და მაინც, უკრაინული "ბოინგი" ჩამოაგდეს... - კვირის პალიტრა

და მაინც, უკრაინული "ბოინგი" ჩამოაგდეს...

8 იანვარს, თეირანთან უკრაინული "ბოინგის" კატასტროფიდან რამდენიმე საათში, ჩემს ბლოგში "ავიაკატასტროფა თუ ახლადდაწყებულ ომს შეწირული უკრაინული "ბოინგი?", ვწერდი: რადგან უკრაინული "ბოინგის" კატასტროფა ირანის დედაქალაქის მიმდებარედ მალევე მოხდა იმის შემდეგ, რაც ირანის ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ სტარტი აიღო ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, გაჩნდა ვარაუდი, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა მზად იყო ამერიკული საპასუხო საჰაერო დარტყმებისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქის - თეირანის მიმართულებით და ირანელმა მეზენიტეებმა აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული "ბოინგის" რადიოლოკაციური ნიშანი შეიძლება შეცდომით ამერიკულ ფრთოსან რაკეტად აღიქვეს და..." იხილეთ სრულად

ჩემი ეს ვარაუდი, სამწუხაროდ, მართლდება, რაზეც მიუთითებს,ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სამი ვიდეო და ნაპოვნი თავად საზენიტო რაკეტის წინა ნაწილის ფოტოსურათები.

გარდა ამისა, ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით, სერიოზულმა დასავლურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრმა, რომელიც გეოსტაციონალურ ორბიტაზე სწორედ ახლო აღმოსავლეთის თავზეა "ჩამოკიდებული", დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როდესაც უკრაინული "ბოინგი" ჩამოვარდა, თეირანის სიახლოვეს ღამის ცაში დააფიქსირა ორი საზენიტო რაკეტის სტარტი ინფრაწითელ რეჟიმში, როდესაც რაკეტების ძრავების საქშენებიდან ძალიან მაღალი ტემპერატურის ალი გამოიტყორცნება.

'ტორის' საზენიტო რაკეტის წინა ნაწილის ფოტო, რომელიც სავარაუდოდ, 'ბოინგის' ფრენის ტრაექტორიის სიახლოვეს იპოვეს

ამასთან, ირანში ჩასული უკრაინელი სპეციალისტების წინასწარი მონაცემებით, "ბოინგის" არცერთ ტურბორეაქტიულ ძრავას ფრენის დროს ხანძარი არ გასჩენია, რაც კიდევ უფრო ამყარებს სამგზავრო ლაინერისთვის საზენიტო რაკეტის მოხვედრის ვერსიას.

ამ ვერსიის გამტკიცება არცთუ ისე ძნელია, თუკი ობიექტურად მოხდება ჩამოვარდნილი "ბოინგის" ფიუზელაჟისა და ფრთების ფრაგმენტების დეტალურად დათვალიერება, რომლებზეც შეიძლება საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინის გამზადებული დამაზინებელი ელემენტების მოხვედრის კვალის პოვნა.

ნაპოვნი ორივე"შავი ყუთის" დეტალური გაშიფვრა, რასაც მცირე დრო სჭირდება, რადგან ავილაინერი სულ რამდენიმე წუთის აფრენილი იყო, ასევე მოჰფენს ნათელს ამ ტრაგიკულ შემთხვევას.

ძალინ ცუდი იქნება, თუკი ირანის ხელისუფლება აირჩევს რუსი კოლეგების პრაქტიკას, როდესაც უთვალავი მტკიცების მიუხედავად, კრემლი დღემდე არ აღიარებს, რომ 2017 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთით, მალაიზიური "ბოინგი" სწორედ რუსეთიდან უკრაინულ დონბასში მალულად შეტანილმა რუსულმა საზენიტო "ბუკმა" ჩამოაგდო.

ერთგვარი ტრაგიკული სიმბოლოა ისიც, რომ თეირანთან უკრაინული "ბოინგის" ჩამოგდების "ავტორი" დიდი ალბათობით, ისევ რუსული საზენიტო, ამჯერად "ტორის" ტიპის რაკეტა აღმოჩნდეს... (2007 წლისთვის რუსეთმა ირანს "ტორის" ტიპის 29 ერთეული საზენიტო-სარაკეტო დანადგარი მიჰყიდა, თითოეული მათგანი კი რვა საზენიტო რაკეტითაა შეიარაღებული).

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს