ამერიკული და რუსული ჯავშანმანქანების საგზაო "დუელი" - რით დასრულდება დაპირისპირება ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედროებს შორის სირიის გზებზე?
ამერიკული და რუსული ჯავშანმანქანების საგზაო "დუელი" - რით დასრულდება დაპირისპირება ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედროებს შორის სირიის გზებზე?
რუსი და ამერიკელი სამხედრო პატრულების დაპირისპირების მოხშირებული ინცინდენტები სირიის გზებზე, მშვიდობით არ დამთავრდება...

20 თებერვალს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის, ქალაქ კამიშლიდან, რომელზეც ასახულია საგზაო ინცინდენტი, ოღონდ ისეთი, რაც შეიძლება ბირთვული სახელმწიფოების უკიდურესად დაპირისპირების საბაბად იქცეს.

სირიის ავტომაგისტრალზე მიმავალი ამერიკელი სამხედროების "ოშკოშის" ტიპის ჯავშანმანქანების კოლონას ჯერ მარჯვნიდან, გზის ნაპირიდან უსწრებს რუსების სამხედრო პოლიციის "ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანა, შემდგომ კოლონას შუაზე "წყვეტს" და უკვე მარცხენა მხრიდან იწყებს გასწრებას, მაგრამ ამერიკული "ოშკოშის" მძღოლი
სწრაფ მარცხენა მანევრს აკეთებს, რის შემდეგაც რუსული "ტიგრი" ისევ მარჯვნიდან ცდილობს გასწრებას, თუმცა ამერიკელი მძღოლიც თავის "ოშკოშს" მარჯვნივ მიმართავს და რუსულ ჯავშანმანქანას მინდორში აგდებს, რის დროსაც თავს გაქცევით ბეწვზე შველის ადგილობრივი მაცხოვრებელი...

ამერიკული 'ოშკოში'

ორი ბირთვული სახელმწიფოს ჯავშანმანქანები ჩერდებიან, თუმცა ვიდეოც, რომელსაც სამოქალაქო მანქანიდან ადგილობრივი იღებდა, ამით
წყდება და უცნობია, როგორ გაგრძელდა საქმის გარჩევა ტყვიამფრქვევიანი ჯავშანმანქანების მძღოლებს შორის
.

ვიდეოს ამ პატარა მონაკვეთით, ძნელია იმის მტკიცება, თუ რა უძღოდა წინ ამ საგზაო ინცინდენტს, თუმცა არცერთი ქვეყნის არმიის ნორმალური ოფიცრები არ მისცემენ უფლებას სხვა ქვეყნის (და თანაც არც თუ ისე მეგობრულის) სამხედროებს, რომ გზაზე მოძრაობისას მათ ავტოკოლონაში "ჩაეკვეხონ".

რუსული "ტიგრი“

ამიტომაც, ამ შემთხვევაში ამერიკელი სამხედროების მოქმედება უფრო გამართლებული მოჩანს, თუმცა ეს დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული, რადგან ასეთი საგზაო ინცინდენტი შეიძლება ჯერ სროლაში გადაიზარდოს, შემდეგ კი...

საგულისხმოა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ, რუსულ და ამერიკულ სამხედრო პატრულებს შორის აქამდეც მომხდარა რამდენიმე საგზაო ინცინდენტი, როდესაც ისინი ერთმანეთის სამხედრო კოლონებს არ უშვებდნენ და გზებს ჯავშანმანქანებით ხერგავდნენ.

საბრძოლო ტექნიკით ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს სახიფათო მანევრები რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ბოლო წლებში, ახალი "ცივი ომის" გაჩაღების შემდეგ სისტემატურად ხდება, იქნება ეს საჰაერო დაპირისპირება ბალტიის ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში თუ შავ ზღვაში ამერიკულ და რუსულ ხომალდებს შორის.

ერთხელაც იქნება და ასეთი სახიფათო თამაში მსხვერპლით დამთავრდება, მაგრამ მას რა გაგრძელება მოჰყვება, უკვე რთულად პროგნოზირებადია...

ვიდეო: სირიაში რუსულ-ამერიკული ჯავშანმანქანების "ორთაბრძოლის" ვიდეოკადრები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები