შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების "წამოკიდებას"?
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების "წამოკიდებას"?
პოლიტიკური ვნებათაღელვა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის ირგვლივ არ წყდება, თუმცა საპროტესტო აქციებს თავდაპირველი მუხტი დაკარგული აქვს, რასაც თავად ოპოზიციის ლიდერებიც კარგად ხედავენ, როდესაც მათი მიტინგები ყოველდღიურად მეჩხერდება.
საპროტესტო მუხტის ასაწევად, იმისთვის, რომ ქუჩაში ბევრად მეტი ადამიანი გამოიყვანონ,  ოპოზიციისთვის საჭიროა რაღაც მოიმოქმედონ, რაც ხელისუფლებას "წამოიკიდებს".  ისე რომ არ მოხდეს, ბოლოს მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები და მათთან ინტერვიუს ჩამწერი ჟურნალ
ისტებიღა შემორჩნენ...

ხელისუფლების "წამოკიდებას" ოპოზიცია 18 და 25 ნოემბერსაც შეეცადა, მაგრამ შსს-ს აღარ დაუშვია ის საბედისწერო შეცდომები, რაც 20-21 ივნისის ღამეს ჩაიდინა - აღარ გამოიყენა არალეტალური და ნაწილობრივ ლეტალური სასროლი იარაღი და მხოლოდ ბრანდსპოიტებიდან გაშვებულ წყლის ჭავლს დასჯერდა.

ივნისის აქციის დაშლისგან განსხვავებით, ამჯერად ბრანდსპოიტებიდან შესხმული წყალი საკმარისი აღმოჩნდა დემონსტრანტების დასაშლელად - წყალიც ცივი იყო და ტემპერატურაც დაბალი.

თუკი შსს-მ
დემონსტრაციების დაშლის ეს შედარებით რბილი ტაქტიკა განაგრძო - წყლის ჭავლებისა და რკინის მესრების გამოყენებით, ოპოზიციას აღარ მიეცემა საშუალება აპელირება მოახდინოს ხელისუფლების მიერ "აკრძალული იარაღით დემონსტრანტთა დარბევაზე", რადგან წყლის ჭავლის გამოყენება მსოფლიო პრაქტიკაა (ეს ბევრად ჰუმანური მეთოდია, ვიდრე ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით მომიტინგეების დაშლა),ხოლო რკინის მესერი, საერთოდ  თავდაცვის პასიურ საშუალებას წარმოადგენს.

ის, რაც არ გამოუვიდათ პარლამენტთან, ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ განახორციელონ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, იქნება ეს პრეზიდენტის სალობიეში გამოჭერა, თუ იუსტიციის მინისტრის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან "ალყაში აყვანა".

ასეთი,კონკრეტული "თავდასხმების" ტაქტიკა, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა ქუჩაში "გამოჭერილი" ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაიწყეს, შეიძლება ორ მთავარ მიზანს ისახავდეს.

პირველი - ასეთი "შეტევებით", ოპოზიციის ლიდერები გაიხანგრძლივებენ სატელევიზიო ეთერში უფასო "რეკლამას" (თუმცა, საზოგადოების უკვე დიდი ნაწილის თვალში შეიძლება ეს ოპოზიციის ანტირეკლამადაც იქცა) და თავის მომხრეებს აჩვენებენ, რომ ოპოზიციური მუხტი ჯერ კიდევ არ ჩაღვენთილა.

მეორე - ოპოზიციის ლიდერების, ხშირად პროვოკაციურ მიხტომებს ამა თუ იმ სახელისუფლო წარმომადგენელთან შეიძლება ადრე თუ გვიან მოჰყვეს ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც შემდგომ სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან და ქუჩაში ერთი დიდი "დაკა-დაკა" გაიმართება, რომლის გაღვივება, ოპოზიციის ლიდერების პირდაპირ ინტერესებშია, რათა შემდგომ მთელ მსოფლიოს მოსდონ, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში და როგორ სასტიკად არბევს პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეებს...

ასეთი პოლიტიკური შეხლა-შემოხლით ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც საქართველო არასწორი გზით მიჰყავთ და საზოგადობის დიდ ნაწილში მყარდება განწყობა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები