რუსეთის დანაკარგი ერთი კვირის განმავლობაში იმხელაა, რასაც ომის დროის მტერიც ვერ მიაყენებდა ასეთ მოკლე პერიოდში - კვირის პალიტრა

რუსეთის დანაკარგი ერთი კვირის განმავლობაში იმხელაა, რასაც ომის დროის მტერიც ვერ მიაყენებდა ასეთ მოკლე პერიოდში

ერთი კვირის განმავლობაში, დაწყებული 11 დეკემბრიდან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არასაბრძოლო სიტუაციაში იმხელა დანაკარგი განიცადეს, რომ ომის დროის ასეთმოკლე პერიოდში სერიოზული მოწინააღმდეგეც ვერ მიაყენებდა.

ჯერ იყო და მურმანსკში, ნავმისადგომთან მდგარ რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვს", რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ძლიერი ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორი მეზღავური დაიღუპა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მის ტრიუმებში, ათი კი დაშავდა. ამ ავიამზიდს, რომელიც 34 წლის წინ ჩაუშვეს წყალში და შავ ზღვაში გამოცდას "თბილისის" სახელით გადიოდა, მუდმივად არ უმართლებს.

ორი წლის წინ სირიის სანაპიროსთან საბრძოლო მორიგეობისას ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი დაკარგა, ერთი წლის წინ კი ის უზარმაზრი მცურავი დოკი, რომელშიც ამ ავიმზიდს არემონტებდნენ ჩაიძირა და მისმა ძირს დაცემულმა ამწემ ავიამზიდის გემბანი ჩაანგრია. ბოლო ინციდენტისას ხანძრის მიერ მიყენებული ზარალი თითქმის უტოლდება გასარემონტებელი "კუზნეცოვის" ღირებულებას და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის ძალზე წამგებიანია ამ ფიზიკურად და მორალურად მოძველებული ავიამზიდის აღდგენა, თუმცა კრემლის ბინადარნი მაინც ვერ ელევიან მას, რადგან არ უნდათ ერთადერთი ავიამზიდის დაკარგვა.  ავიამზიდ "ადმირალ კუზნცოვის" გემბანს ქვეშ გაჩენილი ხანძრის კვამლი ზემოთ ამოდის

კავკასიის ქედის ჩრდილოეთით, კრასნოდარის მხარეში, ძლიერ ნისლში უახლესი მოდიფიკაციის რუსული საბრძოლო შვულმფრენი Ми-28УБ "ღამის მონადირე" მიწას შეეჯახა და მისი ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ეს ამ ტიპის შვეულმფრენის რიგით მეოთხე ავიკატასტროფაა. ჩვენთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რომ კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი კორენოვსკის საშვეულმფრენო პოლკს ეკუთვნოდა, სწორედ იმ რუსულ პოლკს, რომლის ამოცანებში ასეთი საბრძოლო შვეულმფრენების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებაც შედის.

17 დეკემბერს ასტრახანის ოლქში მინდორზე ავარიული დაშვება განახორციელა რუსულმა შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდმა Ту-22М3-მა,რომელსაც ფრენისას ორიდან ერთი რეაქტიული ძრავა გაეთიშა. მართალია ეკიპაჟის ოთხივე წევრი გადარჩა, მაგრამ მიწაზე ასტონიანი საფრენი აპარატის უხეშად დაჯდომის შემდეგ მისი სრული აღდგენა ძალზე საეჭვოა. აღსანიშნავია, რომ ა.წ. 22 იანვარს, ასეთივე ძვირადღირებული ბომბდამშენი მურმანსკთან აეროდრომზე დიდი სიჩქარით დაჯდომისას შუაზე გადატყდა და აფეთქდა.

ისე კი, ქართველი მეზენიტეები ერთადერთნი არიან მსოფლიოში, ვინც ეს რუსული ბომბდამშენი, რომელსაც ამერიკული "ავიამზიდების მკვლელსაც" ეძახიან, აგვისტოს ომის დროს ჩამოაგდეს. ოკუპირებულ სევასტოპოლში ნახევრადჩაძირული რუსული წყალქვეშა ნავი

წყალზე და ჰაერში მომხდარ ინცინდენტებს, ორი რუსული წყალქვეშა ნავის ჩაძირვაც დაემატა, თუმცა სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი უკვე ჩამოწერილი იყო.

11 დეკემბერს ვლადივასტოკთან ბუქსირების დროს ჩაიძირა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილი დიზელისძრავიანი წალქვეშა ნავი "ჩიტა", მაგრამ იმის გამო, რომ ინცინდენტის ადგილას ზღვის სიღრმე მხოლოდ 47 მეტრი იყო, 72 მეტრი სიგრძის წყალქვეშა ნავის ნაწილი წყლის ზედაპირზე დარჩა.

თავის წყნაროკეანელ კოლეგებს ტოლი არც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაუდო და ოკუპირებული სევასტოპოლის ნავმისადგომთან მცურავი დოკი მასზე მდგარ დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავთან ერთად "ჩაძირეს", თუმცა ჩამოწერილმა წყალქვეშა ნავმა მალევე თავადვე ამოყვინთა.

ინცინდენტები შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მოხდეს და რაც უფო მრავალრიცხოვანია ამა თუ იმ ქვეყნის არმია, ასეთი შემთხვევები შეიძლება უფრო ხშირი იყოს, თუმცა რუსეთის შემთხვევაში თავს იჩენს, როგორც საბრძოლო ტექნიკის მოძველება, ისე ადამიანური ფაქტორი, რაც ასეთი ინცინდენტების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს