ხანგოშვილის "ქილერი" ეფ-ეს-ბეს სასროლეთზე ვარჯიშობდა - რა ადასტურებს რუსულ კვალს ბერლინის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში? - კვირის პალიტრა

ხანგოშვილის "ქილერი" ეფ-ეს-ბეს სასროლეთზე ვარჯიშობდა - რა ადასტურებს რუსულ კვალს ბერლინის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში?

ასლან მასხადოვის თანამებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მომხდარ მკვლელობაში მაინც რუსული ეფ-ეს-ბეს კვალი გამოიკვეთა, ისევე როგორც რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლაში "გამოიჩინა" თავი...

საერთაშორისო საგამომძიბლო ჯგუფმა Bellingcat -მა, გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel -მა და რუსმა ჟურნალისტებმა The Insider-იდან მორიგი დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარეს და მოიპოვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა ვადიმ კრასიკოვმა წინასწარი სპეციალური მომზადება გაიარა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოსამზადებელ ცენტრში და სასროლეთზე.

ხანგოშვილის მკვლელობაში, რომ რუსული კვალი ჩანდა ეს ისედაც ცნობილი იყო, თუმცა გასარკვევი გახლდათ ხანგოშვილს პირადად ერჩოდა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, თუ ეს სპეცოპერცია უფრო მაღალ დონეზე, უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურებში დაიგეგმა. ჩეჩნეთში მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილი ლიკვიდაციის სიაში რუსულმა 'ფსბ'-მ ჯერ კიდევ 2002 წლიდან შეიყვანა... საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები კი უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ბერლინის ცენტრში ორი სასიკვდილო ტყვიის მსროლელი "ქილერი" რუსეთის სპეცსამსახურების, კერძოდ კი ეფ-ე-ბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის, ბალაშიხის საიდუმლო ბაზაზე გადიოდა მომზადებას, რაშიც მას, სავარაუდოდ, ეფ-ეს-ბეს სპეცდანიშნულების რაზმის "ვიმპელის" მებრძოლებიც ეხმარებოდნენ.

ამის მტკიცებისთვის, საგამომძიებლო ჯგუფმა გერმანიაში, მკვლელობის ადგილას დაკავებული "ქილერის" ვადიმ კრასიკოვის (რომელიც გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის ყალბი პასპორტთ ჩავიდა) მობილური ტელეფონის, რომლითაც ის რუსეთში სარგებლობდა, სატელეფონო ზარების ამონაწერი და გადასახადი მოიპოვა.

სატელეფონო ზარებით დადგინდა ის ზუსტი ადგილები, სადაც კრასიკოვი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაადგილდებოდა და ეს საოცარი სიზუსტით დაემთხვა რუსეთის ეფ-ეს-ბეს იმ საიდუმლო მოსამზადებელ ცენტრს, სასროლეთსა თუ შტაბ-ბინას, სადაც უბრალო მოქალაქეს არავინ შეუშვებს.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი, წესით, რუსეთის ციხეში ისედაც უნდა მჯდარიყო, რადგან 2007 წელს ადგილობრივი დეპუტატი, ხოლო 2013 წელს კი ბიზნესმენი მოკლა. ორივეს ანალოგიური სცენარით,  ველოსიპედით დაეწია და პისტოლეტიდან ესროლა...

'ქილერი' კრასიკოვი გერმანულ პოლიციას შვეულმფრენით გადაჰყავს სხვა ციხეში, რადგან 'ფსბ'-ს მიერ მის ლიკვიდაციას უფრთხის რომ არა რუსული სპეცსამსახურების მფარველობა და მორიგი მკვლელობის შეკვეთა, ასეთ პროფესიონალ "ქილერს" ციხიდან არავინ გამოუშვებდა.

სპეცსამსახურების დახმარებაზე მიუთითებს მკვლელობის ადგილიდან ამოღებული "გლოკ-26" ტიპის გადაკეთებული პისტოლეტიც, რომელსაც გამოცვლილი ლულა ჰქონდა საქარხნო ნომრის გარეშე და თანაც სპეციალური კონსტრუქციის მაყუჩი ეყენა.

2015 წელს თბილისის ცენტრში ზელმხან ხანგოშვილის მანქანის რვა ტყვიით დაცხრილვა, რომელთაგან ოთხი ხანგოშვილს მოხვდა და მძიმედ დაჭრა, დიდი ალბათობით, ასევე რუსეთის ეფ-ეს-ბეს ვიმპელის" "სინდისზე" უნდა იყოს, მაგრამ რა შეფასება უნდა მიეცეს საქართველოს სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავებს, თუკი დედაქალაქის ცენტრში ასე დაუსჯელად მოქმედებენ მეზობელი და არამეგობარი ქვეყნის დივერსანტები?

თუმცა ფელიქს ძერჟინსკის "შთამომავლებმა", ის, რაც ვერ შესძლეს თბილისში, ბერლინში ბოლომდე მიიყვანეს...

ისე ცოტა გასაოცარი სხვა რამეა - ასე ნაქები რუსი აგენტები რა სამარცხვინოდ გაიშიფრნენ ჯერ სკრიპალების მოწამვლის სპეცოპერაციაში, შემდეგ კი ხანგოშვილის მკვლელობისას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს