ოსები ამტკიცებენ, პოლიციის პოსტზე ქართველები ბომბსაფარს აწყობენო... - რა ჩანს ოსების დრონიდან გადაღებულ ფოტოზე? - კვირის პალიტრა

ოსები ამტკიცებენ, პოლიციის პოსტზე ქართველები ბომბსაფარს აწყობენო... - რა ჩანს ოსების დრონიდან გადაღებულ ფოტოზე?

ჩორჩანასა და წნელისის შუაში, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობის წინააღმდეგ ოსი სეპარატისტების მხარემ განსაკუთრებით გაილაშქრა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საგუშაგო თავად სეპარატისტების მიერ გავლებული "ბორდერიზაციის" ხაზის შიგნით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ულტიმატუმების გარდა ოსური მხარე ავრცელებს სხვადასხვა დეზინფორმაციას, მათ შორის იმასაც, რომ თურმე ქართველი პოლიციელები ამ საგუშაგოზე ბომბსაფარს აწყობენ, იქ იარაღის დიდ მარაგს შეინახავენ და თითქოს დიდი ომისთვის, შეიძლება "ბირთვული ომისთვისაც" კი ემზადებიანო...

სინამდვილეში, ამ მშენებარე საგუშაგოზე, რომელიც უცხოელმა დამკვირვებლებმაც მოინახულეს და ჟურნალისტების მთელმა "არმიამაც" დეტალურად გადაიღო, არავითარი გრანდიოზული ბომბსაფარი არ კეთდება.

ოსური მხარის მიერ დრონიდან გადაღებული ქართული პოლიციის მშენებარე საგუშაგოს ფოტოზე აღბეჭდილი ჩაბეტონებული სარდაფი კი იმისთვისაა, რომ საგუშაგოზე თავდასხმის შემთხვევაში ჩვენმა პოლიციელებმა ტყვიებისგან თავი შეაფარონ, მაგრამ როგორ დაიცავს იგივე სარდაფი ნაღმსატყორცნის ნაღმების დაცემისგან, ცოტა საეჭვოა.