ახალი ძალოვანი მინისტრები საპარლამენტო არჩევნების "მოსამზადებლად"?
ახალი ძალოვანი მინისტრები საპარლამენტო არჩევნების "მოსამზადებლად"?
თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის, ხოლო შსს მინისტრად კი ვახტანგ გომელაურის შერჩევა შეიძლება იმაზეც მიანიშნებდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე ფიქრი და მოქმედება ერთი წლით ადრე დაიწყო. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს თითქმის 80- ათასიანი კოლექტივის უკან მათი ოჯახის წევრებიც დგანან, რაც ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ელექტორატის საერთო რიცხვს 300 ათასამდე წევს, ეს რაოდენობა კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ფაქტია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამხედროებისა და
პოლიციელების, ასევე მათი ოჯახების ერთსულოვანი მხარდაჭერა "ქართული ოცნებასთან" ასოცირებულ კანდიდატს ნაკლებად ჰქონდა, რაც კარგად გამოჩნდა ავღანეთში გახსნილ სპეციალურ საარჩევნო უბნებზეც.

დღეს, საბედნიეროდ ის დრო აღარ არის, როდესაც სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის წინ, სამხედროებს სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერისთვის ყაზარმებში წინასწარ "ამუშავებდნენ"( "ნაციონალური მოძრაობა"
რატომღაც ივიწყებს თავის ამ მრავალწლიან უკანონო ქმედებებს) და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს თავისი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლიათ ხმის ისე მიცემა, რომ მათ არჩევანს ვერავინ გააკონტროლებს (თუმცა, თუკი ერთი წლის შემდეგაც ავღანეთში იქნება ქართული სამხედრო კონტინგენტი, იქ გახსნილ სპეციალურ საარჩევნო უბნების მონაცემებით ცნობილი გახდება თუ რომელი პარტიის შეპირებები უფრო დაიჯერეს მისიაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა).

ასე, რომ ვერც ღარიბაშვილი და ვერც გომელაური პირდაპირ ვერ აიძულებენ ხელქვეითებს "ქართულ ოცნებას" მიეცით ხმაო, მაგრამ მათ სამაგიეროდ შეუძლიათ ქართული ოცნებისთვის" ჯარისკაცების, სერჟანტებისა და ოფიცრების,ასევე მათი ოჯახების წევრების გულის მოგება იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელში მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გამომჯობინდება და ყველა მოქალაქე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ჩათვლით, დაინახავს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე გაიზარდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები