ირანის შურისძიება ბირთვული ბომბის შექმნა გახდება? - კვირის პალიტრა

ირანის შურისძიება ბირთვული ბომბის შექმნა გახდება?

3 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით ლიკვიდირებული ცნობილი ირანელი გენერლის, სულეიმანის შურის საძიებლად ირანმა შეიძლება რიგი სადივერსიო ოპერაციები ჩაატაროს, როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, ისე ისრაელისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ, მაგრამ თეირანის მთავარი საპასუხო ნაბიჯი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო გრანდიოზული და სახიფათო გახდება.

ირანის ხელისუფლებამ 5 იანვარს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც ზღუდავდა გამდიდრებული ურანის წარმოებას ირანის კუთვნილ ატომურ ობიექტებზე.

თუ ატომური ელექტროსადგურების საწვავისთვის მხოლოდ 2-5%-მდე გამდიდრებული ურანის 235-ე იზოტოპი გამოიყენება, საირაღო ურანში (რომელიც ბირთვული ქობინების დასამზადებლადაა განკუთვნილი), ურანის ეს იზოტოპი 90%-ზე მეტად უნდა იყოს.

ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანს აკრძალული ჰქონდა მაღალგამდიდრებული ურანის წარმოება და მხოლოდ მცირედგამდიდრებულ ურანს აწარმოებდა საკუთარი ატომური ელექტროსადგურებისთვის.

ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა თეირანს საშუალებას მისცემს ძალზე დააჩქაროს მაღალგამდიდრებული საირაღო ურანის წარმოების დაწყება და მისი იმ კრიტიკული რაოდენობის დაგროვება, რაც ირანელ ფიზიკოსებს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების სერიულად წარმოებას შეაძლებინებს.

ირანის არმიის არსენალში უკვე არის სხვადასხვა კლასის ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მოქმედების რადიუსი ორი ათასს კილომეტრს აღემატება, ანუ ირანის ეს ბალისტიკური რაკეტები თავისუფლად წვდებიან, როგორც ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, ისე რეგიონში ირანის მთავარი მოწინააღმდეგეების- ისრაელისა და საუდის არაბეთის ტერიტორიებს.

ჩვეულებრივქობინიანი, ანუ ნახევარი ტონა ტროტილით თუ ჰექსოგენით დამუხტული ირანული ბალისტიკური რაკეტის ქობინის აფეთქება ამერიკულ საავიციო ბაზაზე ქუვეითში ან ისრაელის რომელიმე ქალაქის ცენტრში, რა თქმა უნდა, საშინელ ტრაგედის დაატრიალებს, მაგრამ თუკი იგივე ბალისტიკური რაკეტა ბირთული ქობინით იქნება აღჭურვილი, მაშინ კატასტროფის მასშტაბები წარმოუდგენელ გახდება...

ბოლოდროინდელი დაძაბულობის ჯაჭვი დაიწყო ახალწლამდე, ჯერ ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზის სარაკეტო თავდასხმით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, გაგრძელდა ბაღდადში ახალ წელს აშშ-ის საელჩოზე შეტევით, შემდეგ ამერიკულ საპასუხო ნაბიჯად იქცა ამ ყველაფრის ორგანიზატორი ირანელი გენერლის ლიკვიდაცია.

ამ ჯაჭვის ძალზე არასასურველ გამაგრძელებელ რგოლებად იქცევა, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, რაც ამერიკელ და ისრაელის პოლიტიკოსებსა და სამხედროებს უბიძგებს ირანის ატომურ ობიქტებზე პრევენციული საჰაერო თავდასხმების განხორციელებისკენ ირანული ბირთვული ბომბის არ შესაქმნელად. ეს ყველაფერი კი, შეიძლება, მაღალი ალბათობით, დიდ ომში გადაიზარდოს და აფეთქებული ირანის ატომური ობიქტებიდან გამოსული "ჯინი"- რადიოაქტიური იზოტოპები ათასობით კმ-ის რადიუსში, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცეშიც გავრცელდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს