ავიაკატასტროფა თუ ახლადდაწყებულ ომს შეწირული უკრაინული "ბოინგი"? - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფა თუ ახლადდაწყებულ ომს შეწირული უკრაინული "ბოინგი"?

8 იანვარს მსოფლიო ირანული რაკეტების სტარტმა "გააღვიძა", რადგან ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა მალე შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოს...

სამაგიეროდ შეიძლება მეორე პლანზე აღმოჩნდეს საჰაერო ტრაგედია, რომელიც აგრეთვე უკავშირდება ირანს - ასევე 8 იანვრის დილას, თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან ორიოდე წუთში ავიაკატასტროფა განიცადა უკრაინულმა "ბოინგ-737"-მა, რომლის ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. სამწუხაროდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ასეთი ავიაკატასტროფების გამოძიებას დრო სჭირდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავრცელდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც კარგად მოჩანს, რომ ღამის ცაში მფრენ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ის მიწაზე ვარდება. უკრაინული 'ბოინგის' ფოტო კატასტროფამდე

ირანის ოფიციალურმა წრეებმა მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინულ "ბოინგს" აფრენისთანავე ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ძრავაში, რაც გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

მაგრამ რამ გამოიწვია "ბოინგის" ძრავის აალება-ტექნიკურმა მიზეზმა თუ გარედან ჩარევამ?

ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, რადგან უკრაინული "ბოინგის" კატასტროფა ირანის დედაქალაქის მიმდებარედ მალევე მოხდა იმის შემდეგ, რაც ირანის ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ სტარტი აიღო ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით. ავიალაინერის ფრენის ტრაექტორია თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ჩამოვარდნამდე

გაჩნდა ვარაუდი, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა მზად იყო ამერიკული საპასუხო საჰაერო დარტყმებისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქის - თეირანის მიმართულებით და ირანელმა მეზენიტეებმა აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული "ბოინგის" რადიოლოკაციური ნიშანი შეიძლება შეცდომით ამერიკულ ფრთოსან რაკეტად აღიქვეს და...

კატასტროფაგანცდილი უკრაინული "ბოინგის" "შავი ყუთები" უკვე ნაპოვნია და მათი გაშიფვრა ყველაფერს ნათელ მოჰფენს, თუკი ეს პროცესი ობიექტურად წარიმართება.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს