საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", ანუ როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი" - კვირის პალიტრა

საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", ანუ როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი"

პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, რომელიც აშშ-ის თავზე დაფრინავდა თბილისში აწყობილი Як-23 იყო...

თბილისის საავიციო ქარხანას,რომელიც 1941 წელს ამუშავდა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა სამხედრო ავიაციის განვითარებაში, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდში - "ცივი ომისას".

მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების Як-15-ების სერიული წარმოება სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო 1947 წლიდან. იმ პერიოდში რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას მთელ მსოფლიოში ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ქარხნები თუ ახერხებდნენ.

ამიტომაც ამერიკელ გენერლებს ძალიან აინტერესებდათ თუ "ცივი ომის" "ცხელ" ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, ჰაერში მათ რომელი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დაუპირისპირდებოდნენ, ამისთვის კი მათი ხელში ჩაგდება და გამოცდა იყო საჭირო.

ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო საიდუმლო ოპერაციის სახელწოდებით "პროექტი ალფა" განხორციელება, რის შედეგადაც რუმინელმა პილოტმა მიხაი დიაკოანუმ 1953 წლის 24 ივნისს, საპატრულო ფრენისას თავისი Як-23 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი გაიტაცა და იუგოსლავიის აეროდრომზე დასვა.

სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირს იუგოსლავიის ლიდერთან ბროს ტიტოსთან ურთიერთობა უკვე საბოლოოდ ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც საბჭოთა წარმოების ეს საბრძოლო თვითმფრინავი იუგოსლავებმა ამერიკელებს გადაულოცეს.

Як-23 –ის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი Як-15-ისა და Як-17-ის, თბილისში იყო. თბილისის საავიაციო ქარხანაში 1949-1951 წწ-ებში საერთო ჯამში 313 ერთეული Як-23 ააწყეს.  მოპარული თბილისური 'იაკის' პილოტის კაბინაში ამერიკელებმა საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს

სიმართლე რომ ითქვას, 1953 წლისთვის Як-23 უკვე მოძველებულ გამანადგურებლად ითვლებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანა ბევრად უფრო ძლიერი, МиГ-15 ტიპის რეაქტიული გამანადგურებლების აწყობაზე იყო გადასული, რომელსაც საბჭოთა მფრინავები კორეის ომში წარმატებით იყენებდნენ ამერიკულ "სეიბრებთან" ბრძოლისას.

შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ რუმინელებისთვის ნაჩუქარ და შემდეგ იუგოსლავიაში გატაცებულ უკვე მოძველებულ "იაკზე" მოსკოვში დიდად არ უდარდიათ, სამაგიეროდ ამერიკული დაზვერვა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო - მათ პირველად მოახერხეს საბჭოთა რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავის მოპარვა საიდუმლო ოპერაციის შედეგად!

მოპარული "იაკი" იუგოსლავიაში დაშალეს და კონტეინერით ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს. აწყობის შემდეგ ფრთებზე ამერიკული ვარსკვლავები დაახატეს და მისი სრულფასოვანი გამოცდა დაიწყო...

და აქ მოხდა კონფუზი! მოპარული "იაკის" სახით მათ მოძველებული, პირველი თაობის რეაქტიული გამანადგურებელი შერჩათ ხელში, რომელიც დიდად არაფრით სჯობდა მეორე მსოფლიო ომის პიონერ რეაქტიულ "მესერშმიტებსა" თუ "მეტეორებს".

იმედგაცრუებულმა ამერიკელებმა მოპარული "იაკი" მალევე ისევ დაშალეს და იუგოსლაველებს დაუბრუნეს-თქვენ უფრო გამოგადგებათო.

ასე იყო თუ ისე, ამერიკის ცაში, მართალია მოპარულის რანგში, მაგრამ მაინც პირველმა, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილმა რეაქტიულმა გამანადგურებელმ Як-23 -მა იფრინა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ასევე თბილისში გამოშვებულმა МиГ-15 და МиГ-21 ტიპის გამანადგურებლებმაც მოგვიანებით გაინავარდეს ჩრდილო ამერიკის თავზე, მაგრამ ეს უკვე სხვა საიდუმლო ისტორიებია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს