საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", ანუ როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი"
საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", ანუ როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი"
ფოტო:სამტონიანი Як-23 მაქსიმალურ 925 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა


პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, რომელიც აშშ-ის თავზე დაფრინავდა თბილისში აწყობილი Як-23 იყო...

თბილისის საავიციო ქარხანას,რომელიც 1941 წელს ამუშავდა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა სამხედრო ავიაციის განვითარებაში, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდში - "ცივი ომისას".

მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების Як-15-ების სერიული წარმოება სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო 1947 წლიდან. იმ პერიოდში რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას მთელ მსოფლიოში ერთი ხელის
თითებზე ჩამოსათვლელი ქარხნები თუ ახერხებდნენ.

ამიტომაც ამერიკელ გენერლებს ძალიან აინტერესებდათ თუ "ცივი ომის" "ცხელ" ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, ჰაერში მათ რომელი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დაუპირისპირდებოდნენ, ამისთვის კი მათი ხელში ჩაგდება და გამოცდა იყო საჭირო.

ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო საიდუმლო ოპერაციის სახელწოდებით "პროექტი ალფა" განხორციელება, რის შედეგადაც რუმინელმა
პილოტმა მიხაი დიაკოანუმ 1953 წლის 24 ივნისს, საპატრულო ფრენისას თავისი Як-23 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი გაიტაცა და იუგოსლავიის აეროდრომზე დასვა.

სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირს იუგოსლავიის ლიდერთან ბროს ტიტოსთან ურთიერთობა უკვე საბოლოოდ ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც საბჭოთა წარმოების ეს საბრძოლო თვითმფრინავი იუგოსლავებმა ამერიკელებს გადაულოცეს.

Як-23 –ის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი Як-15-ისა და Як-17-ის, თბილისში იყო. თბილისის საავიაციო ქარხანაში 1949-1951 წწ-ებში საერთო ჯამში 313 ერთეული Як-23 ააწყეს.
 მოპარული თბილისური 'იაკის' პილოტის კაბინაში ამერიკელებმა საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს
სიმართლე რომ ითქვას, 1953 წლისთვის Як-23 უკვე მოძველებულ გამანადგურებლად ითვლებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანა ბევრად უფრო ძლიერი, МиГ-15 ტიპის რეაქტიული გამანადგურებლების აწყობაზე იყო გადასული, რომელსაც საბჭოთა მფრინავები კორეის ომში წარმატებით იყენებდნენ ამერიკულ "სეიბრებთან" ბრძოლისას.

შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ რუმინელებისთვის ნაჩუქარ და შემდეგ იუგოსლავიაში გატაცებულ უკვე მოძველებულ "იაკზე" მოსკოვში დიდად არ უდარდიათ, სამაგიეროდ ამერიკული დაზვერვა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო - მათ პირველად მოახერხეს საბჭოთა რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავის მოპარვა საიდუმლო ოპერაციის შედეგად!

მოპარული "იაკი" იუგოსლავიაში დაშალეს და კონტეინერით ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს. აწყობის შემდეგ ფრთებზე ამერიკული ვარსკვლავები დაახატეს და მისი სრულფასოვანი გამოცდა დაიწყო...

და აქ მოხდა კონფუზი! მოპარული "იაკის" სახით მათ მოძველებული, პირველი თაობის რეაქტიული გამანადგურებელი შერჩათ ხელში, რომელიც დიდად არაფრით სჯობდა მეორე მსოფლიო ომის პიონერ რეაქტიულ "მესერშმიტებსა" თუ "მეტეორებს".

იმედგაცრუებულმა ამერიკელებმა მოპარული "იაკი" მალევე ისევ დაშალეს და იუგოსლაველებს დაუბრუნეს-თქვენ უფრო გამოგადგებათო.
ასე იყო თუ ისე, ამერიკის ცაში, მართალია მოპარულის რანგში, მაგრამ მაინც პირველმა, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილმა რეაქტიულმა გამანადგურებელმ Як-23 -მა იფრინა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ასევე თბილისში გამოშვებულმა МиГ-15 და МиГ-21 ტიპის გამანადგურებლებმაც მოგვიანებით გაინავარდეს ჩრდილო ამერიკის თავზე, მაგრამ ეს უკვე სხვა საიდუმლო ისტორიებია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
23 სექტემბერი 2019 11:41
ნეტავი ირაკლი ღარიბაშვილი შეასრულებდეს დანაპირებს--აღადგენდეს თბილისის საავიაციო ქარხანას და ტყვია წამლის გამოშვებას უზრუნველყოფდეს, სტალინმა ავტონომიები ზომაზე მეტი შეგვიქმნა ერთიციცქნა საქართველოში, მაგრამ მრეწველობა მძლავრი ტემპით განავითარა. ახლაც "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს--წარმოება, ნაწარმის შექმნა თვითკმარი ე კ ო ნ ო მ ი კ ა, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა სიჭარბე-- როგორმე უნდა შევძლოთ ამ - დ ი ლ ე მ ი ს გადაჭრა---ღმერთო, ხელი მოგვიმართე! ამინ!
levanis
21 სექტემბერი 2019 16:08
Levan dzmao rato iyo ici migebis danakargi? Tu gainteresebs getyvi imito ro mag migebis 80% piloti koreeli iyo titqmis gauwvrtneli koreelebi
ირაკლი ალადაშვილი
21 სექტემბერი 2019 14:14
ლევანის

ასეთი კომენტარის დამწერს რა ვუთხარი,რატომ კითხულობთ იმას რაც არ გაინტერესებთ და რატომ აკეთებთ კომენტარს იმაზე რაშიც ვერ ერკვევით?! კორეის ომში „მიგებისა“ და „სეიბრების“ ორთაბრძოლაში დანაკარგების თანაფარდობა დღემდე ზუსტად არ არის შეფასებული,თუნდაც იმიტომ,რომ ამერიკელები ყველა ჩამოგდებულ თვითმფრინავს „მიგად“ ნათლავდნენ და როგორც წესი,ორივე მხარე თავის დანაკარგებს ამცირებდა,მოწინააღმდეგისას კი ზრდიდა.რეალობასთან შეიძლება ახლოს იყოს ორ ჩამოგდებულ „მიგზე“ ერთი „სეიბრი“ და არა ერთი ათზე. და ვინც ამას წერს „ეს პატარა რუსეთის პროპაგანდისტები“,ან არ წაუკითხავს ამ ბლოგის ავტორის სხვა სტატიები ან ძალიან წააგავს გასული ხელისუფლების ტროლებს...

ირაკლი ალადაშვილი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები