სასიკვდილო კორონავირუსი - აი, სად გამოგვადგება ლუგარის ლაბორატორია... - კვირის პალიტრა

სასიკვდილო კორონავირუსი - აი, სად გამოგვადგება ლუგარის ლაბორატორია...

31 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ერთი თვის განმავლობაში 213 ადამიანს მიაღწია, ათი ათასამდე კი დაავადებულია.

ეს საგანგაშო ციფრები ყოველდღიურად, ელვის სისწრაფით იზრდება - 213 დაღუპულიდან, 43 ერთ დღეს, 30 იანვარს გარდაიცვალა, მიუხედავად ჰოსპიტალიზაციისა...

თუმცა არის შედარებით იმედის მომცემი ინფორმაციაც - რამდენი დაინფიცირებულიც გარდაიცვალა, დაახლოებით იმდენივეს გამოჯანმრთელება გახდა შესაძლებელი.

იანვრის ბოლო დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ჩინური კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის გავრცელების საშიშროება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ემუქრება, მათ შორის საქართველოსაც.

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით, არც საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენები და ტურისტები დაჰკლებია ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში ჩინეთს, ასე რომ იმის საშიშროება, რომ ამ კორონავირუსით დაინფიცირებულები უკვე აღმოჩნდნენ საქართველოში, ნამდვილად არსებობს, მითუმეტეს, რომ ამ დაავადების ინკუბაციის პერიოდი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივიც იყოს და ადამიანს არ ეტყობოდეს, რომ ის ამ სასიკვდილო ვირუსის მატარებელია.

და აი ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენი საქართველო შეიძლება როგორც მეზობელ, ისე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან ჩვენთან ... ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს.

სწორედ ის ლუგარის ლაბორატორია (ოფიციალურად იწოდება "რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი"), რომელსაც რუსმა ჩინოვნიკებმა თუ მასმედიამ ათასი ჭორი გამოუგონა და კინაღამ მსოფლიოში "ბიოლოგიური ომის" გამჩაღებლად მონათლა.

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.

ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში.

როგორც ხედავთ, ლუგარის ცენტრში შეიძლება საშიშ ინფექციურ დაავადებებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ოპერატიულად პასუხის მიღება, რაც უთუოდ მომგებიანი საქართველოსთვის.

თუმცა, თუკი ახალ ჩინურ კორონავირუსს მე-4, უმაღლეს დონეს მიანიჭებენ, მაშინ უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე (იმის გამო, რომ ამ ცენტრს მხოლოდ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონემდე აქვს დაშვება), ეტყობა საქართველოში ვერ განვახორციელებთ ამ ვირუსის ლაბორატორიულ გამოკვლევებს, მაგრამ ლუგარის ცენტრი არსებობა მაინც დიდ იმედს იძლევა.

სხვათა შორის, სწორედ ქალაქ უხანში, რომლის ბაზრიდანაც, სავარაუდოდ, გავრცელდა ეს საშინელი კორონავირუსი, ზუსტად ორი წლის, 2018 წლის იანვარში გაიხსნა ლუგარის ცენტრის მსგავსი ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ბიოუსაფრთხოების უმაღლეს, მე-4 დონეზე შეუძლია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ზოგიერთმა კონსპიროლოგმა გამოთქვა ეჭვი, რომ ახალი კორონავირუსი შეიძლება სწორედ ამ ჩინური ლაბორატორიიდან "გამოიქცა"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს