პუტინს აფხაზების "არმია" გაახსენდა... - კვირის პალიტრა

პუტინს აფხაზების "არმია" გაახსენდა...

22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა განკარგულება,რომელიც დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს "აფხაზური არმიის" მოდერნიზაციისთვის.

26 წლის წინ, 1993 წლის სექტემბრის სწორედ ამ დღეებში, სოხუმში ალყაში მყოფნი ჩვენ თავზე განვიცდიდით რუსული სამხედრო მანქანის აფხაზი სეპარატისტებისთვის დახმარების მთელ ძალას - მაშინ კრემლს ამისთვის რაიმე ოფიციალური ბრძანებების გამოცემა არც სჭირდებოდა, ყველაფერი სიტყვიერი მითითებებით ხდებოდა...

რატომ დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ისედაც ბევრი საფიქრალი აქვს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და სადაზვერვო ხრიკების ჩაფიქრება-განხორციელების საიდუმლო საქმეებში, ორიათასიანი, ნახევრადრეგულარული აფხაზური "არმიის" პრობლემების გახსენება და მის გაძლიერებაზე ფიქრი?

აფხაზური "არმია" თავისი რიცხოვნობით ერთ რუსულ მოტომსროლელ ბრიგადასაც ვერ უტოლდება და მისი გაძლიერება, არ გაძლიერებით საქართველოს ამ ოკუპირებულ ნაწილში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში "აღლუმი" აფხაზებს კი არა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს მე-7 სამხედრო ბაზის სახით მიჰყავთ.

მითუმეტეს, რომ 2015 წლის ნოემბერში შეიქმნა "გაერთინებული დაჯგუფება აფხაზეთში", რომელშიც რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის გარდა შევიდა აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ორი ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი, სარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი.

ამ "გაერთინების" შემდეგ, რომელიც რეალურად შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ლომის წილის "გადაყლაპვად", რაღა დარჩა სეპარატისტულ სოხუმს, რომ "არმიად" ჩაითვალოს და თანაც მის მოდერნიზაციაზე იფიქროს?

კრემლმა "ჩვენებური" სეპარატისტები, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კარგად გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლინობის წინააღმდეგ ბრძოლაში (მათი გადასროლა არც უკრაინის წინააღმდეგ დავიწყებია ოკუპირებულ დონბასში), მაგრამ რუს გენერლებს აღარ სჭირდებათ წვერმოშვებული ავტომატიანი ოსებისა და აფხაზების ნაკლებადმართვადი შეიარაღებული რაზმები და მათ "შერწყმას" რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზების შემადგენლობაში იმიტომ ახდენენ, რომ "წვერი გაპარსონ" და მეტად გააკონტროლონ.

ყოველივე ამის ფონზე ჩნდება მოსაზრება, რომ პუტინის ზრუნვა "აფხაზური არმიის" (რომელიც ერთ რუსულ ბრიგადასც კი ვერ უტოლდება) მოდერნიზაციაზე, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ "პრეზიდენტად" "არჩეული" ძველი "პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის თვალში, ანუ "თქვენ სწორი ნაბიჯი გადადგით, რომ ისევ ხაჯიმბა აირჩიეთ ,სამაგიეროდ, რუსეთი თქვენს მხარესაა და ხედავთ არმიასაც გიძლიერებთო... - დაახლოებით ასეთია ის მესიჯი, რასაც კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლებს უგზავნის, რომელთა დიდი ნაწილი, ძირითადად აფხაზი ეროვნების ადამიანები, წინააღმდეგი იყვნენ ხაჯიმბას კანდიდატურის და მხარს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, კვიცინიას უჭერდნენ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კვიცინიას ხაჯიმბამ ძირითადად სომეხი ეროვნების ადგილობრივი მოსახლეობის ხმებით აჯობა, რამაც აფხაზებსა და სომხებს შორის ურთიერთობა დაძაბა.

ხაჯიმბას მეორედ "გაპრეზიდენტება", მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აფხაზების უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო, გარდაუვალად მოჩანდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თავისი მმართველობის, ფაქტობრივად, ორი ათეული წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან პოსტზე სპეცსამსახურებიდან მოსულ კადრებს ნიშნავს.

რაულ ხაჯინბა 1986-92 წლებში ტყვარჩელში საბჭოთა კე-გე-ბეს თანამშრომელი იყო, აფხაზეთის ომის დროს ტყარჩელში აფხაზების სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ისინი კი, როგორც ცნობილია, "თავისიანებს არ მიაგდებენ..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს