შეიძლება თურქეთმა ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზებიც დაბომბოს?! - კვირის პალიტრა

შეიძლება თურქეთმა ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზებიც დაბომბოს?!

28 თებერვლის გამთენიისას, იდლიბის პროვინციაში რუსული და სირიული საბრძოლო ავიაციის მიერ თურქული სამხედრო კოლონის მიმართულებით განხორციელებულ დაბომბვას 33 თურქი სამხედრო შეეწირა, 32 კი დაიჭრა.

ეს არის თურქეთის არმიის ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი შეიარაღებული ძალების დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა ღიად შეიყვანა მეზობელი სირიის იდლიბის რაიონში, იქ მაცხოვრებელი პროთურქული მოსახლეობის დასაცავად, რომლებსაც ინტენსიურად ბომბავდა სირიის ავიაცია.

თურქეთის სამხედრო კოლონის ასეთი დაუსჯელი საჰაერო დაბომბვა კი იმის შედეგია, რომ თურქეთის გენშტაბი აქამდე თავს იკავებდა იდლიბის თავზე თავისი გამანადგურებელი თვითმფრინავების შეფრენაზე, რადგან უფრთხოდა ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრენილ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებსა და ასევე რუსულ, შორი მოქმედების ს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს(ისინიც ჰმეიმის აეროდრომზეა განთავსებული, თუმცა თავისუფლად ფარავენ საჰაერო სივრცეს იდლიბის პროვინციის თავზე).

იმის მიუხედავად, რომ ამ საჰაერო დარტყმებში ღიად იკვეთება ჰმეიმიმიდან აფრენილი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო თვითმფრინავების კვალი, ოფიციალური ანკარა ამ თავდასხმას მაინც მხოლოდ სირიის ავიაციას აბრალებს. რუსებისა და სირიელების საჰაერო დარტყმები იდლიბის ქალაქებზე

გასაგებია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ბოლო ხავსს ეჭიდება, რათა თურქი სამხედროების დაღუპვაში პირდაპირ არ დაადანაშაულოს რუსი გენერლები და ამით რუსეთის პრეზიდენტს საქვეყნოდ დაუპირისპირდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2015 წლის შემოდგომაზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ.

ყოველივე ამის ფონზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო გადაწყვეტილება გზა გაუხსნას სირიიდან იძულებით დევნილ ასი ათასობით ადამიანს ევროპისკენ, რომლებიც აქამდე თავს თურქეთს აფარებდნენ.

ეს ერდოღანის ერთგვარი შურისძიებაა ევროპისა და აშშ-ის მიმართ, თუმცა ბოლო ინცინდენტის შემდეგ ნატომაც და აშშ-მაც თურქეთს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ ანკარასთვის ეს საკმარისი არ არის, ის როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ნატოსგან სამხედრო დახმარებას ელოდება... თურქული ჯავშანტექნიკის კოლონები რუსული ბომბების სამიზნეში კვლავ რჩებიან...

მაგრამ ვიდრე იმას დაელოდებოდა, ალიანსის ბიუროკრატი პოლიტიკოსები როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას "შეშფოთება-აღშფოთების" სტილში, ერდოღანმა სირიელ და რუს გენერლებს დაუყოვნებელი, ღირსეული დარტყმა მიაყენა მართვადი საარტილერიო ჭურვებითა და უპილოტო თვითმფრინავებიდან გაშვებული რაკეტებით, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარეს გაუნადგურა ორ ათეულზე მეტი ტანკი, 23 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, საზენიტო "პანცირი" და "ბუკი", ასევე ხუთი შვეულმფრენი.

ამ მონაცემებს თურქეთის გენშტაბი ავრცელებს და ის შეიძლება გაბერილადაც მოეჩვენოს მკითხველს, თუმცა თურქმა სამხედროებმა ზემოხსენებული სამხედრო ტექნიკის ზუსტი სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლით განადგურების ვიდეოკადრებიც გაავრცელეს-უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების ვიდეოკამერებმა სამ ათეულამდე ასეთი მომენტი დააფიქსირეს (რომელთა ნახვა ბმულ ვიდეოებზეც შეგიძლიათ).

შეიარაღებული დაპირისპირება იდლიბში ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელზეც თურქეთ-რუსეთის ღია სამხედრო დაპირისპირება სირიაში თითქმის გარდაუვალი ხდება, რუსეთის ავიაციისა და სამხედრო ხომალდებიდან(ფრთოსანი "კალიბრებით" შეიარაღებულმა ორმა რუსულმა ახალმა ფრეგატმა შავი ზღვიდან უკვე გაიარა ბოსფორის სრუტე და სირიის ტარტუსში ორიოდე დღეში, მესამე ასეთივე ფრეგატს შეუერთდება) იდლიბში თურქეთის საარმიო დანაყოფებზე შეტევა, რასაც თურქეთის მიერ საპასუხოდ ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო რუსული სამხედრო ბაზების დაბომბვაც კი მოჰყვეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს