რა მიზანს ისახავდა სეპარატისტების შეტევა - რამდენად მზად არიან უკრაინელები, თუკი მათ რუსეთის არმიაც შეუტევს? - კვირის პალიტრა

რა მიზანს ისახავდა სეპარატისტების შეტევა - რამდენად მზად არიან უკრაინელები, თუკი მათ რუსეთის არმიაც შეუტევს?

ლუგანსკელმა სეპარატისტებმა უკრაინელების თავდაცვას კბილი მოუსინჯეს...რა მიზანს ისახავდა ეს ერთჯერადი შეტევა?

18 თებერვლის გამთენიისას, უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალე ექვსი წელი შესრულდება, მორიგი ინტენსიური ორმხრივი სროლა დაიწყო არტილერიისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით.

ამაში ახალი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი - უკრაინელების თავდაცვის ზღუდეზე იერიში ლუგანსკელმა პრორუსმა სეპარატისტებმა მიიტანეს, არადა, ფრონტის ამ ხაზზე თვეობით მშვიდობა სუფევდა, განსხვავებით დონეცკის მიმართულებისა.

პრორუსი სეპარატისტების შეტევისას უკრაინის საბრძოლო დანაყოფებმა დროებით დატოვეს სამი თავდაცვის ზღუდე, თუმცა დასახმარებლად არტილერიის ცეცხლი გამოიძახეს.

რამდენიმესაათიანი ბრძოლა ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. შედეგი - უკრაინელებს დაეღუპათ ერთი მებრძოლი და ექვსი დაიჭრა, სეპარატისტების დანაკარგმა ოთხი დაღუპული და ექვსი დაჭრილი შეადგინა.

რა იყო ეს? სადაზვერვო შეტევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად მზად არიან უკრაინელები პოზიციების დასაცავად, თუკი სეპარატისტებთან ერთად უკვე რუსეთის არმიაც შეუტევს ფართო ფრონტით უკრაინელებს, როგორც ეს უკვე მოხდა 2015 წლის იანვარ-თებერვალში დებალცოვოს ალყის დროს?

ძნელი სათქმელია, მაგრამ ლუგანსკელი სეპარატისტების ამ საბრძოლო გამოხტომამ, უკრაინელებზე მეტად თავად რუსეთის საერთაშორისო პოზიცია შეარყია, რადგან გაეროშიც და ეუთოშიც დააფიქსირეს, რომ შეტევის წამომწყები სწორედ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ლუგანსკელი სეპარატისტები იყვნენ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმაზეც კი იყო თანახმა, რომ ფრონტის ხაზი ერთობლივ საპატრულო ჯგუფებს გაეკონტოლებინათ, რის გამოც თავად უკრაინელების დიდი ნაწილი მას მკაცრად აკრიტიკებდა, სეპარატისტების 18 თებერვლის შეტევის შემდეგ კი, ერთობლივი პატრულირება კიდევ უფრო მეტად უტოპიურად მოჩანს.

რუსეთის მიერ ოფიციალურად გამოუცხადებელი, მაგრამ რეალური ომი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მეექვსე წელია გრძელდება თითქმის იმავე სცენარით, როგორც კრემლი საქართველოს ერთიანობას ტეხავდა 1992-93 წლების აფხაზეთის ომში, ასევე ადგილობრივი სეპარატისტების გამოყენებით.

საქართველომ მაშინ იმ უთანასწორო ბრძოლას რუსეთთან, 13 თვე და 13 დღე თუ გაუძლო, უკრაინა საქართველოზე ბევრად დიდი ,მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ამიტომაც ინარჩუნებენ აქამდე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთის ნაწილს.

თუმცა, თუკი ბრძოლებში აქტიურად ჩაერთობა რუსეთის შეირაღებული ძალების ის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფებები,რომლებიც თავმოყრილია რუსეთ-უკრაინის საზღვართან, მაშინ უკრაინელების მდგომარეობა  სანუგეშო ნამდვილად აღარ იქნება და ეს ომი აფხაზეთისას კი არა, არამედ აგვისტოს ომს დაემსგავსება, როდესაც რუსეთი რამდენიმე მიმართულებიდან განახორციელებს შეტევას უკრაინაზე (ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში შემოტევების ერთობლივად დაწყების მსგავსად, რათა თავდაცვაში მყოფებმა ძალები, სხვადასხვა მიმართულებებიდან წამოსული შეტევების მოსაგერიებლად დაქსაქსონ).

უკრაინას რუსეთისგან არ იცავს კავკასიის ქედის მაგვარი ბუნებრივი "ფარი" (თუმცა საქართველოს რომ იცავდა, როგორ გამოვიყენეთ ბუნებისგან ნაბოძები ეს ტაქტიკური უპირატესობა, როდესაც ერთადერთი, როკის გვირაბიც კი ვერ ჩავუკეტეთ მომხვდურებს), რის გამოც რუსეთს უკრაინაზე შეტევა თითქმის ყველა მიმართულებიდან შეუძლია.

უკრაინის ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს მერამდენე წელია უშედეგოდ სთხოვს დახმარებას, რომ უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც დღეს პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, დააბრუნონ უკრაინელი მესაზღვრეები, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთი, რაც ლოგიკურია, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი შეიარაღებას და საბრძოლო საჭურველს ვეღარ გადაუგზავნის სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში და ვერც რუსი სამხედროები გაივლიან რეალურ საბრძოლო მომზადებას დროებით ოკუპირებულ უკრაინის მიწაზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

წარწერა ფოტოზე:

რუსულ ჯავშანტექნიკას უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადალახვა თითქმის ყველა მონაკვეთში შეუძლია...