კორონავირუსმა პუტინისა და ტრამპის ატომურებიც არ დაინდო... - კვირის პალიტრა

კორონავირუსმა პუტინისა და ტრამპის ატომურებიც არ დაინდო...

ერთმანეთის ჩასაძირად მზადყოფნაში მყოფი ამერიკული ავიამზიდისა და რუსული ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟები, მესამე ძალამ, კორონავირუსმა "დაამარცხა"…

კორონავირუსის გამო კარანტინშია გადაყვანილი რუსული ატომური წყალქვეშა ნავის "ორიოლის" მთელი ეკიპაჟი, ხოლო ამერიკულ ატომურ ავიამზიდზე "თეოდორ რუზველტზე", რომელზეც 4 ათასამდე სამხედრო იმყოფება, ასზე მეტია დაინფიცირებული.

კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებული სისასტიკით მეზღვაურებს შეუტია, ასე იყო საოკეანო საკრუიზო გემების მგზავრებს შორის და ასეა სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ფლოტების ხომალდების ეკიპაჟებშიც, რადგან კორონავირუსმა მეზღვაურების მთავარ პრობლემას "მიაგნო" - სამხედრო ხომალდების კაიუტებში და კუბრიგებში მეზღვაურები ძალზე კომპაქტურად არიან განთავსებულნი(რომ აღარაფერი ვთქვათ წყალქვეშა ნავზე,  სადაც ერთ საწოლში ერთმანეთს ენაცვლებიან ვახტიდან დაბრუნებულები) და კორონავირუსით ერთი მათგანის დაინფიცირებაც კი,დიდ ტრაგედიას მოასწავებს რადგან სამხედრო ხომალდის ბორტზე თვითიზოლაცია თითქმის შეუძლებელია.

რუსეთი რა თქმა უნდა მალავს, რომ კორონავირუსმა თითქმის მთლიანად გამოიყვანა სრული საბრძოლო მზადყოფნიდან მისი ჩრდილოეთ ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავების მე-11 დივიზია, რომელიც ზაოზერსკშია დისლოცირებული.

კორონავირუსი თავდაპირველად ატომურ წყალქვეშა ნავ "ორიოლზე", სავარაუდოდ იმ სამოქალაქო ინჟინერმა შეიტანა, რომელიც ნავის ერთ-ერთ სისტემას არემონტებდა, რის შემდეგ კარანტინზე აიყვანეს არა მარტო "ორიოლის" ეკიპაჟის 107-ვე წევრი, არამედ იმავე პირსთან მდგარი მეორე ატომური წყალქვეშა ნავისა და მცურავი ბაზის ეკიპაჟებიც. გამორიცხული არაა, რუსეთის ეს მნიშვნელოვანი საზღვაო ატომური ბაზა მთლიანად კარანტინში აღმოჩნდეს. რუსული ატომური წყალქვეშა ნავის 'ორიოლის' ეკიპაჟი კორონავირუსმა კარანტინში გამოკეტა

რუსებისგან განსხვავებით ამერიკელი სამხედროები ბევრად უფრო ღია არიან მასმედიისთვის, მაგრამ პენტაგონიც უკვე ცდილობს ნაკლები კომენტარები გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მის უზარმაზარ ატომურ ავიამზიდზე "თეოდორ რუზველტზე" კორონავირუსი მძვინვარებს.

"რუზველტის" კაპიტანმა პენტაგონს ეკიპაჟის სასწრაფოდ გადარჩენის თხოვნაც კი გაუგზავნა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ატომური ავიმზიდის გემბანზე ას ადამიანს ასცდა, არადა მთელი ეკიპაჟის რაოდენობა ოთხი ათასს აჭარბებს, რომელთა დაინფიცირების ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს, თუკი ისინი ავიმზიდზე დარჩებიან და არ მოხდა დაინფიცირებულების იზოლაცია ჯანმრთელებისგან.

სანამ "თეოდორ რუზველტის" ეკიპაჟის ბედი წყდება, ამერიკული მასმედია უკვე ავრცელებს ახალ ინფორმაციას მეორე ატომური ავიამზიდის "რონალდ რეიგანის" ბორტზეც კორონავირუსით დაინფიცირებული მეზღვაურების ჯგუფის აღმოჩენის შესახებ...

ნიდერლანდების დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავ "დოლფინზე", რომელიც ზღავაში სწავლებაზე იმყოფება, 58 კაციანი ეკიპაჟიდან რვას კორონავირუსი აღმოაჩნდა...

ასეთი ინფორმაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ფლოტების ხომალდების კორონავირუსით დაინფიცირებას შეეხება, ეტყობა მოიმატებს და ფლოტების მეთაურობებს აიძულებს, ყველა მცურავ საშუალებას პორტებში პირსებთან ღუზები ჩააშვებინოს, ეს კი მათ საბრძოლო შესაძლებლობებს ზღვებსა და ოკენეებში მინიმუმამდე დასწევს.

საბედნიეროდ, ასეთი დიდი პრობლემა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღებს ნაკლებად ემუქრებათ, რადგან მათი ეკიპაჟების რიცხოვნობა ორ ათეულამდეც არ აღწევს, თუმცა პრობლემა მაინც რჩება ყაზარმებსა, სასადილოებსა თუ პლაცებზე, სამხედრო მომსახურების მასობრივი მოწყობის ადგილებზე კორონავირუსის გადადების სახით.

იმედია, ქართული არმიის სხვადასხვა დონის სამხედრო მეთაურები ყველა უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ, რათა დიდი ქვეყნების მრავალრიცხვოვანი არმიების "სისუსტე" კორონავირუსთან ბრძოლაში, ჩვენც არ "გადმოგვედოს".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს