ნავთობმა საბჭოთა იმპერია შეიწირა, იგივე ელის რუსეთის ფედერაციას? - კვირის პალიტრა

ნავთობმა საბჭოთა იმპერია შეიწირა, იგივე ელის რუსეთის ფედერაციას?

12 აპრილს ისტორიული შეთანხმება შედგა ნავთობისმომპოვებელ ქვეყნებს შორის, რომლებიც OPEC+ ჯგუფში შედიან და ბოლო ათწლეულების განმავლობაში აწესებენ ფასებს ნედლ ნავთობზე.

კორონავირუსის პანდემიამ კატასტროფულად ჩამოშალა ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში, რადგან ნავთობზე მოთხოვნილება მომენტალურად შემცირდა, პირველ რიგში კი ჩინეთში დიდი საწარმოების დროებით გაჩერებისა და ავტოტრანსპორტით ასეულობით მილიონი ადამიანის გადაადგილების აკრძალვის გამო.

ჩინეთს ამ მიმართულებით მალე დანარჩენი მსოფლიოც "ამოუდგა" მხარში და ნავთობმომპოვებელმა საწარმოებმა აღარ იციან სად შეინახონ ასეულობით მილიონი ბარელი ნავთობი (ერთი, ნავთობის ბარელი 159 ლიტრას უტოლდება).

Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება 13 აპრილს 31 დოლარამდე იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს მიღწეული იქნა შეთანხმება OPEC+ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის, ნავთობის დღე-ღამის მოპოვობის მაჩვენებლის 9,7 მლნ ბარელით შემცირების შესახებ.

ნავთობის ფასი უახლოეს მომავალში, თუკი მსოფლიოს გიგანტური საწარმოები კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი სიმძლავრით არ იმუშავებენ, ალბათ დიდად არ გაიზრდება, თუ არ შემცირდა კიდევ.

ეს კი პირველ რიგში იმ ქვეყნების ეკონომიკას ურტყამს, რომელთა სახელმწიფო ბიუჯეტების შევსების ძირითადი წყარო სწორედ ნედლი ნავთობის მოპოვება და გაყიდვაა.

ასეთ ქვეყნებში კი, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების გარდა, რუსეთის ფედერაციაც შედის, რომლის სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ ნავთობის მსოფლიო ფასი ას დოლარზე მაღლაც კი იყო ავარდნილი.

თავის დროზე, 1970-იან წლებში ასევე მოხდა ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად გაზრდა, რომლითაც მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა ძალიან იხეირა, თუმცა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო ნავთობის ფასის სერიოზული კლება, რაც სხვა მიზეზებთან ერთად საბჭოთა ეკონომიკის კრახისა და შესაბამისად საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი როლანდ რეიგანი (მისი პრეზიდენტობის ორი ვადა 1981-1989 წლებს მოიცავდა) კარგად ხვდებოდა, რომ ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გარეშეც შეიძლებოდა საბჭოთა, ერთი შეხედვით უძლეველი სისტემის ჩამოშლა, თუკი კრემლი უსერიოზულესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგებოდა...

და თეთრმა სახლმა ამას მიაღწია - ავღანეთის ომის ჭაობში ჩაფლული საბჭოთა კავშირის ხელმძღანელობა გამალებული შეირაღების შეჯიბრში ჩაითრია და ამასთანავე, ყველფერი გააკეთა ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი დაცემისთვის, რაც საერთო ჯამში საბჭოთა იმპერიისთვის სასიკვდილო განაჩენად იქცა.

შეუძლია თუ არა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს მე-40 პრეზიდენტის, ამ გლობალური თამაშის გამეორება და ნავთობის ფასის დაცემით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ეკონომიკის კოლაფსამდე მიყვანა?

ძნელი სათქმელია, რადგან ტრამპი რეიგანამდე ვერ "ქაჩავს" და არც "მოჩიფჩიფე" ბრეჟნევს წააგავს ძიუდოისტი პუტინი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკას ურთულესი პროცესები დაეწყო და ის კრიტიკულამდე მივა, თუკი მსოფლიო ბაზარზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობის (რომელიც ხარისხით მნიშვნელოვნად ჩაუვარდება Brent-ის მარკისას და შესაბამისად, უფრო იაფი ღირს) ერთი ბარელის ღირებულება 15 დოლარამდე მაინც დაეცემა და მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფასზე ნაკლები გახდება.

ურთულესი ეკონომიკური პრობლემები წარმოშობს სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობას რუსეთის ფედერაციის შიგნით, რომლის დროსაც კრემლს ნაკლები დრო და სახსრები დარჩება უკრაინაში "ფარული " ომის წარმოების გასაგრძელებლად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული რეჟიმების შესანარჩუნებლად, რაც უკრაინელებისა და ქართველებისთვის, თავისი ქვეყნების ტერიტორიული მთლინობის აღდგენის კარგ შანსს გააჩენს...

თუმცა ეს რთული პროცესები მეზობელ რუსეთში, ასევე გაზრდის ახალი "ლეკიანობის" დაწყების დიდ საფრთხეს, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს.

P.S. ნავთობის ფასის დაცემის პერიოდში, ჩვენაირი ქვეყნები, რომლებიც თავად არ მოიპოვებენ ნედლ ნავთს,უნდა ყიდულობდნენ გაიფებულ "შავ ოქროს" და მის სტრატეგიულ მარაგს ქმნიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ამისთვის დიდი რაოდენობის ნავთობტერმინალების ქონაა აუცილებელი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს