ქურთები თურქებს პარტიზანულ ომში ჩაითრევენ? - კვირის პალიტრა

ქურთები თურქებს პარტიზანულ ომში ჩაითრევენ?

9 ოქტომბერს თურქეთის არმიამ სამი მიმართულებით შეუტია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს და ქურთების პოზიციებს ჯერ საჰაერო და საარტილერიო დარტყმები მიაყენა, შემდეგ კი ტანკები დაძრა შეტევების განსახორციელებლად...

ანუ მოხდა ის, რაც ჩემს ბლოგში, 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში "ტრამპმა ქურთები თურქებზე გაყიდა?" წინასწარ ვივარაუდე-როგორც კი ბოლო ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დატოვებდა ქურთების პოზიციებს, ერდოღანი სირიელ ქურთებს დაარტყამდა.

ქურთები და ამერიკელი დემოკრატები თვლიან, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ქურთებსა და აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს უღალატა, ტრამპი თავს იმართლებს და აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს გაატარებს, ოღონდ მაშინ თუკი თურქეთის არმია ქურთების გენოციდს დაიწყებსო.

მანამდე კი ბრძოლები სირიის ქალაქ ტელ-აბიადის სიახლოვეს მიმდინარეობს. 11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, რომელსაც თურქული მხარე ავრცელებს,მ ათ 277 ქურთი მებრძოლი გაანადგურეს და მხოლოდ ერთი თურქი ჯარისკაცი დაეღუპათ, ქურთები კი ამტკიცებენ, რომ ოთხი თურქული ტანკი ააფეთქეს და ორ ათეულამდე თურქი სამხედრო მოკლეს.

ბუნებრივია, რომ მოწინააღმდეგე მხარეები თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებენ, ესეც ომის, კერძოდ კი საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია.

ძალთა თანაფარდობა კი, რა თქმა უნდა, თურქეთის არმიის მხარეზეა, რადგან ქურთებს არც ავიაცია ჰყავთ და ვერც ბევრი ტანკითა თუ საარტილერიო დანადგარით დაიკვეხნიან, თუმცა ქურთების საარტილერიო დაბომბვის საპასუხოდ, მათ ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს საზღვრის მეორე მხარეს მდებარე პატარა თურქულ ქალაქს. თურქეთის არმიის შეტევების მიმართულებები სირიელ ქურთებზე

თუ შეიარაღების ყველა მიმართულებით ქურთები აგებენ თურქებთან, მაშინ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ?

ამ იმედს პარტიზანული ომი ჰქვია, მცირე საბრძოლო ჯგუფების გამოყენებით, რისი მდიდარი გამოცდილებაც ქურთებს "ისლამურ სახელმწიფოსთან", თითქმის ცხრაწლიანი სისხლისმღვრელი შეტაკებების დროს დაუგროვდათ.

სირიელი ქურთების მიერ გამოცხადებული პარტიზანული ომი კიდევ უფრო მძიმედ დაარტყამს თურქეთს, თუკი სირიაში მცხოვრებ თანამოძმეებს მხარს თურქეთის მოქალაქე მილიონობით ქურთიც აუბამს მხარს.

ამ საფრთხე კარგად გრძნობენ ოფიციალურ ანკარაში და ამიტომაც სურთ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ 480 კმ-ის სიგრძისა და 30 კმ სიგანის ბუფერული ზონა შექმნან, რათა სირიელი და თურქი ქურთების ურთიერთობის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანონ.

თურქეთის მიერ "მშვიდობის წყაროდ" მონათლული სამხედრო ოპერციის დაწყება დაგმეს ევროპის ქვეყნებმა, ეგვიპტემ, ისრაელმა, საუდის არაბეთმა და თვით ირანმაც კი.

არ არის გამორიცხული ზოგიერთი ამ ქვეყნის სპეცსამსახურებმა (პირველ რიგში კი ისრაელისა და საუდის არაბეთის) სირიელ ქურთებს საიდუმლო დახმარებები აღმოუჩინონ, მათ შორის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების სახით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თურქეთის არმიის საბრძოლო დანაკარგებს ავიაციისა და ჯავშანტექნიკის შეიარაღებაში.

იხილეთ ასევე "ტრამპმა ქურთები თურქებზე გაყიდა?"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს