ყაზარმულიდან საგანგებოზე?! - რა დაევალება სამხედრო ძალებს, თუ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა? - კვირის პალიტრა

ყაზარმულიდან საგანგებოზე?! - რა დაევალება სამხედრო ძალებს, თუ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა?

წინასწარ, ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანილი საარმიო დანაყოფების მობილიზირება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, უფრო ოპერატიულად განხორციელდება...

საქართველოს თავდაცვის ძალებში 21 მარტიდან ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დარჩებიან და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე აეკრძალებათ დისლოკაციის ადგილის დატოვება.

რამ განაპირობა თითქმის 30 ათასიანი ძალოვანი უწყების ყაზარმებში თავმოყრა?

საქმე,ის არის,რომ ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანილი არმიის სწრაფი მობილიზირება ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუკი მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მაინც გამოაცხადა და საჭირო გახდა კონკრეტული საბრძოლო დანაყოფების ოპერატიული გადანაწილება სხვადასხვა დასახლებული პუნქტებში.

თუკი საგანგებო მდგომარეობა მაინც გამოცხადდა, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების რა ტემპი ექნება, მაშინ თავდაცვის ძალების დანაყოფებს, სავარაუდოდ, დაევალებათ საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა ქალაქების გასასვლელებსა თუ ძირითად გზაჯვარედინებზე ავტოტრანსპორტისა და მგზავრების შემოწმების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უშვებს კომენდანტის საათის შემოღებასაც, რის განსახორციებლადაც ასევე სამხედრო პატრულები გამოიყოფა, რომელთაც ექნებად უფლება დააკავონ ნებისმიერი, რომელიც უნებართვოდ დაარღვევს კომენდანტის საათს.

 მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის მცოდნე ქართველი სამხედროების მომზადების დონე ეხლა გამოჩნდება

საერთოდ საგანგებო მდგომარეობის შემოღება ბევრ შეზღუდავს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სულაც არ მოეწონება, მაგრამ აქ უკვე თამაშის წესებს რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ან თუნდაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საოკუპაციო ძალები კი არა, არამედ "თვით" კორონავირუსის პანდემია გვიწესებს...

საქართველოს თავდაცვის ძალებს ეტყობა ადრე თუ გვიან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც მოუწევს გააქტიურება.

თავდაცვის ძალების განკარგულებაშია საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი (არადა, ადრე ის ბრიგადას წარმოადგენდა), რომელსაც თავის მხრივ ექვემდებარება სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული, რომელიც სპეციალურ მომზადებას სწორედ ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის გადის. ამ ასეულს ამერიკელი და გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორები წვრთნიდნენ და შესაბამისი ტექნიკაც გადასცეს დაბინძურებული ტერიტორიებისა და ტრანსპორტის დეაქტივაციისთვის. თუმცა რამდენად ეყოფა, საჭირობის შემთხვევაში, ერთი ასეთი ასეულის რესურსი და შესაძლებლობები იგივე თბილისს, ცოტა ძნელი სათქმელია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს