ვისთვის მოიცლის ამჯერად, სირიაში გამარჯვებული პუტინი? - კვირის პალიტრა

ვისთვის მოიცლის ამჯერად, სირიაში გამარჯვებული პუტინი?

ახლო აღმოსავლეთში "მთავარ მომრიგებლად" ქცეულ რუსეთის პრეზიდენტს "მადა" შეიძლება საქართველოსა და უკრაინის საბოლოო "გადაყლაპვაზეც" გაეხსნას...

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ტრიუმფის ზენიტშია - სწორედ ის კარნახობს თამაშის წესებს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, თურქი კოლეგა სოჭში ეახლება, ამერიკელი კოლეგა კი სირიიდან საერთოდ გარბის, ამის შემყურე, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები კრემლის მთავარ ბინადარს გრანდიოზულ დახვედრებს უწყობენ...

პუტინმა ამ ეტაპზე გაიმარჯვა და ახლო აღმოსავლეთის "მთავარ მომრიგებლად" იქცა, მაგრამ ვინ იქნება პუტინის ახალ "მენიუში" და რიგით, ვის ემუქრება კრემლის მიერ "გადასანსვლა"?

ახლო აღმოსავლეთში ასეთი წარმატების მიღწევის შემდეგ, ლოგიკური იქნებოდა, რომ მოსკოვს დიდი სურვილი გაუჩნდეს, ბოლოს და ბოლოს "ჭკუაზე" მოიყვანოს, რუსეთის მიერვე "ახლო საზღვარგარეთად" მონათლული საქართველო და უკრაინა, რომ შემდგომ, უკვე მთელი ძალებით ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც მოიცალოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკან დახევა სირიის კონფლიქტში და სირიელი ქურთების ფაქტობრივი მიტოვება, ბევრად ლახავს მსოფლიოს ამ უძლიერესი ქვეყნის იმიჯს არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სირიაში უკან დახეული ამერიკა უკვე ძნელად აღიქმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერების მთავარ გარანტად, არადა საქართველოში და მეომარ უკრაინაშიც დიდი იმედი სწორედ ოკეანისგაღმელ ზესახელმწიფოზე იყო და არის, რადგან ნატოს წევრი "ბებერი ევროპის" არანაკლებ ბებერ პოლიტიკურ ლიდერებს უახლოეს წარსულში არაერთხელ დაუხევიათ უკან რუსული ფაქტორის შიშით...

გვინდა თუ არა ამის აღიარება, დღეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბევრად უფრო ძლიერი მსოფლიო დონის პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი ამერიკელი კოლეგა, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთის, ისრაელის და მით უმეტეს, ევროპელ პოლიტიკოს ლიდერებზე.

პრეზიდენტი პუტინი ეცდება სირიაში მოპოვებული გამარჯვება გააორმაგოს ან სულაც გააათმაგოს საქართველოსა და უკრაინის "თავის ჭკუაზე" მოყვანის გზით.

საქართველოს შემთხვევაში კრემლს ამისთვის სამხედრო აგრესიის განახლება, სავარაუდოდ, არც დასჭირდება, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსული "რბილი ძალა" მთელი სიმძლავრით ამუშავდება...

გამოუცხადებელ ომში ჩათრეულ უკრაინაში უკვე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ერთპიროვნულად გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ქვეყნის სათავეში მოვიდა და მალე გამოჩნდება, ის თავს ბოლომდე დაუხრის კრემლს თუ კრემლის მთავარ ბინადარს მაინც დონბასელი სეპარატისტების საფარქვეშ მოუწევს რუსული ტანკებით კიევზე შეტევის წამოწყება...

რიგით მესამე მსხვერპლი კი რუსეთის მოძმე ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს ხელისუფლება იქნება (არ არის გამორიცხული, კრემლის მიერ ლუკაშენკოს საბოლოო "მოთვინიერებამ" ამ რიგში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს), რადგან ბელარუსის პრეზიდენტის ხშირი მცდელობა შეეწინაღმდეგოს მოსკოვის პირდაპირ ზეწოლას (მათ შორის, ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და უკრაინასთან მეტ-ნაკლებად მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების გამო), მისი რუსი კოლეგის გამძვინვარებას იწვევს და მოსკოვისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, მინსკში ლუკაშენკოზე უფრო დამყოლი, მარიონეტული ფიგურა დასვას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს