რომელი რაკეტები ესროლეს ირანელებმა ამერიკელებს... - კვირის პალიტრა

რომელი რაკეტები ესროლეს ირანელებმა ამერიკელებს...

ერაყში ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმებიდან ჯერ 15 საათიც არ გასულა და სრული სურათი კვლავ უცნობია.

ძირითადი ინფორმაციის თანახმად, 8 იანვრის დაწყებისთანავე, 30 წთ-ის განმავლობაში ირანის ტერიტორიიდან სტარტი აიღო არანაკლებ 22-მა ბალისტიკურმა რაკეტამ, რომელთაგანაც 17 დაეცა ერაყის დასავლეთ რეგიონში, ალ-ასადის საჰაერო ბაზასთან (ორი მათგანი არ აფეთქდა), ხუთი კი ქალაქ ერბილის აეროპორტთან (ერთი არ აფეთქდა).

ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, სრული არ არის, მაგრამ რაღაც სურათს მაინც ქმნის.

დასავლელი ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, ირანმა გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები Qiam-1-ები და Fateh-110-ები. ირანული Fateh-110-ის სტარტი

Qiam-1-ი კარგად ცნობილი Scud-ის, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა "ელბრუსის" ბაზაზე შეიქმნა (საქართველოში, შაუმიანში საბჭოთა პერიოდში ასეთი მობილური, ბირთვულქობინიანი "ელბრუსების" სარაკეტო ბრიგადა იდგა), ირანული გაუმჯობესებული მოდიფიკაციაა.

11,5 მ სიგრძის და 6 ტონა მასის თხევადსაწვავიან ბალისტიკურ რაკეტას 750 კგ მასის საბრძოლო ქობინი მაქსიმალურ 750 კმ მანძილზე გადააქვს.

ერაყის ალ-ასადის საჰაერო ბაზის წინააღმდეგ ირანელებმა, სავარაუდოდ, სწორედ ეს შედარებით შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. ირანული სარაკეტო დარტყმის სქემა

ირანის საზღვართან უფრო ახლოს მდებარე ქალაქ ერბილისკენ, რომელშიც ძირითადად ქურთი ეროვნების მოსახლეობა ჭარბობს, ირანმა ახლო მოქმედების Fateh-110-ები გამოიყენა. ამ მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტის სიგრძე 8,8 მ-ია, მასა 3,4 ტონა და 500 კგ-იანი საბრძოლო ქობინი, მაქსიმალურ, 300 კმ სიშორეზე გადააქვს. Fateh-110-ი მართვის სისტემითაა აღჭურვილი და ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ ირანულ ბალისტიკურ რაკეტად ითვლება.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანის სარაკეტო დარტყმებს ერაყის ტერიტორიაზე 80 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, თუმცა ამერიკული მხარე ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს სარაკეტო დარტყმებით მიყენებული ზიანის აღწერა.

გასაგებია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დროს იგებს საპასუხო ქმედებების მოსაფიქრებლად და განსახორციელებლად.    ამერიკული საბრძოლო ტექნიკა ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე

ირანული რაკეტების სტარტისთანავე ამერიკულ დაზვერვას ექნებოდა ინფორმაცია ირანის სარაკეტო თავდასხმის დაწყების შესახებ, რადგან ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები "ჩამოკიდებულნი" არიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონის თავზე და ბალისტიკური რაკეტის სტარტის დროს წარმოქმნილ, ძალიან მაღალი ტემპერატურის ცეცხლის ალს, რომელიც რაკეტის ძრავის საქშენიდან გამოდის, ადვილად აფიქსირებენ. აფეთქებული ირანული რაკეტის ფრაგმენტები მაგრამ, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ერაყში სამიზნეებამდე მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდათ, რაც შეიძლება არასაკმარისი ყოფილიყო ამ ამერიკულ ბაზებზე განგაშის გამოცხადებიდან თავშესაფრებამდე მისაღწევად.

თუკი ამერიკული მხარე არ დამალავს და ღიად იტყვის რა ზარალი განიცადა პირად შემადგენლობისა და ტექნიკის მხრივ ირანული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მაშინ უკვე შეიძლება მეტ-ნაკლებად სწორედ შეფასდეს ირანის სარაკეტო შეტევის ეფექტიანობა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს