პუტინის 50 მილიონიანი "სიამაყე" ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

პუტინის 50 მილიონიანი "სიამაყე" ჩამოვარდა

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს წინა საახალწლოდ რაღაც არ უმართლებს- ჯერ იყო და 19 დეკემბერს, როდესაც თავის ყოფილ კოლეგებს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) თანამშრომლებს საზეიმოდ ულოცავდა პროფესიონალურ დღეს, ნახევრადავტომატური კარაბინით შეიარაღებული რუსეთის ერთ-ერთი, ჩვეულებრივი მოქალაქე მოსკოვის ცენტრში, ლუბინკაზე თავს დაესხა ფსბ-ს შტაბ-ბინას და ორი თანამშრომელი მოუკლა, ხუთი კი დაჭრა.

24 დეკემბერს კი, როდესაც პრეზიდენტი პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე რუსული არმიის მიღწევებით ამაყობდა, ხაბაროვსკში მიწას დაენარცხა პუტინის მთავარი "სიამაყე" - მეხუთე თაობის გამანადგურებელი Су-57.

Су-57 (რომლის საცდელი ვარიანტის სახელი Т-50-ია) რუსული პროპაგანდის ძირითადი თემა გახლავთ ბოლო ათი წლის განმავლობაში ამერიკული მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების F-22 -ისა და F-35 -ის საწინააღმდეგოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთშიც იქმნება ულტრათანამედროვე სამხედრო ავიაციის ნიმუშები.

თუმცა, თუკი დღემდე 195 ცალი ამერიკული "რაპტორი" და 475 "ლაიტნინგია" გამოშვებული, რუსებს 2009 წლიდან მხოლოდ 13 ერთეული Т-50 ჰქონდათ დამზადებული (აქედან სამი არ დაფრინავდა და მიწაზე გადიოდა გამოცდებს).

კომსომოლსკ-ნა-ამურეს საავიაციო ქარხანაში დამზადებული მეთოთხმეტე ეგზემპლარი უნდა გამხდარიყო პირველი სერიული Су-57 და რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ახალი წლისთვის გადასცემოდა, რის საზეიმოდ გასაშუქებლად მზადყოფნაში იყო რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა. პუტინის 'სიამაყე' ამ შტოპორიდან ვეღარ გამოვიდა...

მაგრამ, 24 დეკემბერს საცდელი ფრენის დროს რუსულმა მეხუთე თაობის პირველმა სერიულმა გამანადგურებელმა რვა კმ-ის სიმაღლეზე მართვა დაკარგა, ერთგვარ შტოპორში გადავიდა და პილოტი იძულებული გახდა ორი კმ-ის სიმაღლე კატაპულტირებულიყო.

არანაკლებ 50 მლნ დოლარის ღირებულების ახალთახალი საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, მართვის ელექტროდისტანციური სისტემის ხარვეზი გახდა, არადა ამ სისტემას ოთხმაგი რეზერვირების ტექნიკური საშუალებები გააჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც ამან უშველა.

თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები სხვა ქვეყნებშიც ვარდებიან, მაგალითად ხუთი F-22 და ორი F-35 ასევე მიწას დაენარცხა, მაგრამ მათი რიცხვი და ფრენების ინტენსივობა ბევრად მეტია, რაც ბუნებრივია ზრდის საავიაციო შემთხვევების ალბათობას. იმავე რუსული Су-57-ის ჩამოვარდნამდე, მისი საცდელი ვარიანტები ორჯერ მოხვდნენ საავიაციო შემთხვევების ნუსხაში - ჯერ იყო და ჰაერში ასაფრენად გარბენისას, მას მოულოდნელად სამუხრუჭე პარაშუტი გაეშალა, მეორეს კი აეროდრომზე დაჯდომისას ერთ-ერთ ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა და თვითმფრინავი ნახევრად დაიწვა, სანამ ხანძარი ჩააქრეს.

პრეზიდენტმა პუტინმა წლის დასაწყისში გასცა ბრძანება, რომ 2027 წლის ბოლომდე რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 76 სერიული Су-57 გადასცენ, პირველმა თვითმფრინავმა ამ სამსახურს "კამიკაძეობა" არჩია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს