პუტინის მიერ სომხეთისთვის გაგზავნილმა მრისხანე, საახალწლო "საჩუქრებმა" საქართველოზე გადაიფრინეს - კვირის პალიტრა

პუტინის მიერ სომხეთისთვის გაგზავნილმა მრისხანე, საახალწლო "საჩუქრებმა" საქართველოზე გადაიფრინეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წლისთვის სერიოზული "საახალწლო საჩუქრები" მიიღო რუსეთიდან, რაც სამხრეთ კავკასიის ამ რეპუბლიკას ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 21 დეკემბერს "ფეისბუკის" გვერდზე გაღიმებული "სელფი" დადო და თანამემამულეებს ახარა რუსეთიდან თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო "ტორების" ჩატანა ერევანში.

საგულისხმოა, რომ ეს საბრძოლო მანქანები რუსეთიდან სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოხვდა, თუმცა ისინი რუსულ თვითმფრინავებს არ გადაუტანიათ, სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სატრანსპორტო Ил-76ТД-მა გადააფრინეს.

საერთოდ, "ტორის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1986 წელს მიიღო, მაგრამ საბჭოთა ვარიანტისგან განსხვავებით, რომელიც მუხლუხებიან გამწევზე იყო დამონტაჟებული, სომხების "საახალწლო საჩუქარი" მოდერნიზებულ Тор-М2КМ-ს წარმოადგენს და რვაბორბლიან "კამაზზეა" "ამხედრებული". სომხურმა თვითმფრინავმა ქართული ცის გავლით ერევანში ეს რუსული "ტორები" ჩაიტანა

სომხეთისთვის ეს მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან მოდერნიზებული "ტორი" განკუთვნილია არამარტო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დასაზიანებლად, არამედ უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვით ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტებისა და მართვადი ბომბების ჩამოსაგდებად.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ისრაელისგან დიდი რაოდენობით შეიძინა უპილოტო "კამიკაძე" საფრენი აპარატები, რუსული "ტორები" მათ მოსაგერიებლად სომხებს ნამდვილად გამოადგებათ.

მართალია, მოდერნიზებული "ტორის" მოქმედების არეალი ძალინ დიდი არ არის - ის მხოლოდ 16 კმ-ის რადიუსში და 10 კმ სიმაღლემდე მოქმედებს, მაგრამ შეუძლია ავტომატურ რეჟიმში სროლა, თანაც რაკეტების გამშვები მანქანის მოძრაობის დროს. საჭიროების შემთხვევაში ამწეს შეუძლია "ტორის" მოდული "კამაზის" ძარიდან მიწაზე ჩამოიღოს და ის სტაციონალურ საჰაერო თავდაცვის საშუალებად იქცევა. "ტორიდან" საზენიტო რაკეტის სტარტი

სომხეთის პრემიერმა საიდუმლოების მომიზეზებით, არ დააკონკრეტა თუ რამდენი "ტორი" გამოუგზავნა რუსმა "თოვლის პაპა" - პუტინმა საახალწლოდ, თუმცა სომხეთში ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ იმავე პუტინმა არანაკლებ ასეთივე ათი "ტორი" მეზობელ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიჰყიდა...

აი, მეორე რუსული საახალწლო "საჩუქარი",  ორი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ, რომელთა ფრთებსა და კილებზე სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ნიშნებია გამოსახული, ირკუტსკის საავიაციო ქარხნიდან 19 დეკემბერს გამოფრინდა.

ორადგილიანი მრავალფუნქციური, ანუ რომელსაც ჰაერშიც ბრძოლაც შეუძლია და მიწასა თუ წყალზე ზუსტი წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენებაც, უკვე დიდი სიახლეა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, მითუმეტეს, რომ Су-30СМ -ის საბრძოლო მოქმედების რადიუსი 1 500 კმ-მდეა, ხოლო მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა რვა ტონამდე საერთო მასის საავიციო ბომბებსა და რაკეტებს,როგორც მართავად ისე უმართავს, შედგენს. Су-30СМ-ი სომხეთის განმასხვავებელი ნიშნებით

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერევნიდან აფრენილი სომხური Су-30СМ -ები თავისუფლად "დაფარავენ" მთლიანად სამხრეთ კავკასიას და საზღვო სამიზნების დაზიანებაც კი შეეძლებათ, როგორც კასპიის, ისე შავი ზღვის აკვატორიებში...

სომხეთმა რუსეთისგან ოთხი Су-30СМ იყიდა, თუმცა ეს შეძენა მაინც რუსული კრედიტით მოხდა, თანაც იმ შემცირებული ღირებულებით, როგორითაც თავად რუსეთის არმია ყიდულობს, ასე რომ, მაინც რუსულ "საახალწლო საჩუქრად" შეიძლება ჩაითვალოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს