ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება? - კვირის პალიტრა

ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება?

რუსეთმა მოახერხა სირიელების ქურთებთან დროებით შერიგება, შეტევაზე გადასული თურქეთის არმიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გასახსნელად

თურქეთის მიერ მეზობელი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის "მშვიდობის წყარო", მსვლელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება შევიდეს.

სირიაში რუსული საჰაერო ბაზის ჰმეიმიმის ტერიტორიაზე რუსმა დიპლომატებმა და გენერალიტეტმა ერთმანეთს შეახვედრეს სირიის პრეზიდენტ ასადის წარმომადგენლები და ქურთების "სახალხო თავდაცვის რაზმების" მეთაურობა, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სირიის არმიის დანაყოფების გადასასროლად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ქურთებთან ერთად თურქული არმიის შეტევების შეჩერება.

ეს პრეზიდენტ პუტინის მორიგი სერიოზული სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვებაა,  თანაც იმის ფონზე თუ როგორი სისწრაფით ახორციელებს ათასსკაციანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სასწრაფო ევაკუაციას სირიიდან მისი ამერიკელი კოლეგა.

"ისლამურ სახლმწიფოსთან" ბრძოლაში დასუსტებული სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება დღემდე იძულებით ეგუებოდა ქურთების ფაქტობრივ ავტონომიას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და თავს იკავებდა იქ სირიის არმიის დანაყოფების გადასროლისგან, რადგან ეს ქურთებთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ტოლფასი იქნებოდა.

თურქეთის არმიის მიერ სირიის ჩრდილოეთი საზღვრის გადმოლახვის შემდეგ კი, კრემლის კარნახით, თავად ქურთებმა სთხოვეს პრეზიდენტ ბაშარ ასადს გვერდში დადგომა და ოფიციალურ დამასკოს საუკეთესო საბაბი მისცეს სირიის საარმიო დანაყოფები იქ გადაესროლა, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ასადის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა. სირიის დროშიანი ტანკების გამოჩენამ ქურთების დასაცავად, ანკარა უნდა დააფიქროს...

თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის, სირიელებისა და ქურთების დროებითი გაერთიანება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სიახლე გახლდათ, ისევე ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ დაგმო ანკარას მიერ დაწყებული ეს სამხედრო ოპერაცია, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი წევრმა სახელმწიფოებმაც.

თურქეთის არმიის გენერალიტეტის სამხედრო ამოცანა, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მალე შესძლონ ძირითადი ქალაქების აღება და სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გაკონტროლება, რათა შექმნან უსაფრთხობის არანაკლებ 30 კმ-იანი ზოლი თურქეთ-სირიის საზღვრის გაყოლებაზე და გამორიცხონ სირიელი ქურთების ურთიერთობა თურქეთში მაცხოვრებელ ქურთებთან.

თურქების არ იყოს, არც სირიის ხელისუფლებას სურს ქურთების გაძლიერება და შეიძლება დღეს ისინი ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ თურქეთის არმიას, მაგრამ როგორც კი ოფიციალური დამასკო ძალას მოიკრებს, ისიც სირიელი ქურთების ფაქტობრივი ავტონომიის განადგურებას შეეცდება...

იხილეთ ასევე: "ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება" - როგორ უპასუხებს აშშ თურქეთის ქურთებზე თავდასხმას?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს