ამერიკული ჯარით ახალქალაქიდან სირიამდე? - კვირის პალიტრა

ამერიკული ჯარით ახალქალაქიდან სირიამდე?

ამერიკელი მრჩევლის სულელური იდეა, რომელიც საქართველოში ვიღაც-ვიღაცეებმა მოიწონეს...

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.

"შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს "ჰორიზონტს მიღმა" ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს "ისლამურ სახელმწიფოს", იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება", - წერს ლუკ კოფი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ამ ამერიკელი პოლიტიკური მრჩევლის შემოთავაზება მაშინვე მოიწონეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და განაცხადეს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პასუხი ამ შეთევაზებაზე იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან.

ლუკ კოფი

რუსეთთან მარტო დარჩენილ საქართველოს, რომ კიდევ დიდი პრობლემა ემუქრება არავინ უარყოფს, სტრატეგიული პარტნიორის (ყოველ შემთხვევაში, როგორც მას გვინდა დავუძახოთ) აშშ-ის სიტყვიერ მხარდაჭერას ფიზიკურად მხარში დგომაც რომ მოყვეს, თუნდაც მუდმივმოქმედი მცირე სამხედრო ბაზების სახით, არც ეს იქნებოდა ურიგო, მაგრამ ამ ამერიკელი მრჩევლის მიერ შემოთავაზებული იდეა, სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში დაბინავება და აქედან "სულ რაღაც 740 კმ-ში" ისევ სირიაში გადასროლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად, სისულელისკენ უფრო იხრება.

თუ მანძილს გამოვეკიდებით, მაშინ საქართველოს უკიდურესი სამხრეთი საზღვრიდან სირიის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვრამდე კიდევ უფრო ნაკლები, 400 კმ-მდეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მანძილი კი არ თამაშობს როლს, არამედ რომელი ქვეყნების საჰაერო თუ სახმელეთო სივრცებია გადასაკვეთი, რომ "ახალქალაქელმა ამერიკელმა" სამხედროებმა სირიამდე ჩააღწიონ.

ეს ძალინ წააგავს კიდევ ერთ შემოგდებულ თემას - ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკული თვითმფრინავები საქართველოდან დაბომბავენ ირანსო... არადა, რუკაზე ერთი დახედვაც კმარა იმის მისახვედრად, რომ ქართული ციდან ირანამდე მისაღწევად ან თურქეთის, ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეები გადასალახი.

ამ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა - ახალქალაქის ჰიპოტეტური ამერიკული სამხედრო ბაზიდან სირიაში დანაყოფების გადასროლის უმოკლესი გზა თურქეთზე გადის, სწორედ იმ თურქეთზე, რომელიც ქურთების გამო ნატოელ პარტნიორ თვით აშშ-ებსაც კი დაუპირისპირდა და თავისი სამხედრო ოპერაციით აიძულა ამერიკელი სამხედროები სასწრაფოდ მიეტოვებინათ ქურთები. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ანკარა ნებავს დართავს ამერიკულ სამხედრო კონვოის ახალქალაქიდან თურქეთის გზების გავლით სირიაში ჩავიდეს ან ვაზიანიდან აფრენილ ამერიკულ "ჰერკულესს" თურქეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთით სირიის აეროდრომზე დაეშვას. ეს ერთი.

მეორე - რატომ უნდა განთავსდეს საქართველოში რომელიმე ქვეყნის სამხედრო ძალა, თუ მისი მთავარი ამოცანა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა გახდება? ჩვენ მეათე წელია შორეულ ავღანეთში დიდი წვლილი (ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების ფარგლებში) შეგვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში და ეს სრულიად საკმარისია.

მესამე - ახალქალაქი სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს წარმოადგენს, სადაც გვინდა თუ არა ამის აღიარება, პრორუსული განწყობა სჭარბობს პროამერიკულს და დაძაბულობის ახალი კერის ხელოვნურად შექმნა მოუგვარებელი პრობლემის ფონზე, დაუშვებელია (მითუმეტეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები და სახელმწიფო პროპაგანდა ყველაფერს გააკეთებს აგვიფეთქოს სამცხე-ჯავახეთი, თუკი იქ მართლაც გამოჩნდებიან ამერიკელი სამხედროები).

მეოთხე - თუკი აშშ-ის ხელისუფლება მართლაც მოინდომებს საქართველოსთვის რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას, შეიძლებოდა სტრატეგიული ობიქტების, პირველ რიგში კი საზღვაო პორტებთან, აეროდრომებთან, პოლიტიკური და სამხედრო მართვის ორგანოებთან ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო დანაყოფების განთავსება, რომლებიც აღჭურვილნი იქნებოდნენ თანამედროვე საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემებით და ასევე სპეციალური მომზადება ექნებოდათ გავლილი ანტიდივერსიული მოქმედებების განხრით.

მაგრამ დღეისათვის ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არარეალურად მოჩანს, ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოკუპაციის საზღვართან, სოფელ ჩორჩანასთან ერთი კინკილა საპოლიციო საგუშაგოს გახსნის გამო, რამხელა ზეწოლა მივიღეთ რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მხრიდან და ადვილად პროგნოზირებადია კრემლის მწვავე რეაქცია საქართველოში ერთი პატარა ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის შემთხვევაში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს