სიურპრიზი არმიისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ოლიმპზე თავდაცვის მინისტრად ბრუნდება
სიურპრიზი არმიისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ოლიმპზე თავდაცვის მინისტრად ბრუნდება
სამთავრობო ცვლილებებზე ათასი ჭორ-მართალის გავრცელება ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ დაიწყო, ბოლო დღეებში კი მასმედიამ თითქმის ბეჭედი დაუსვა - გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად მოდის, ირაკლი ღარიბაშვილი კი ისევ შინაგან საქმეთა მინისტრად ბრუნდებაო...

თითქოს ყველაფერი იმ სცენარით მიმდინარეობდა, რაც ჟურნალისტებმა სამთავრობო სტრუქტურების კულუარებიდან გამოიტანეს - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, მეორე დღეს კი მის ადგილზე შსს-ს უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინეს, მაგრამ მოხდა დიდი სიურპრიზი-შსს-ს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მართლაც ბრუნდება დიდ პოლიტიკაში, მაგრამ არა "მშობლიურ" შსს-ში, არამედ... თავდაცვის მინისტრად.

ეს სიურპრიზი ვერცერთმა ექსპერტ-პოლიტიკოსმა გამოიცნო და ვერც რომელიმე ჟურნალისტმა მოჰკრა ყური წინასწარ ამის შესახებ პარლამენტისა თუ მთავრობის აპარატის დერეფნებში.

ერთი შეხედვით, მართლაც ცოტა უცნაურად გამოჩნდებოდა, რომ "დიდ პოლიტიკაში" დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი ისევ შსს-ს მინისტრის
სავარძელში ჩაჯმჯდარიყო, ანუ "მდინარეში მეორედ შევიდოდა", მაგრამ მეორე მხრივ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოზიციებიც ძალინ მყარად მოჩანდა - იზორია ამერიკელებს ისე "ჩაეხუტა", რომ მის მინისტრობას არაფერი ემუქრებაო, - ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ჯარში.

მართლაც, ლევან იზორიამ, რომლის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა 2016 წლის 1-ლ აგვისტოს, ასევე საკმაოდ დიდ სიურპრიზად იქცა ქართული არმიისთვის, სამწლიანი მინისტრობის პერიოდში საკმაოდ გაიმყარა პოზიციები, პირველ რიგში კი ამერიკელ, სტრატეგიულ პარტნიორებთან, რისთვისაც გერმანული ენის მცოდნე მინისტრმა ინგლისური სასწრაფოდ დახვეწა.

გვინდა თუ არა ამის ხმამაღლა აღიარება, ფაქტია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ხელისუფლება დიდი დაკვირვებით უყურებს ჩვენთან მიმდინარე სამთავრობო საკადრო ცვლილებებს და კულუარებს მიღმა გარვეული რჩევებიც გაიცემა.

ეს არაოფიციალური "ტრადიცია", რაც შევარდნაძის დროიდან მოდის, ყოველთვის ზუსტად როდი ხორციელდებოდა, მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ თბილისში მყოფი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების დიდი განცვიფრება გამოიწვია, რაც მათ გაოგნებაში გადავიდა იმის შემხედვარე, თუ რას აკეთებდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თითქმის ორი წლის განმავლობაში მყოფი ოქრუაშვილი.

სამაგიეროდ, აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრად დავით სიხარულიძის დანიშვნამ პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა გამოიწვია, რადგან იცოდნენ, რომ სიხარულიძე ოქრუაშვილივით ახალი წლის ცხინვალში აღნიშვნას, წინასწარ არ "დაანონსებდა"...

ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტს სამი წელი და ერთი თვე იკავებდა, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია, თუმცა ამ მხრივ ვერ დაეწია დავით თევზაძეს, რომელიც 18 თავდაცვის მინისტრში, ყველაზე "ხანდაზმული" აღმოჩნდა - თავდაცვის სამინისტროს ხუთი წელი ხელმძღვანელობდა.

სამწლიანი მინისტრობის პერიოდში იზორიას გუნდი გამოირჩეოდა აქტიურობით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ასპარეზზე, რაც საქართველოს პოლიგონებზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გახშირებასა და მასშტაბების ზრდაში გამოიხატა, ამასთანავე მისი მინისტრობის დროს დაიწყო რიგი პროგრამების განხორციელება, რამაც მომავალში, წესით, ქართული არმიის გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნად თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას გადაყვანის გადაწყვეტილები არ უნდა იყოს საღ აზრს მოკლებული, რადგან წინა თანამდებობებზე მუშაობისას, მას დაუგროვდა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების საჭირო გამოცდილება. ამასთანავე, უკეთესია, როდესაც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რომელიმე მოქმედი მინისტრი არ არის, რადგან მას მეტი დრო ექნება ძირითად და ასე მნიშვნელოვან სამუშაოს მთელი დრო დაუთმოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ჩაწერილია, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ერთ-ერთი მინისტრი უნდა იყოს.

ირაკლი ღარიბაშვილს ძალოვანი სტრუქტურის-შსს-ს მართვის ერთწლინი და პრემიერ-მინისტრობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. მართალია, თავდაცვის სტრუქტურის მართვას თავისი ნიუანსები გააჩნია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, მით უმეტეს, რომ თავდაცვის მინისტრის სავარძელში, დაწყებული 1991 წლიდან ზოგი ისეთი პიროვნება გვინახავს, რომელთა ახლოს მიშვება ჯართან უბრალოდ დანაშაული იყო.

კანონის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ფუნქციები კონკრეტულადაა გამიჯნული, ანუ სამოქალაქოებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ, სამხედროებმა კი თავისი, თუმცა რამდენად ხდება არაოფიციალურად ჩარევა ერთმანეთის კომპეტენციებში (განსაკუთრებით კი სამოქალაქოებისა სამხედრობის საკითხებში) სხვა თემაა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში დიდი ალბათობით, საკუთარი გუნდით მივა, რაც დროში მეტ-ნაკლებად გაწელილ საკადრო ცვლილებების პროცესს განაპირობებს.

ახალ თავდაცვის მინისტრს (პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ) მოუწევს ორ, ძირითად "ფრონტზე ბრძოლა" - საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დონის შენარჩუნება და გაზრდა, ასევე ქვეყნის შიგნით, ქართული არმიისთვის სამართებლივი და ფინანსური სახის უზრუნველყოფა, საერთო ჯამში ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაძლიერებლად.

საქმე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რადგან 30-ათასიანი კოლექტივი, ფაქტობრივად, "ქვეყანას ქვეყანაში" წარმოადგენს და მას მუდმივი ყურადღება - მართვა სჭირდება და მალე ვნახავთ "ახალი სისხლის" - საქართველოს მე-19 თავდაცვის მინისტრის ხელში ქართულ არმიაში რა ცვლილებები (იმედია, მხოლოდ დადებითი) განხორციელდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


გია
04 სექტემბერი 2019 13:52
საძონძეთი.....
პრაღა
03 სექტემბერი 2019 15:51
ჩზ ? ვავა ვავა ჩქიმი ცოდვა
გიგა
03 სექტემბერი 2019 15:13
ქართული არმიის დასასრული.

რუბრიკის სხვა სიახლეები