რითი ემუქრება "ნავთობის ომი" საქართველოს... - კვირის პალიტრა

რითი ემუქრება "ნავთობის ომი" საქართველოს...

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალების აფეთქებაში ეჭვმიტანილ ირანზე შურისძიების საპასუხო დარტყმები მსოფლიოს "ნავთობის დიდი ომის" გაჩაღების წინაშე დააყენებს, რაც ახლო აღმოსავლეთის სამეზობლოში მყოფ საქართველოზეც ნეგატიურად აისახება...

თითქოს არ გვეყოფნიდეს ჩვენი შიდა პრობლემები - რუსული ოკუპაციის, სეპარატისტების თავხედობის თუ ეკონომიკური პრობლემების სახით, რომ კიდევ ერთი ახალი საშიშროების წინაშე დადგეს საქართველო...

მაგრამ რეალობა ასეთია-სამხრეთ კავკასიის სამეზობლოში მყოფ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი მწიფდება, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში "ნავთობის ომის" სახელით შეიძლება შევიდეს.

რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის რამდენიმე ნავთობტერმინალის  აფეთქება საჰაერო დარტყმების შედეგად, რომელშიც დრონების გარდა, ფრთოსანი რაკეტებიც იყო გამოყენებული, თითქმის ბოლო წერტილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საჰაერო დარტყმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მაშინვე ჰუსიტებმა აიღეს, თითქმის ეჭვს გარეშეა, რომ ასეთი სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით რთული და ზუსტი წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება ჰუსიტებზე ბევრად უფრო მომზადებულ ძალას, კერძოდ კი ირანის ისლამური რესპუბლიკის რეგულარული შეიარაღებული დანაყოფების მიერ შეიძლება განხორციელებულიყო.

ვიდრე დასავლეთის სპეცსამსახურები ამ საჰაერო თავდასხმებში ირანის მონაწილეობის ფაქტებს ეძებენ, აშშ-მა და საუდის არაბეთმა თავიანთი არმიების საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს და როგორც კი აღმოჩნდება "ირანული კვალის" დამადასტურებელი უტყუარი დეტალები ,ამ ქვეყნის მიმართ, სავარაუდოდ, საპასუხო, შურისძიების ლოკალურ დარტყმას განახორციელებენ.

მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს ყველაფერი დიდ "ნავთობის ომში" გადაიზარდოს, რომელიც უკვე მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეეხება, პირველ რიგში კი ნავთობპროდუქტებზე ფასების კატასტროფულად ზრდის სახით.

საქართველოში ამას უკვე "მივეჩვიეთ" - ჩვენებური "ბენზინის მეფეები" მხოლოდ იმის მოლოდინში არიან საწვავზე მომენტალურად გაზარდონ ფასი, როგორც კი ახლო აღმოსავლეთში ვიმე "დააცემინებს".

თუმცა "ნავთობის დიდი ომის" დაწყების შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ ბენზინზე ფასის გაზრდა არ ემუქრება.

ირანი უშუალოდ ესაზღვრება ჩვენი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს და ირანში მასიური საჰაერო დაბომბვის დაწყებამ შეიძლება ათი ათასობით ლტოლვილი გააჩინოს, რომლებიც თავის გადარჩენას ჩრდილოეთში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთაში ეცდებიან. თუკი მათ ეს მოახერხეს, მაშინ საქართველოს ტერიტორიზეც ირანელი ლტოლვილების გამოჩენა რეალური გახდება, მით უმეტეს, რომ ირანელებს ფეხი თბილისში ისედაც კარგად აქვთ "მოკიდებული" და ლტოლვილი თანამოქალაქეების შეფარება-დაბინავებაში იაქტიურებენ.

კიდევ ერთ საშიშროებას ის ეკოლოგიური საფრთხე წარმოადგენს, რაც შეიძლება ირანის ტერიტორიაზე ნავთობტერმინალებისა და ბირთვული რეაქტორების განადგურებას მოჰყვეს, თუკი ქარი ჩრდილოეთით, სამხრეთ კავკასიის მოიმართულებით დაუბერავს...

სამაგიეროდ, ფაქტობრივად, მოხსნილია მესამე საფრთხის ალბათობა, თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან აშშ-ები ირანს საჰაერო დარტყმებს მიყენებსო, რაზეც ხმებს სპეციალურად ავრცელებენ, განსაკუთრებით კი რუსული მასმედია.

საქართველოს არ გააჩნია საერთო საზღვარი ირანთან და შესაბამისად ,ძალიანაც რომ უნდოდეთ ამერიკელ პილოტებს საქართველოდან ირანის ჩრდილოეთით შეფრენა, მათ ჯერ სომხეთის ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე უნდა გადაკვეთონ, ანუ ამ ქვეყნების ციდან უნდა დაესხნენ თავს ირანს.

იხილეთ ასევე: უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - თავდასხმა საუდის არაბეთში, ნავთობის საბადოებზე შეიძლება ომის მიზეზად იქცეს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს