ამერიკული მცურავი ჰოსპიტალები, რომლებიც აგვისტოს ომში ჩვენამდე არ მოუშვეს, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვნენ - კვირის პალიტრა

ამერიკული მცურავი ჰოსპიტალები, რომლებიც აგვისტოს ომში ჩვენამდე არ მოუშვეს, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვნენ

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭრაბა და ეს ბირთვული ზესახელმწიფო დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით.

საავადმყოფოების, ასევე მედპერსონალის და შესაბამისი აღჭუტტვილობის ნაკლებობას ამერიკელებიც განიცდიან და ამიტომაც ცდილობენ ყველა რესურსი მოიძიონ, მათ შორის ამერიკული არმიის საველე ჰოსპიტლები, მათ შირის ამერიკული ფლოტის მცურავი ხომალდებიც.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია ორი, დიდი წყალწყვის ჰოსპიტალური ხომალდი - "მერსი" და "კომფორტი", რომლებსაც პენტაგონი საბრძოლო მოქმედებების დროს იყენებდა, მაგრამ ახლა უკვე ომზე არანაკლები საფრთხის - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის დასჭირდა.

ნოუ იორკის პორტში ღუზა ჩაუშვა ჰოსპიტალურმა ხომალდმა "კომფორტმა", რომელსაც ათასამდე პაციენტის მიღება შეუძლია თავის ბორტზე და 12 საოპერციო აქვს. ავადმყოფების მომსახურებას 956 კაციანი მედპერსონალი გასწევს, რაც კორონავირუსის შეტევისგან შეშინებული ნიუ-იორკელებისთავის მცირე შეღავათად მაინც იქცევა.

პრეზიდენტი ტრამპი მიესალმება "კომფორტის" ღუზის ჩაშვებას ნიუ იორკის ნავმისადგომთან თუკი "კომფორტი" ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა, მისნაირი, მეორე ჰოსპიტალური ხომალდი, "მერსი" დასავლეთ სანაპიროსკენ მიავლინეს და ლოს-ანჯელესის სიახლოვეს ჩაუშვა ღუზა. მისი სამედიცინო შესაძლებლობებიც თითქმის ანალოგიურია "კომფორტის", მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი - ამერიკული სამხედრო ფლოტის ამ ორივე ჰოსპიტალური ხომალდის სამედიცინო პერსონალი ძირითადად მაინც სპეციალიზირებულია დაჭრილი და კონტუზირებული პაციენტების სამკურნალოდ, რადგან მათ სწორედ საბრძოლო მოქმედებების დროს არსებული სანიტრული დანაკარგების შესამცირებლად, ანუ ბრძოლის ველზე დაჭრილი და დაშავებული სამხედროების სამკურნალოდ ამზადებდნენ და არა უხილავი მტრის - კორონავირუსთან საბრძოლველად.

საერთოდ, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის გამოყენება, იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის სამხედრო დანაყოფები თუ საველე ჰოსპიტლები, დიდ დახმარებას უჩენს სამოქალაქო სტრუქტურებს ასეთი განსაკუთრებული სიტუაციების დროს.

საქართველოში, მართალია ჰოსპიტალური ხომალდები კი არა, სანიტარული კატარღებიც არ გვყავს, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული ყოველდღიურ დეზინფექციას ახდენს ბონლისისა და მარნეულის შესასვლელებში, ხოლო 31 მარტიდან, ფაქტობრივად, კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედროები ქალაქების შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში მორიგეობენ, ხოლო თუ საჭირო გახდა, სამხედრო საველე ჰოსპიტლებიც გაიშლება.

ამერიკული ჰოსპიტალური ხომალდების "კომფორტისა" და მერსის" ნიუ-იორკელებისა და ლოს-აჯესელების დასახმარებლად გაგზავნასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთი ისტორია, რომელიც ჩვენ გვეხება.

ჰოსპიტალური ხომალდის ერთ-ერთი სამედიცინო მოდული 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბრძანება გასცა,რომ ეს ჰოსპიტალური ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შემოსულიყვნენ და ომგამოვლილი საქართველოსთვის დახმარება აღმოეჩინათ.

ეს, თეთრი სახლის მაშინდელი ლიდერის მხრიდან შეიძლება ერთგვარი "კომპენსაცია" გახლდათ, იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის "შეშფოთება-აღშფოთება" დასაცინი გახდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ვერც ეს შეძლო.

თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს უარის უთხრა ბოსფორის სრუტეში ჰოსპიტალური ხომალდის "კომფორტის" გატარებაზე, რაც ოფიციალურმა ანკარამ მონტროს კონვენციით ახსნა, რადგან 272 მ სიგრძის "კომფორტის" სრული წყალწყვა 70 ათასს ტონამდე გახლავთ...

მართალია, მაშინ აგვისტოს ომის შემდეგ უზარმაზარი ამერიკული ჰოსპიტალური ხომალდი საქართველოს ვერ დაეხმარა, მაგრამ დღეს ეს გემები ამერიკელი მოქალაქეების (რომელთა შორის საქართველოდან ჩასულებიც შეიძლება აღმოჩნდნენ) გადასარჩენად იბრძოლებენ.

იხილეთ ასევე: რამდენად სჭირდებოდა იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში პუტინის დახმარება და რამ შეაშფოთა ნატო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს