პუტინმა ერდოღანს სირიის გაყოფაზე უარი უთხრა - რუსულმა ბომბდამშენებმა იდლიბში თურქების ორი ტანკი ააფეთქეს - კვირის პალიტრა

პუტინმა ერდოღანს სირიის გაყოფაზე უარი უთხრა - რუსულმა ბომბდამშენებმა იდლიბში თურქების ორი ტანკი ააფეთქეს

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსმა და თურქმა სამხედროებმა ცეცხლი ერთმანეთს უკვე არაერთხელ გაუხსნეს, არის მსხვერპლიც, მაგრამ მოსკოვშიც და ანკარაშიც ამის ღიად აღიარება არ სურთ, შემდგომი დიდი სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო.

საერთოდ, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გასულ საუკუნეებში 12 ომი მოხდა, მათგან ბოლო, კი ასიოდე წლის წინ და ეს საბრძოლო შეტაკებები მაშინდელი საქართველოს ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა.

დღესაც, საქართველოსთვის სულ ერთი არ უნდა იყოს, თუ რა მოხდება ჩვენს "ზედა" და "ქვედა" მეზობლებს შორის, თუნდაც სირიაში, რადგან მოსკოვსა და ანკარას შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შეიძლება შავი ზღვის აკვატორიაში და სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვიდეს.

სამოქალაქო ომით დანგრეულ სირიაში ხდება სხვადსხვა ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების შეჯახება.

რუსეთი ყველანაირად ეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომ მან ერთიანი ხელისუფლება აღადგინოს ქვეყანაში, თურქეთს კი თავისი ინტერესები აქვს.

ჯერ ერთი, ანკარას არ სურს სირიელმა ქურთებმა, რომლებმაც დღესდღეობით ერთგვარი დამოუკიდებლობა მოიპოვეს სირიის, ნავთობით მდიდარ, ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, მოახდინონ გავლენა იმ ქურთებზე, რომლებიც სირიის მოსაზღვრედ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.

რომ არ გაძლიერდეს ქურთების მოძრაობა დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს არანაკლებ 30 კმ სიგანის ბუფერული ზონა შექმნას თურქეთი-სირიის სახმელეთო საზღვრის მთელ გაყოლებაზე და თანაც საზღვრის სირიის მხარეს. ამით ანკარა თითქმის გამორიცხავს, რომ ქურთებმა სირიიდან შეირაღებული დახმარება გაუწიონ თანამოძმეებს თურქეთში.

მეორეც, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს იდლიბის პროვინცია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს და ის ძირითადად თურქული წარმომავლობის სირიის მოქალაქეებითაა დასახლებული.

სირიის პრეზიდენტი ასადი, რომელიც ქვეყნის გაერთინებას სამხედრო ძალით ცდილობს, დიდად არ უფრთხილდება მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის თურქული წარმომავლობის იდლიბის მაცხოვრებლებს და მათ დასახლებულ პუნქტებს დაუნდობლად ბომბავს, მათ შორის რუსული ბომბდამშენებისა და მოიერიშეების დახმარებით.

გასგებია, რომ თურქეთის პრეზიდენტი თაიფ ერდოღანი არ შეეგუება, რომ მეზობელი სირიის გაერთიანებას თურქული წარმომავლობის მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად შეეწიროს, ამიტომაც, ამ ცოტა ხნის წინ,  იდლიბის პროვინციაში თურქეთმა ღიად გადაისროლა ათობით ტანკი, ჯავშანმანქანა და საარტილერიო დანადგარი.

აქამდე თურქეთი თავის მომხრე შეიარაღებულ რაზმებს იდლიბში მალულად ამარაგებდა მხოლოდ მსუბუქი იარაღით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იდლიბის დამცველებისთვის, რომ მოეგერებინათ ასადის არმიის ტანკები, მითუმეტეს მუდმივი რუსული საჰაერო დაბომბვების ფონზე.

დღეს, იდლიბის პროვინციაში, თურქული წარმოშობის ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან თურქეთის რეგულარული არმიის დაანაყოფები თავისი ტანკებითა და არტილერიით

მოწინააღმდეგე მხარეს კი პრეზიდენტ ასადის ერთგული სირიის არაბული არმია წარმოადგენს, რომლის შეტევებს რუსი გენერლები გეგმავენ, დაზვერვას რუსი სამხედროები ახდენენ, ხოლო საჰაერო დაბომბვას ჰმეიმიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავების რუსი პილოტები ახორციელებენ.

შესაბამისად, ახალი საბრძოლო შეტაკებები რუს და თურქ სამხედროებს შორის ახლო მომავალშიც გარდაუვალი იქნება, მაგრამ დამალავენ კიდევ თუ არა ამას მოსკოვშიც და ანკარაშიც?

P.S. სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თურქ კოლეგას ერდოღანს უარი განუცხადა სირიის ტერიტორიის გაყოფაზე და მოსთხოვა პატივი სცეს სირიის სუვერენიტეტს - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურმა საიტმა 21 თებერვალს გააკეთა

P.P.S. საგულისხმოა, რომ ევროპაში იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ევროპის დამცველი - 2020", რომლის მსგავსი ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ნატოს არ ჩაუტარებია. ამ სწავლების დიდი ნაწილი რუსეთის დასავლეთი საზღვრის სიახლოვეს ჩაივლის,რაც ალიანსის მხრიდან სერიოზული ძალის დემონსტრირება გახდება კრემლისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს