არ დასცინო სხვასაო, ანუ რა მოუვიდათ უპარაშუტოდ დესანტირებულ რუსულ "ბე-ემ-დე-ებს"
არ დასცინო სხვასაო, ანუ რა მოუვიდათ უპარაშუტოდ დესანტირებულ რუსულ "ბე-ემ-დე-ებს"
ფოტო:მიწაზე დანარცხებული რუსული "ბე-ემ-დე"
წინა ბლოგში რუსეთში გამართულ გრანდიოზული მასშტაბის საერთაშორისო სამხედრო სწავლება "ცენტრი-2019"-ის შესახებ ვწერდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ კრემლს რუსული შეიარაღების დემონსტრირებით ამერიკელების შეშფოთება-დაშინებაც გამოეწვია.
და აი სწავლების დამთავრების შემდეგ ინტერნეტში მაინც გაჟონა (რუსული სამხედრო ცენზურის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად) ვიდეო-ფოტო მასალამ, რომელზეც აღბეჭდილია ორენბურგის ოლქის, დონღუზის პოლიგონზე Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან БМД-2 ტიპის სადესანტო-საბრძოლო მანქანების დესანტირების მომენტი და ის, თუ როგორ არ ეხსნებათ მათ პარაშუტები და მთელი ძალით ენარცხებიან მიწას...

სამხედრო
სწავლებებზე ნებისმიერ ქვეყანაში ხდება უბედური შემთხვევები და არც ციდან მიწაზე დანარცხებული რუსული ჯავშანმანქანების უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენო ქართული ანდაზა - არ დასცინო სხვასაო, გადაგხდება თავსაო...
საქმე ის არის, რომ რუსულმა მასმედიამ და თვით რუსმა სახელმწიფო მოღვაწეებამაც კი თავის დროზე მწარედ დასცინეს ამერიკელებს,
როდესაც მათი სამი "ჰამვი" თვითმფრინავიდან დესანტირებისას მიწას დაენარცხა პარაშუტების არ გახსნის გამო.
საბჭოთა 'ბე-ემ-დე'-ეებმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაგვამახსოვრეს თავი...
ეს შემთხვევა 2016 წლის აპრილში გერმანიის პოლიგონზე მოხდა, როდესაც სატრანსპორტო "ჰერკულესიდან" დესანტირებულ სამ მაღალი გამავლობის "ჰამვის"(რომლის სამოქალაქო ვარიანტს "ჰამერს" ეძახიან) არ გაეხსნათ პარაშუტები და მიწაზე დანარცხებისას უფორმო მასად იქცნენ.

უნდა გენახათ რა სიხარულით აღიქვეს ეს რუსეთში - აი, ნაქები ამერიკული ტექნიკა, ამით რუსებს როგორ უნდა მოგვიგონ, გადავუვლით მთელ ამერიკასო - დაახლოებით ასეთი პათოსი ჰქონდა რუსულ პატრიოტულ გამოცემებსა და კომენტარებს.
როგორც მოგვიანებით გამოძიებამ გაარკვია ,ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის პრობლემა არაფერშუაში ყოფილა-ცხოვრებაზე განაწყენებულმა A173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ამერიკელმა სერჟანტმა ჯონ სკიპერმა თურმე დესანტირებამდე დანით გადაჭრა საპარაშუტო სისტემების ბაგირები და "ჰამვები" "სასიკვდილოდ" წინასწარ გაიმეტა...

არ ვიცი, ორი რუსული "ბე-ემ-დე"-ს მიწაზე დანარცხებაზე, რომელი რუსი სერჟანტი შეიძლება დაადანაშაულონ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულმა ანდაზამ გაამართლა...
აგვისტოს ომში დამწვარი რუსული БМД-2
ისე კი, მედესანტეთა საბრძოლო მანქანების დესანტირება (რომელიც ეკიპაჟის გარეშე ხორციელდება), რუსი სტრატეგების გეგმებში სერიოზულ ადგილს იკავებს, მაგალითად მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასხმისას აეროდრომის ბლოკირება-დაპყრობის და შემდეგ ამ აეროდრომზე დამატებითი დანაყოფების თვითმფრინავებით გადასხმის ოპერაციაში.

P.S. საბჭოთა "ბე-ემ-დე"-ებმა თავი 9 აპრილის ტრაგედიისას დაგვამახსოვრეს, აფხაზეთის ომშიც გვიპირისპირდებოდნენ, ხოლო აგვისტოს ომის დროს ქართულ მიწაზე შემოიჭრნენ და ერთი მათგანის ალუმინის კორპუსი თითქმის მთლიანად დადნა, როდესაც "მეგობრული ცეცხლით" თავად რუსული მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი "გაუმასპინძლდა"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები