რა მოჰყვება რუსეთსა და სერბეთს შორის ჯაშუშურ სკანდალს - დასრულდება პუტინ-ვუჩიჩის "რომანი"? - კვირის პალიტრა

რა მოჰყვება რუსეთსა და სერბეთს შორის ჯაშუშურ სკანდალს - დასრულდება პუტინ-ვუჩიჩის "რომანი"?

საქართველოს უნდა და არ იღებენ, სერბეთს არ უნდა და ნატო დაჟინებით ეპატიჟება.

სერბეთში დიდი ჯაშუშური სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა, რაზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გადასცემს ქუჩაში დიდ თანხას რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოდპოლკოვნიკი სერბეთის არმიის ოფიცერს.

სერბეთის სპეცსამსახურმა დაადასტურა ვიდეოკადრების სინამდვილე, თუმცა უარყო მათი გადაღებისა და გავრცელების ავტორობა.

დიდი ალბათობით, ბელგრადის ქუჩებში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ მომუშავე სამხედრო დაზვერვის ოფიცრის შეხვედრებს სერბეთის არმიის წარმომადგელთან დასავლეთის, შეიძლება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იღებდნენ და მათვე გაავრცელეს სოციალური ქსელებით, რათა სერბეთსა და რუსეთს შორის გარკვეული უთანხმოება შექმნან.

საქმე ის არის, რომ სერბეთის დღევანდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი არ მალავს რუს კოლეგასთან - პუტინთან კარგ ურთიერთობას, აღრმავებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთთან და აცხადებს, რომ სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და არ შევა არავითარ გაერთიანებებში ნატოსთან.

არადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ძალზე მონდომებულია, რომ სერბეთი ნატოს წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს. რუსეთისა და სერბეთის დროშის ფერებიც (ოღონდ გადაბრუნებულად) კი ემთხვევა...

საინტერესო სიტუაცია იქმნება - საქართველოს, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე ოცნებობს და ამისთვის რეალური წვლილიც შეაქვს ალიანსში, იქნება ეს სამშვიდობო კონტინგენტების გაგზავნა კოსოვოში, ერაყსა თუ ავღანეთში, მხოლოდ შეპირებებით "კვებავენ", ხოლო იმ სერბეთს, რომელსაც არ სურს ალიანსის წევრობა, ნატოში გაწევრებისკენ უბიძგებენ...

ამის ახსნა რთული არ არის-ევროპა-აზიის გასაყარზე მყოფი იმ საქართველოსთვის, რომელსაც ომიც კი ჰქონდა თვით რუსეთთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, დიდად თავის ატკივებას ევროპელი პოლიტიკური ლიდერები არ აპირებენ და მითუმეტეს ამის გამო კრემლთან დაპირისპირებას.

სხვა საკითხია სერბეთი, რომელიც ევროპის თითქმის ცენტრში იმყოფება, ნატოს წევრი ქვეყნების შუაგულში და იქ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება ნატოს არაფრის დიდებით არ სურს.

ამიტომაც დასავლეთს აწყობს, რომ მოსკოვ-ბელგრადს შორის შავმა კატამ გაირბინოს, რომელიც გააფუჭებს მათ შორის ურთიერთობებს და ასეთ შავ კატად რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ სერბი ოფიცრის "ყიდვის" ფაქტის გასაჯაროება იქცა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს