ნატო ბიუჯეტს ზრდის, თუმცა ამერიკა შენატანს უმცირებს და დანაზოგს საქართველოსაც გაუყოფს...
ნატო ბიუჯეტს ზრდის, თუმცა ამერიკა შენატანს უმცირებს და დანაზოგს საქართველოსაც გაუყოფს...
2024 წლისთვის ნატოს თავდაცვითი ხარჯები 400 მლრდ დოლარით გაიზრდება 2016 წელთან შედარებით - ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მნიშვნელოვანი იმის ფონზე, რომ ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაჟღერებული ფრაზა "ტვინმკვდარი ნატოს" შესახებ უდიდეს დარტყმად იქცა ალიანსის საერთაშორისო იმიჯზე.

ამას დაუმატეთ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნატოს ბიუჯეტის ფორმირებაში გაღებული ამერიკული 22%-იანი წილი 16%-მდე მცირდება და თითქმის უახლოვდება გერმანიის 14,5%-ს, რაც
ალიანსის დაფინანსების პროცესისთვის დიდი დარტყმაა.

მაგრამ, აშშ-ის პრეზიდენტის ეს მკვეთრი ნაბიჯი გასაგებია, რადგან პრეზიდენტად არჩევის დღიდან ტრამპი ნატოს წევრ დანარჩენ ქვეყნებს, პირველ რიგში კი გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ბელგიას და სხვა წამყვან თანაალიანსელ ევროპული ქვეყნების ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებს, რომ მათ საკუთარი არმიების ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის
2%-მდე მაინც გაზარდონ.

2019 წლის ბოლოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 ქვეყნიდან მხოლოდ 9 სახელმწიფოს აქვს "გამეტებული" თავდაცვის ხარჯებზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი, ესენია-აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის სწორედ 2%-ს შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც მერკელის გერმანია საკუთარი არმიისთვის მშთ-ს ერთ პროცენტს ძლივს იმეტებს და ნატოს, ამ ციფრის გაორმაგებას მხოლოდ ათი წლის შემდეგ ჰპირდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 წევრი ქვეყნის საერთო თავდაცვითი ბიუჯეტი 2019 წელს 987 მლრდ დოლარს გაუტოლდა, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ ამ ციფრის ლომის წილი სწორედ აშშ-ზე მოდის, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს აღარ სურს მხოლოდ ამერიკა იყოს ევროპის დამცველი პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან - ევროპელებმაც გამოიღონ ხელი და საკუთარი ქვეყნების დაცვაზე მეტი იფიქრონ - აცხადებენ "თეთრ სახლში".

ნატოს ბიუროკრატიული აპარატისთვის დაფინანსების ექვსი პროცენტით შემცირების პარალელურად, ვაშინგტონი იღებს გადაწყვეტილებას დაზოგილი თანხები მიზნობრივად გადაანაწილოს კონკრეტული ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოსთვის.

ვინ იცის, იქნებ ეს უფრო მომგებინი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ნატოში გაწევრების სიტყვიერ შეპირებას, ყოველთვის აჯობებს ამერიკული "ჯაველინებით" , "ჰარპუნებითა" და "სტინგერებით" რეალურად დაცული ქართული მიწა, წყალი და ჰაერი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

antibneleti
01 დეკემბერი 2019 11:03
მერე, გვაქვს გარანტია, რომ მაგ შეიარაღებას არ მოიპარავენ არმიაში შეპარულ-შეგზავნილი ვირთხები და რუსეთს არ გადასცემენ???

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები