ტრამპს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს, იმედია, ქართველებს იქ არ "დაგვტოვებენ"...
ტრამპს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს, იმედია, ქართველებს იქ არ "დაგვტოვებენ"...
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისა და სირიაში სისხლისმღვრელი ომის ფონზე შეიძლება რაღაცნაირად ჩაიკარგა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა - 29 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-მა და "თალიბანის" მოძრაობამ ხელი მოაწერეს შეთნხმებას, რომელიც მომდევნო 135 დღის განმავლობაში ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 13-დან 8,6 ათას კაცამდე შემცირებას ითვალისწინებს.

თუკი ეს პროცესი მშვიდობინად ჩაივლის და "თალიბანის" მხრიდან არ იქნება თავდასხმები, 14 თვის განმავლობაში ავღანეთი სრულიად უნდა დატოვონ როგორც ამერიკელმა, ისე სხვა ქვეყნების სამხედროებმაც.

10 მარტამდე
კი "თალიბანმა" ათასამდე ტყვე უნდა გაანთავისუფლოს, ხოლო სამთავრობო ძალებმა კი ციხეებიდან 5 ათასამდე "თალიბი" გამოუშვას.

ამასთანავე, "თალიბანმა" ხელი უნდა შეუშალოს "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებს, რომელთა წინააღმდეგ ავღანეთში ბრძოლას აგრძელებენ ამერიკელი და სხვა ქვეყნის სამხედროები.

ავღანეთში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები 2001 წლის შემოდგომის ბოლოსკენ გამოჩნდნენ,
მას შემდეგ რაც "ალ-ქაიდას" ლიდერმა უსამა ბენ ლადენმა 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.

მართალია, უსამა ბენ ლადენი მეზობელ პაკისტანში, 2011 წლის მაისში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს, მაგრამ ამერიკელები ავღანეთის ომის ჭაობში მე-19 წელია ჩაფლობილი არიან, მოკავშირეებთან ერთად.
დოჰაში ხელმოწერას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ავღანეთის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანიც კი ესწრებოდნენ, რაც ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

დაამთავრებს თუ არა ომს ავღანეთში, ამერიკელებისა და 'თალიბების' ხელის ჩამორთმევა?
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კი თავის ჩვეულ სტილში, "ტვიტერში" მაშინვე დაპოსტა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანასთან დაკავშირებით - "დღეს, ეს დაიწყება დაუყონებლივ".

გასაგებია, რომ ამერიკელებსაც უკვე ყელში ამოუვიდათ ავღანეთის თითქმის 19 წლიანი ეპოპეა, რაც ერთტრილიონ დოლარამდე დაუჯდათ და 2,4 ათასამდე სამხედრო დაეღუპათ.

საქართველოს ინტერესებშიცაა, რომ ამერიკელებისა და ნატოს კვალდაკვალ, ჩვენც გამოვიყვანოთ ავღანეთიდან თითქმის 900 კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ყველაზე მრავალმრიცხოვანია მისიაში მონაწილე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და რაოდენობით აჭარბებს ნატოს წევრი ბევრი ევროპული ქვეყნის მიერ ავღანეთში გაგზავნილ დანაყოფებსაც კი.

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2009 წლის შემოდგომაზე გავაგზავნეთ, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან, მხოლოდ ერთი წელი იყო გასული და რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების დიდი საფრთხე ისევ არსებობდა.

ათი წლის განმავლობაში ავღანეთში, სამწუხაროდ, ქართული არმიის 32 სამხედრო დაგვეღუპა და სამასამდე დაგვეჭრა.

საქართველომ ბევრად იმაზე მეტი წვლილი შეიტანა ნატოსა და პირველ რიგში აშშ-ის რეალურ მხარდაჭერაში, ვიდრე ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შეეძლო და ბუნებრია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საპასუხო, რეალურ ქმედებებს ველოდებით, ნატოში გაწევრებისა და უსაფრთხოების "ქოლგის" გადმოფარების სახით, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისევ მხოლოდ სიტყვიერი დაპირებების დონეზე რჩება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სოსო
10 მარტი 2020 17:31
მგონი გულს გვიკეთებს ,ბატონი ირაკლი.ჯერ სსრკ იყო,შემდეგ ამერიკა..ვინ იქნება შემდეგი,ჩინეთი?პაკისტანი?ვიღაცა აუცილებლად მოიწადინებს ავღანეთის გაკონტროლებას.
...
10 მარტი 2020 16:59
იქ არ დაგვტოვებენ და მერე რა გვეშველება, ხელფასს ვინ გადაგვიხდის.
lia
04 მარტი 2020 13:38
ელოდეთ ბიძია ელოდეთ,მაგიზა არკაცი არ გეტყვით საყვედურს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები