკლეს ჩეჩენი უმარ ისრაილოვი, რომელიც მანამდე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პირადი მცველი იყო, მაგრამ მასთან დაპირისპირების გამო ავსტრიაში გაიქცა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ამ მკვლელობის მთავარი ვერსია მაინც ჩეჩნეთის პრეზიდენტამდე მიდიოდა, რომელმაც არ აპატია ყოფილ მცველს გაქცევა და დასავლური პრესისთვის ინტერვიუების მიცემა, რომელშიც კადიროვის რეჟიმის მკაცრი კრიტიკა ისმოდა. სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად

2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთში ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების საიდუმლო ნივთიერებით "ნოვიჩოკით" მოწამლეს რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართვლოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი, რომელიც მანამდე რუსეთში გასამართლებული იყო სახელმწიფო ღალატის მუხლით და მოგვიანებით გაიცვალა დასავლეთში დაკავებულ რუს აგენტებზე. მოწამვლის შედეგად,სკრიპალი და მისი ქალიშვილი ძლივს გადარჩნენ, მაგრამ დაიღუპა ერთი ქალი, რომელმაც გამოყენებული და გადაგდებული სუნამოს ბოთლი იპოვა, რომელშიც შენიღბული იყო "ნოვიჩოკი".

ეს ორი ისტორია იმიტომ გავიხსენეთ, რომ მკითხველისთვის ცხადი იყოს - რუსეთის სპეცსმსახურები აგრძელებენ პოლიტიკურ მკვლელობებს თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ჯერ კიდევ ბოლშევიკებმა დაიწყეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.

ზელიმხან ხანგოშვილის ასეთი ღია, დემონსტრაციული, მკვლელობის უკან უდავოდ იკვეთება რუსეთის ფედერაციის ინტერესები, ოღონდ გასარკვევია, ეს კრემლის დონეზე დაიგეგმა, თუ ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დავალებით განხორციელდა.

კადიროვს გააჩნია იმის სრული ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები, რომ მსოფლიოს ნებიმიერ კუთხეში მისთვის არასასურველი პიროვნების ლიკვიდაცია შეუკვეთოს, თუმცა რამდენად ათანხმებს ის ამ სპეცოპერაციებს კრემლთან, ძნელი სათქმელია...

2015 წელს თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტი ქართულმა მარლმსაჯულებამ, ფაქტობრივად, არ გამოიძია, მაშინ რომ მომხდარიყო თავდამსხმელების ზუსტი იდენტიფიკაცია, ბევრი რამ სხვანაირად წავიდოდა, უბრალოდ მიუღებელია, რომ შენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში დაკვეთილ თავდასხმას ახორციელებენ და დაუსჯელად მიდიან.

გერმანიის პოლიციამ ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო პროფესინალურად იმოქმედა და ახლა მისი გამომძიებლების პრესტიჟის საქმეა აალაპარაკონ რუსი კილერი, რის შემთხვევაშიც ხანგოშვილის საქმე გადაფარავს სკრიპალის მოწამვლას და დასავლეთის მხრიდან რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების კიდევ ერთი საბაბი შეიძლება გახდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს