ამერიკულმა სადესანტო კატამარანმა ღუზა ფოთის ნაცვლად ოდესის პორტში ჩაუშვა - კვირის პალიტრა

ამერიკულმა სადესანტო კატამარანმა ღუზა ფოთის ნაცვლად ოდესის პორტში ჩაუშვა

უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დიდი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ოდესის პორტს ამერიკული სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი "იუმა" ეწვია. ამერიკული ხომალდები უკრაინული პორტების ხშირი სტუმრები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცოტა უცნაურად გამოჩნდა, რომ სულ ახლახანს, 29 ივნისს, საერთაშორისო სამხედრო სწავლების ფარგლებში სწორედ ეს "იუმა" ერთხელ უკვე შევიდა ოდესის პორტში და რა აუცილებლობამ მოითხოვა სამიოდე თვეში "იუმას" სტუმრობის გამეორება?

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ უახლესი მოდელის, თანაც კატამარანის კონსტრუქციის ამერიკული სადესანტო ხომალდის შავ ზღვაში შემოსვლის მთავარი მიზანი ფოთის პორტში სტუმრობა გახლდათ, რაც მართლაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს მეგობრული ვიზიტი სამწუხაროდ არ შედგა, რამაც ბუნებრივია ბევრი კითხვა გააჩინა. 'იუმა' გარეგნულად შეიძლება არამიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ ალუმინისგან დამზადებულ მის კორპუსს სპეციალურად არ ღებავენ

ოპოზიცია მაშინვე ეცადა ეს ფაქტი იმით აეხსნა, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად დაბლოკა ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელსაც კუდში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები "აეკიდნენ", ქართულ პორტში სტუმრობა და ამით კრემლის ბინადართა გული მოიგოო...

თავად ფოთის პორტის ხელმძღვანელობამ კი ყველაფერი წმინდა ინფრასტრუქტურული პრობლემებით ახსნა-ფოთის პორტში ნავმისადგომთან მდგარი კონტეინერმზიდი გემის დაცლის პროცესი ტექნიკური მიზეზებით დროში გაიწელა და "იუმას" ეკიპაჟმა ათსაათიანი ლოდინის შემდეგ პორტში შესვლაზე უარი განაცხადაო.

მიუხედავად კონკრეტული მიზეზის დასახელებისა, რის გამოც პრობლემა წამოიჭრა, მაინც ცოტა უცნაური სიტუაცია იქმნება, რადგან სამხედრო ხომალდების ოფიციალური ვიზიტები დიდი ხნით ადრე თანხმდება და ყველა ნიუნსის გათვალისწინება ხდება, მათ შორის ისეთისაც, რაც წარმოქმნილი პრობლემის მიზეზად დასახელდა. 103 მ-ის სიგრძის 'იუმას' 300 საზღვაო ქვეითი და ტანკები 80 კმ/სთ(43 კვანძი) სიჩქარით გადაჰყავს

ამ სტატიის ავტორს კარგად ახსოვს პირველი ამერიკული სამხედრო ხომალდის სტუმრობა ფოთის პორტში ამ ოციოდე წლის წინ და ის მიღებაც რესტორან "ფაზისში", რაც ამერიკული ეკიპაჟის ხელმძღვანელობას მოუწყეს... იმის გვეშინოდა მეორე დღეს ნაბახუსევზე ეკიპაჟს ხომალდი არ ჩაეძირა...

მას შემდეგ ფოთის პორტმა ათობით უცხოურ სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს უმასპინძლა და დიდი პრობლემა არასოდეს შექმნილა, ასე, რომ ჩავთვალოთ, "იუმასთან" დაკავშირებული გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება და ამ ძალზე საინტერესო კონსტრუქციის ამერიკულ სადესანტო ხომალდს კიდევ ვიხილავთ ფოთის ან ბათუმის პორტებში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს