კორონავირუსის პანდემია საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებებზე დროებით უარს გვათქმევინებს?! - კვირის პალიტრა

კორონავირუსის პანდემია საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებებზე დროებით უარს გვათქმევინებს?!

მთელ მსოფლიოში ერთმანეთის მიყოლებით უქმდება წინასწარ დაანონსებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, გამონაკლისი როგორც ჩანს, არც საქართველო იქნება...

სამრეთ კორეისა და აშშ-ის ყოველწლიური სამხედრო სწავლების (რომელიც ჩრდილო კორეის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა) გადადების შემდეგ გაუქმდა პენტაგონის მიერ დაგეგმილი სწავლება აფრიკაში, მანამდე კი სერიოზული ცვლილებები შევიდა პირველი "ცივი ომის" შემდგომ ყველაზე ფართომასშტაბიან, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში "ევროპის დამცველი - 2020", რომელიც უკვე დაწყებული გახლდათ.

არცერთ ქვეყანას აღარ სურს, რომ მისი მოქალაქები სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მასობრივად აღმოჩნდნენ კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის წინაშე და შემდეგ ამ ქვეყნების ხელისუფალმა თავი იტეხონ მათი სამშობლოში სასწრაფო ევაკუირებისთვის.

გამონაკლისს არც სხვადასხვა ქვეყნების არმიების სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ, რომლებიც აქამდე ყოველწლიურად აქტიურად და მასიურად მონაწილეობდნენ პლანეტის სხვადასახვა კუთხეში გამართულ ათასნაირ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და მანევრებში.

ეს განსაკუთრებით თვალშესაცემი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რომელსაც წელს რამდენიმე ათეული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ჰქონდა დაგეგმილი, როგორც წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებზე.

მათ შორისაა ჩვენი საქართველოც, რომლის პოლიგონებზე ბოლო 12 წელზე მეტია ყოველწლიურად იმართება რამდენიმე სხვადასხვა მასშტაბის მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, მათ შორის "ღირსეული პარტნიორი" და "მტკიცე სული".

თითოული ამ სწავლების ფარგლებში საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი ორ ათეულამდე ქვეყნის 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჩამოდის ერთი თვით მაინც და საბრძოლო სწავლების მომზადების და განხორციელების ეტაპებზე მათ ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავიანთ ქართველ კოლეგებთან.

ანუ მასობრივად ხდება ის პირადი კონტაქტები, რომლებიც ასე უწყობს ხელს კორონავირუსის ჯერ ეპიდემიად, შემდგომ კი პანდემიად გადაქცევას...

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე თბილისში გაიმართა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების "ღირსეული პარტნიორი-2020"-ისა და "მტკიცე სული-2020"-ის საქართველოში ჩატარების მთავარი დაგეგმვის კონფერენციები.

თუმცა ახალი კორონავირუსის ელვისუსწრაფესად პანდემიად გადაქცევის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან ერთად სასწრაფოდ მოუწევს მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა მომავალ გეგმებში - ყველაზე ჭკვინური გამოსავალი იქნებოდა, თუკი წელს საერთოდ არ ჩატარდებოდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები საქართველოს ტერიტორიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, უკან დაგვწევდა ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების სფეროში, მაგრამ დღეს სასწორზე არანაკლები, უფრო სწორედ კი ბევრად უფრო მეტი საფრთხე დევს იმ კორონავირუსის პანდემიის სახით,რომელთანაც ბრძოლისას ფრონტის ხაზი არ მოჩანს და მითუმეტეს უფრო სახიფათოა...

არანაკლებ აქტუალურია ავღანეთიდან თითქმის 900-კაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტის სამშობლოში დაბრუნება.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ "თალიბანთან" შეთანხმების შედეგად თავად ამერიკელებმა დაიწყეს თავისი სამხედროების გამოყვანა ავღანეთიდან და მეორე, მთავარი - ავღანეთში ახალი კორონავირუსის პანდემიის სწრაფად გავრცელების დიდი საფრთხე არსებობს იქაური მძიმე რეალობიდან გამომდინარე და 900-მდე საქართველოს მოქალაქის დამატებით საფრთხეში ჩაგდება, არასწორი იქნებოდა. იგივე ეხება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილ ქართველ გვარდიელთა ოცეულსაც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს