რუსული თუ ამერიკული - რომელ 35-ეს აირჩევს ერდოღანი?! - კვირის პალიტრა

რუსული თუ ამერიკული - რომელ 35-ეს აირჩევს ერდოღანი?!

ამერიკული F-35 თუ რუსული Су-35 - ამ არჩევანს თურქეთისთვის მარტო წმინდა სამხედრო მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ამ გადაწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება საბოლოოდ მიუშვირა თუ არა ზურგი ერდოღანის თურქეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და პუტინის რუსეთის თანამოაზრე(დროებით მაინც) გახდა...

რუსული საზენიტო-სარაკეტო სიტემების С-400-ების თურქეთის მიერ შეძენა, ნატოსთვის და პირველ რიგში, ამერიკელებისთვის უდიდეს დარტყმად იქცა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე საჰაერო სივრცის კონტროლი სწორედ მის წევრ თურქეთს ევალება და რუსული საზენიტო სისტემების ჩართვა ამ ერთიანი კონტროლის სივრცეში ბევრ ფარულ საშიშრობას წარმოშობს, მათ შორის, რუსეთის დაზვერვის მიერ ნატოს ერთიანი საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემაში შეღწევის სახითაც.

მეორე დარტყმას ნატო და პირველ რიგში, ამერიკელები უკვე ელოდებიან, თუკი თურქეთის პრეზიდენტი რუსული ავიაგამანადგურებლების Су-35-ების პარტიას შეიძენს.

ერთი თვის წინ, რუსეთში საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე სტუმრობისას პუტინმა ერდოღანს სპეციალურად დეტალურად დაათვალიერებინა, როგორც პირველი რუსული "სტელს" გამანადგურებელი Су-57, ისე მოდერნიზებული Су-35. ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ერდოღან-პუტინის სტუმრობა რუსულმა მასმედიამ განსაკუთრებით ფართოდ გააშუქა და სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ თურქებს ცოტა უკლიათ 36 ერთეული მოდერნიზებული Су-35 შეიძინონო.

ეს აჟიოტაჟი მსოფლიოს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც აიტაცეს, რამაც დამატებით გამაღიზიანებლად იმოქმედა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაზე.

საქმე ის არის, რომ წლების წინ თურქეთმა ამერიკელებს მეხუთე თაობის ასი ერთეული F-35 ტიპის "სტელს" გამანადგურებელი დაუკვეთა. გასულ წელს ოთხი მათგანი უკვე დამზადებული იყო და მათზე ფრენების შესრულება აშშ-ში სპეციალურად გაგზავნილმა თურქმა სამხედრო მფრინავებმაც დაიწყეს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პუტინისგან საზენიტო С-400-ები შეიძინა, რის არ გაკეთებასაც მას დაჟინებით სთხოვდა ტრამპი, ამერიკელებმა დაბლოკეს თურქეთისთვის F-35 -ების მიყიდვის რამდენიმე მილიარდდოლარიანი პროგრამა, რითაც ძალაუნებურად უბიძგეს თურქებს რუსული Су-35-ები შეეძინათ.

მაგრამ, 29 ოქტომბერს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს რუსული Су-35-ების შეძენას და იმედი აქვს, რომ ამერიკელები F-35 -ების თურქეთისთვის მიწოდების პროგრამას განაახლებენ.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ამერიკული მეხუთე თაობის F-35 თავისი რიგი ტაქტიკურ-ტექნიკური პარამეტრებით აღემატება რუსულ მეოთხე თაობის, ოღონდ მნიშვნელოვნად მოდერნიზებულ Су-35-ს (პირველ რიგში, ბევრად ნაკლები რადიოლოკაციური შემჩნევადობის გამო) და გასაგებია თურქი გენერლების გეგმები, ჩაანაცვლონ მოძველებული F-16-ები ახალი თაობის F-35 -ებით და არა იმ Су-35-ებით, რომლებიც იმავე F-16-ების თანაეპოქელი, საბჭოთა Су-27-ების მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენენ.

რამდენად მოლბება ამერიკელების გული და როდის გაუხსნიან ნატოელ პარტნიორ - თურქეთს F-35 -ებისკენ მიმავალ კარს, ძნელი სათქმელია, რადგან იმავე 29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.

ეს თურქეთისთვის უდიდეს დარტყმად იქცევა აშშ-ის მხრიდან, რაც კიდევ უფრო დაძაბავს თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს და თითქმის წარმოუდგენლად აქცევს უახლოეს მომავალში ამერიკული F-35-ების მიყიდვას თურქეთის არმიისთვის.

გამოდის, რომ რუსეთს, Су-35-ების თურქებისთვის მიყიდვის შანსი ბოლომდე ჯერ არ დაუკარგავს?

პ.ს. სანამ თურქეთი გაურკვევლობაშია, რომელი გამანადგურებელი შეიძინოს, მეზობელ სომხეთში წლის ბოლომდე ოთხი რუსული Су-30СМ გადაფრინდება (რა თქმა უნდა, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით) და ერევანს შეიარაღებაში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი საბრძოლო თვითმფრინავები გამოუჩნდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს