უკრაინულ "ბოინგს" ირანელების გაშვებული რუსული "ტორი", სავარაუდოდ, პილოტების კაბინის ქვეშ აუფეთქდა
უკრაინულ "ბოინგს" ირანელების გაშვებული რუსული "ტორი", სავარაუდოდ, პილოტების კაბინის ქვეშ აუფეთქდა
ფოტო:ირანელი გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე
ტრაგედიის მესამე  დღეს, 11 იანვარს ირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ 8 იანვარს, თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული სამგზავრო "ბოინგი" მისმა მეზენიტეებმა შეცდომით ჩამოაგდეს, რადგან თურმე ამერიკელების საპასუხო საჰაერო დარტყმას ელოდნენ ერაყში მათი სამხედრო ბაზების სარაკეტო დაბომბვის საპასუხოდ და ეს "ბოინგი" ამერიკული ფრთოსანი რაკეტა ეგონათ...

ანუ, სამწუხაროდ მართლაც სიტყვასიტყვით დაემთხვა ირანის ოფიციალური აღიარება იმას, რასაც ამ ბლოგში ჯერ კიდევ 8 იანვარს ვწერდი  -"რადგან უკრაინული "ბოინგის" კატასტროფა ირანის დედაქალაქის მიმდებარედ მალევე მოხდა იმის
შემდეგ, რაც ირანის ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ სტარტი აიღო ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, გაჩნდა ვარაუდი, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა მზად იყო ამერიკული საპასუხო საჰაერო დარტყმებისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქის - თეირანის მიმართულებით და ირანელმა მეზენიტეებმა აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული "ბოინგის" რადიოლოკაციური
ნიშანი შეიძლება შეცდომით
ამერიკულ ფრთოსან რაკეტად აღიქვეს და..." იხილეთ სრულად

რაც ყველაზე მოულოდნელი გახლდათ, ეს საშინელი დანაშაული თავის თავზე აიღო "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" აეროკოსმოსური ძალების სარდალმა გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ, რომელსაც ემორჩილებოდა თეირანთან განთავსებული "ტორ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დივიზიონიც.

უკრაინულ 'ბოინგს' ირანელების გაშვებული რუსული 'ტორი', სავარაუდოდ, პილოტების კაბინის ქვეშ აუფეთქდა

ამ ირანელმა გენერალმა სახალხოდ განაცხადა - "უკრაინის თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგედიის შესახებ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ყოფნის დროს შევიტყვე, საიდანაც მანამდე სარაკეტო დარტყმა განვახორციელეთ ამერიკელებზე და როდესაც გადამოწმების შემდეგ დავრწმუნდი მომხდარის სიმართლეში, ჩემი თავისთვის სიკვდილი ვისურვე, რადგან მერჩივნა მომკვდარიყავი, ვიდრე ამის მომსწრე გავმხდარიყავი. მე ჩემი მთელი სიცოცხლე ვიქნები პასუხისმგებელი ამ ადამიანების სიკვდილში და დღეს ჩემი ღირსება უფლის წინაშეა გატანილი. მე პირადად ჩემს თავზე ვიღებ იმის პასუხისმგებლობას, რომ უკრაინული თვითმფრინავი წინასწარგანუზრახავად იქნა ჩამოგდებული".

ირანელმა გენერალმა ნათელი მოჰფინა ტრაგედიის ტექნიკურ დეტალებსაც - "საზენიტო დანადგარის ოპერატორმა მიიღო ინფორმაცია "კრუზის" რაკეტის გაშვების შესახებ, ხოლო მოახლოებული თვითმფრინავი ამ რაკეტად აღიქვა. ოპერატორს 10 წამი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად, რომ გაეშვა ან არ გაეშვა საზენიტო რაკეტა, მაგრამ ამისთვის დადასტურება უნდა მიეღო. სწორედ ამაშია ოპერატორის შეცდომა, რადიოკავშირის ხარვეზის გამო მან ვერ შესძლო დადასტურების მიღება, მაგრამ მიიღო საშინელი გადაწყვეტილება. რაკეტა გაშვებული იქნა და თვითმფრინავი ჩამოვარდა".

ასეთი აღიარება არც რუსეთის ხელისუფლებას აწყენდა, რომელიც მეექვსე წელია ჯიუტად არ აღიარებს, რომ მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე მალულად შეიყვანა "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო დანადგარი და სავარაუდოდ, ასევე შეცდომით ჩამოაგდო მალაიზიური "ბოინგი", რომელსაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

goga
14 იანვარი 2020 10:39
აბა კი ,რუსები იმ ჭკუაზე არიან რომ მალააზიური თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარონ..პირიქით, მგონი დღემდე უმტკიცებენ ირანელებს რომ უკრაინული ბოინგი თქვენ არ ჩამოგიგდიათ და ვისაც გინდათ იმას გადააბრალეთო...
გიორგი
14 იანვარი 2020 10:35
მთვარი ის კი არაა რუსული იყო თუ ამერიკული ან ჩინური (ან ერთი იქნებოდა ან მეორე-მესამე) ეს ქვეყნები ყიდიან იარაღს აბა ქართული რაგატკას ხომ არ ესროდნენ, მთავარი ისაა რომ მოხდა დიდი და დასანანი შეცდომა, მსროლელის მხრიდან.
ნიკო
14 იანვარი 2020 09:49
რუსეთის ხელისუფლებას სწორედაც რომ "აწყენდა" მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების აღიარება: ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირანი თავს იცავდა და იმიტომ ესროლა, რუსეთის საზენიტო დანადგარი კი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები